ლუკა სამაშველო კატარღებთან გავიცანით. ჩვენი გემბანის თავზე ჩამოკიდებულ ნარინჯისფრად მოელვარე, დაგმანულსარკმლიან ნავებთან, რომლებიც რაღაცით დირიჟაბლებს მოგაგონებდა. ერთ-ერთის სარქველს საღამო ხნისკენ გაძლიერებული ზღვაური დრო და დრო მთელი მონდომებით, ხმაურიანად ახათქუნებდა.  ნაოსნობისა ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ მაინც შევეცადე, ლუკასთვის მეჩვენებინა, ასეთ ნავებს  სად ჰქონდათ ძრავა, სად ხრახნი, და სად იყო მითითებული, თუ რამდენ კაცს იტევდა. როგორც აღმოჩნდა – 42-ს. „მოკლედ, ვისაც გადარჩენა უნდა, ამ ნავში უნდა ისკუპოს“, – ვუთხარი ბიჭს ბოლოს, თუმცა, მგონი, მთლად დამაჯერებელი ნათქვამი ვერ გამომივიდა. ნავის სიგრძე მაქსიმუმ ცხრა მეტრი იქნებოდა. ლუკა ტრაპზე ავიდა და ბორტიდან იქით გადაიხედა, საითაც საგანგებო ვითარების დროს ნავებს ზღვაში უშვებენ ხოლმე. რვა სართულით დაბლა, ტალღებში, რამდენჯერმე გაიელვა რაღაც ნაცრისფერმა, ალბათ, დელფინი იყო. „აქ ზვიგენები არიან?“ – მკითხა ლუკამ და პასუხს არ დაელოდა, ისე განაგრძო: „მეგალოდონი. მეგალოდონი მსოფლიოში ყველაზე დიდი ზვიგენია. აი, მეგალოდონი რომ გვყავდეს…“

„მეგალოდონი რაღად გვინდა?“

ლუკა წამით დაფიქრდა. „დაგვიცავდა. იცი, რამხელაა? მის მუცელში ორმოცი კაცი ეტევა“.

„ასეა, ზღვაში ყველაფერი დიდია“, ვეუბნები მე, „ზღვასთან შედარებით ჩვენ ძალიან პატარები ვართ“.

„მართალია. პატარები ვართ, – მეთანხმება ლუკა, – და მასთან შედარებით რუსეთიც არ არის ისეთი დიდი და ძლიერი, არა?“.

ჩვენ სატვირთო ბორნით შავ ზღვაში მივცურავთ, რომელსაც ბულგარული ბურგაზიდან გეზი ქართული ბათუმისკენ აქვს აღებული. სამი დღეა უკვე, რაც შეუჩერებლად მიდის. ბორანს „დრუჟბა“ ჰქვია, რა მიხვედრა უნდა, რომ ეს სახელი საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, თუმცა თავად ბორანი 2002 წელს არის აგებული. მგზავრების უმეტესობა ტრაილერის მძღოლია. მათი სატვირთოები ქვედა გემბანებზეა ჩამწკრივებული, რომელთა შორისაც ერთგან შვეიცარიელი ურსის ველოსიპედია ჩაკვეხებული (ურსი ამ ველოსიპედით იაპონიაში ჩასვლას აპირებს) და ერთგან კიდევ – ლუკას მშობლების გვარიანად შელახული, უკრაინულნომრებიანი მსუბუქი ავტომანქანა.

ლუკას დედა უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა – იქაური სომხურ-ქართულ-რუსული ოჯახიდანაა, მამა რუსულენოვანი უკრაინელია ოდესიდან. ისინი ერთმანეთს კარიბის ზღვის აუზში კრუიზით მოსიარულე გემზე მუშაობისას შეხვდნენ. ლუკა კალიფორნიაში გაჩნდა. ბიჭის დაბადების შემდეგ ოჯახი ერთხანს ფლორიდაში ცხოვრობდა. ამ სიტყვას ცოლ-ქმარიც და ლუკაც ამერიკულად, მახვილის „ო“-ზე დასმით წარმოთქვამენ. ლუკას რომ ველაპარაკებოდი, დევიდ ფოსტერ უოლესის ერთი ესე გამახსენდა კრუიზზე, რომელშიც ის გამუდმებით ზვინგენებზე ჰყვება სუფრასთან მჯდარი და თანამეინახეებს ზაფრავს. უოლესისთვის ზვიგენები, რომლებიც მათ ხუთვარსკვლავიან მცურავ სასტუმროს გამუდმებით გარს დასტრიალებდნენ, ცნობიერების ზღვარზე არსებულ საფრთხეს წარმოადგენდნენ. ჩვენი მოკრძალებული ხომალდის გარშემო კი ზვიგენები მხოლოდ ღამღამობით, რუსული ხომალდის გამოჩენის ან ნაღმის აფეთქების მოლოდინში დაცურავენ. ომის დროს „დრუჟბას“ რეისები რამდენჯერმე გაუქმდა, ამიტომ მის გემბანზე ჩვენი ყოფნა ჯერ კიდევ სასწაული მგონია.

აქ სხვა სასწაულებსაც ხვდები: დელფინები ხან პროფილში, ხანაც ანფასში, ჯგუფ-ჯგუფად ხტებიან წყლიდან და ამ დროს, მათ გაშლილ ფარფლებთან ერთად, მათი წყვილ-წყვილი, ცნობისმოყვარე თვალების დანახვაც შეგიძლია.

ჰორიზონტი მთელ სამას სამოც გრადუსზეა გადაშლილი, მის თავზე კი ფუმფულა ღრუბლები კიდია. ღამით ტალღებისა და ვარსკვლავების ყურებით ტკბები. სადღაც, გემბანზე, სატვირთო მანქანებს შორის, ერთი მოცუცქნული ხმელეთის ფრინველია დაბუდებული, რომელიც მაინცდამაინც ძლიერი ქარის დროს მიფრინავს ხოლმე ზღვაზე, მაგრამ, საბედნიეროდ, ყოველთვის უვნებელი ბრუნდება უკან.

სასადილო ოთახში ცნობილი პლაკატი – „არა!“ კიდია, რომელზეც პიჯაკ-ჰალსტუხიანი საბჭოთა ახალგაზრდა შეთავაზებულ არაყზე კატეგორიულ უარს ამბობს. აქ მის მაგალითს არავინ ბაძავს. ვახშმი რომ მთავრდება, მრავალენოვანი რუზრუზი საგრძნობლად მატულობს და რაღაცნაირად, უფრო გასაგები ხდება. რუსული მაინც ყველა ენაზე მეტად ისმის. ამიტომ  ლუკას მშობლებს, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ  სომხების ჯგუფს, რომელთაც წინასწარ ჰქონიათ დათქმული, რომ ბორანზე შეხვედროდნენ ერთმანეთს და ქართველ ტრაილერის მძღოლებს მეც რუსულად გამოველაპარაკე; ურსს, ველოსიპედისტს, ინგლისურად – რადგან თავიდან არ ვიცოდი, რომ ციურიხიდან იყო; IT სპეციალისტების ოჯახს კი, ცენტრალური გერმანიიდან, რომელთაც დეკრეტული შვებულება აეღოთ და პატარა კატრინთან ერთად ერთი წელი ემოგზაურათ ბალკანეთში – გერმანულად. მრავალფეროვანი კომუნიკაცია აშკარად ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას! დილის ათი საათია, ვსაუზმობ და ამ დროს მოულოდნელად ვიღაცა მხარზე ხელს მადებს. გერმანელი IT სპეციალისტია, არყის ჭიქას მაჩეჩებს და მეუბნება, გვერდით მდგარი მაგიდიდან ქართველებმა გამოგიგზავნესო. ჩვენ მათ არ ვიცნობთ, მაგრამ იქიდან რომელიღაცას დაბადების დღე ჰქონია და უნდა მივულოცოთ. თუ გინდა თარჯიმნობას გაგიწევ-მეთქი, შევთავაზე გერმანელს, მაგრამ უარი მითხრა და სასადილოდან მაშინვე გავიდა. თუმცა საღამო ხანს, როცა მას კიდევ ერთხელ გადავეყარე, ერთ ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა, მეორეში კი ჭაჭით სავსე ჭიქა. თანაც, ყველაზე საშინელი, სიგარეტის კვამლით გაბუღული კაიუტიდან გამოდიოდა, რომელშიც ტრაილერის ნასვამი მძღოლები დღე და ღამე ნარდს ურახუნებდნენ.

 

საერთო სალონში  სატვირთო მანქანის შედარებით ასაკოვანი მძღოლები ტელევიზორს უყურებენ და დროდადრო ძუნწად წამოისვრიან ხოლმე ქართულ-ბულგარულ ფრაზებს. ეკრანზე ერთი ლამაზმანი ყინულივით ცივი მზერით დანარნრებს და ამბობს: „ტიმოფეი, ბოლომდე თუ არ მენდე, იცოდე, მე და შენ არაფერი გამოგვივა“. რუსულ ფილმს მაყურებელი არ აკლია, აი, ბულგარულ სატელევიზიო შოუს კი, რომელშიც ჭარმაგი მამაკაცები მორის გადახერხვასა და რკინის გისოსების მოღუნვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ჩემ გარდა მხოლოდ ორი ბულგარელი უყურებს.

რუსული აქ საერთო ენაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მშობლიური. მშობლიური ის მხოლოდ პავლიკისთვის არის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხვდები, ეს მისთვის პლუსია თუ მინუსი. პავლიკი ისეთი ზორბაა, გემის ვიწრო დერეფნებში გავლა უჭირს. მახვილი ენა აქვს და ბუნდოვანი პოლიტიკური შეხედულებები. ბულგარეთში კი ცხოვრობს, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსულ ტელევიზიაზე ხელი მიუწვდება. თანამგზავრები პავლიკს უამრავ კითხვას აყრიან, განსაკუთრებით ტრაილერის ორი მძღოლი – იმიერკარპატელი იურა და ასაკოვანი ქართველი, რომელსაც ყველა ნიკოლაი მიხაილოვიჩს ეძახის.

„და მერე რა?“ – ამბობს აღშფოთებული პავლიკი, – „ერთი ხახოლი შემომისახლეს კაიუტაში, მე ვესალამები, ის კი მაშინვე იერიშზე გადმოდის: ვინა ხარ? ვისკენ ხარ? რას ფიქრობ?“ მძღოლები ისე ახლო-ახლო სხედან, რაგბისტებივით ლამის შუბლები მიადონ ერთმანეთს. კარგა ხანს ლაპარაკობენ დაბალ ხმაზე და არყის გარეშე. ჩემამდე ისევ აღწევს მათი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზები: „აბა, რას ამბობ, ოქროს ბიჭია… პასუხისმგებელი ვარ-მეთქი, გეუბნები. კარგად ვიცნობ.“ „მიდი და შენი თვალით ნახე, ყველა ჩვენს მანქანაზე „Слава Україні!“ აწერია.“

 

 

 

1 2