მე კი ამასობაში გემბანზე სეირნობასაც ვასწრებ და წყლის მადუღარასთან მისვლასაც. ნახევარი საათის შემდეგ უკან რომ ვბრუნდები, მძღოლები დაშოშმინებულები მხვდებიან და ყველასთვის მისაღებ თემებზე – ოჯახურ ღირებულებებსა და მართლმადიდებლობაზე ლაპარაკობენ. „ერთი ნაცნობი მღვდელი მყავს“, – უკვე დაწყნარებული ლაპარაკობს პავლიკი. – „ამას წინათ ეკლესიაში ჭაღი ჩამოვუკიდე…“, – „მართლმადიდებლები ერთმანეთს არ უნდა ერჩოდეთ“ – სიტყვას ურთავს ქართველი ნიკოლაი მიხაილოვიჩი. როგორც ჩანს, პავლიკიც ამ აზრზეა.
ვახშამზე ლუკას დედას, ალიონას, გამოველაპარაკე. ნახევრად ქართველი და ნახევრად სომეხი დედა მყავს და რუსი მამაო. თვითონ ალიონა პოლტავაში დაბადებულა და სტუდენტობა ოდესაში გაუტარებია, ლუკა კი ამერიკაში და ოდესაში იზრდებოდა და მას ინგლისურად და რუსულად ელაპარაკებოდნენ. ახლა ისინი ოდესიდან საქართველოში მიდიან ნათესავებთან.
„მოლდოვამ გამაგიჟა, – მეუბნება ალიონა, – ოდესელები იქ თავიანთი დიდ-დიდი „ტოიოტებით“ ჩადიან და ეს დანჯღრეულ „ჟიგულებში“ მჯდარი მოლდოველები კიდევ, ეკითხებიან, აბა, რით გაგიმართოთ ხელიო. ჩვენთან, ოდესაში, ლტოლვილები რომ ჩამოსულიყვნენ, არა მგონია, ასე უანგაროდ დავხმარებოდით…“ თუმცა მალევე ვიგებ, რომ ახლა მის სახლშიც და აგარაკზეც უფასოდ ცხოვრობენ ნიკოლაეველი ლტოლვილები.
ნათესავები რუსეთშიც ჰყოლიათ. „წარმოიდგინე, დეიდაჩემი მირეკავს და მეუბნება, ჩვენთან ჩამოდითო. მე ვეუბნები, რას ამბობ, დეიდა, აქედან სწორედ თქვენიანებს გავურბივართ-მეთქი. მერე ბიძაჩემი ენაცვლება: კარგი, ჰო, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს ნაცები ვინმემ ხომ უნდა შეაჩეროსო. ვინ ნაცისტები? რა შეჩერებაზე ლაპარკობ, მე იქ ნაცისტები თვალით არ მინახავს-მეთქი… ახლა ისევ დეიდაჩემი ჩამძახის ყურმილში: აი, ავიღებთ ოდესას და მაშინვე სტუმრად ჩამოვალ შენთანო. მე კიდევ ვპასუხობ, თუ თქვენ ოდესას აიღებთ, მე იქ აღარ დაგხვდები-მეთქი!“
დრო და დრო ყველანი გემბანზე გადიან მოსაწევად. იქ უკვე ბნელა, მაგრამ შუქს ჯერ არ ანთებენ. სომხური ჯგუფი ტელეფონებით ცდილობს თანავარსკვლავედების განსაზღვრას. სახეებზე ეტყობათ, ამის გაკეთება სახუმარო საქმე რომ არ არის. ლუკა ჩემთან მოდის, ჰორიზონტზე მოკიაფე ერთი ვარსკვლავისკენ თითს იშვერს და მეუბნება: „ეგ ვარსკვლავი არ არის, დრონია“.
„დრონი როგორ იქნება, ჩვენ ხომ ღია სივრცეში ვართ, ზღვაში…“
„დრონია!“, იმეორებს ლუკა.
„გინახავს დრონი?“
„მინახავს! ერთხელ მე და მიშა ეზოში ვსეირნობდით და პირდაპირ თავზე გადაგვიფრინა.“
„მერე არ გაიქეცით?“
„არა, ჩვეულებრივად გავაგრძელეთ გზა. რა, ხომ არ მოგვკლავდნენ?“
შიგნით, სასადილო დარბაზში, ვახშამი ქეიფში გადაიზარდა. საინფორმაციო დახლთან, რომელიც ბარის ფუნქციასაც ითავსებდა, მგზავრები შეჯგუფულან. „დიახ, ფოთში მივდივარ, პირდაპირ ფოთში. ჰო, ფოთი ჭაობზეა გაშენებული. არა, სოხუმში და აფხაზეთში საერთოდ არა. არასოდეს.“ „ტვირთი ტვირთია, რაში გაინტერესებს?“ „ღვინო. კი. უკანა გზაზე ყოველთვის ღვინო მიმაქვს. დიუსელდორფში, ჰანოვერში. გასინჯვით არ გამისინჯავს, დალუქულია ხოლმე. აგე, პლასტმასის ბოთლში მაქვს შინაური ღვინო“. „სად გაჩერდი? საბაჟო…“ „რა ვიცი, არ შეიძლებოდა, ისე ყოფილიყო, როგორც ევროპაშია? – რვა საათი იმუშავე და უნდა შეისვენო…“ „ჩერნოვციში უღელტეხილი დაკეტილია.“ გვერდით, ქართულ ხმებში, ხანდახან პავლიკის როხროხი გამოერევა ხოლმე: „ეს ჩემი… მეგობარია! ჩემი ძმაა-მეთქი!“. ეტყობა, გაჭრა დამუნათებამ.
მეორე დღეს გემბანზე ლუკას რომ ვხვდები, ვეკითხები, სადაური ხარ-მეთქი. ლუკა მონდომებით იწყებს ჩამოთვლას: „ორმოცდაათი პროცენტი… უკრაინელი, ორმოცი პროცენტი… ამერიკელი, შვიდი პროცენტი… სომეხი, ხუთი პროცენტი… ქართველი“. უკვე ასს გადაცდა, მაგრამ არ ვაწყვეტინებ. „სამი პროცენტი… რუსეთი. ერთი პროცენტიც… კავშირი“. ვეღარ ვასწრებ, რომ ვკითხო, კავშირში რას გულისხმობს. მშობლები თურმე დილიდან დაეძებდნენ და იპოვეს თუ არა, მაშინვე კაიუტაში უკრეს თავი ნივთების ჩასალაგებლად. მხოლოდ იმის გარკვევას ვახერხებ, რომ ლუკა 2012 წელსაა დაბადებული.
ბათუმში ჩასვლის წინა საღამო მშვიდად იწურება. ჩვენი ველოსიპედისტი, ურსი, სომხებს ჩაუძმაკაცდა, ვინ იცის, იქნებ ბათუმიდან მათთან ერთად ერევანშიც ამოყოს თავი! იაპონიაში ველოსიპედით ჩასასვლელად ერთი წელი აქვს. ნეტავ ეყოფა ეს დრო?
გერმანელი IT სპეციალისტი ახოვან პავლიკთან ერთად ლუდს წრუპავს. ღმერთმა უწყის, ერთმანეთს რა ენაზე ელაპარაკებიან! ლუკას მამა მგზავრებზე არანაკლებ ინტერნაციონალური ეკიპაჟის წევრებს მათ პროფესიაზე ესაუბრება. იმიერკარპატელ იურას, მგონი, ჯერ კიდევ სძინავს. ქართველ ნიკოლაი მიხაილოვიჩს გარშემო შოფრები შემოუკრებია და ქართულად რაღაცას უხსნის. გუშინდელი მოქეიფეები აქეთ-იქით გაფანტულან, სანაპირო ახლოსაა, თურქული სატელეფონო ქსელი ჩაირთო და ყველას თავის ტელეფონში აქვს ცხვირი ჩარგული. კიდევ ერთხელ მოვავლე აქაურობას თვალი. ერთ მხარეს, შორს, შუქებით აციმციმებული სანაპირო ილანდება, მეორე მხარეს – ჰორიზონტთან განათებული ზღვა. „დრუჟბა“ სვლას ანელებს, დროზე ადრე რომ არ შევიდეს ნავსადგურში. ან სად ეჩქარება, მან უკვე გაიმარჯვა.
2022 წლის სექტემბერი
რუსულიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

1 2