პეიზაჟის ხატვას ზოგიერთ ლექსში ხალხურ კილოზე გაწყობილი სატრფიალო მოტივიც ერთვის. ასეთ ლექსებში პოეტი თითქოს ბეწვის ხიდზე გასვლას ახერხებს და ინარჩუნებს თვითმყოფადობას:

ამღის თავს ღრუბელი შეყრილა,
ამღაში ამაღამ იწვიმებს,
ხატის ტყე არ უნდა გაგვევლო,
დიაცის დანახვა იწყინეს…

დაღამდა.  არხოტის გადაღმას
ელვა და ქუხილი ეწვია,
ავთვალმა წამართვა ის გოგო,
თივაში მკლავზე რომ მეწვინა…

განსახილველი წიგნის თემატური მრავალმხრივობა არცთუ თვალშისაცემია.  ეს კი ნამდვილად იშვიათი ღირსებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თამაზ ხარაიშვილის ლექსების  კრებულში თემატური სხვაობა არ არის იოლად შესამჩნევი, რადგან ერთი ლექსწერა, ერთი სტილი კრავს ამ ნაწარმოებებს. ყოველთვის თვალნათლივ ჩანს, რომ ეს წიგნი ერთი კაცის დაწერილია. ეს კაცი სხვადასხვაგვარ განწყობაზეა და სხვადასხვა თემაზე საუბრობს, მაგრამ ყოველი მისი განწყობა მისივე მთლიანი პიროვნების სხვადასხვა ნიშანს გამოხატავს.
თამაზის ლექსებში ხშირია მარადისობაზე ფიქრი. ადამიანს სურს საკუთარ თავში, საკუთარ არსებობაში რაღაც ურღვევი და მუდმივი მოიძიოს. ამის გარეშე მისი ცხოვრება აზრს კარგავს.  ამგვარი ძიების დრამატული მომენტია მონიშნული არაერთ ლექსში:

ჩემი მიზანი იყო სიცოცხლე,
ახლა სიკვდილი როგორ გავბედო,
შენ რომ დარდი გაქვს, მეც ის მაწუხებს,
ცას შერჩენილო ღრუბლის ნაფლეთო…

დღეს ჩემი ბედი ბეწვზე ჰკიდია,
ძალი არ შემწევს, თავი მოვთოკო,
შენ რომ დარდი გაქვს, მეც ის მაწუხებს,
ტოტს შერჩენილო ხმელო ფოთოლო.

თამაზ ხარაიშვილი წლების განმავლობაში წერდა თავის წიგნს. ის არ ჩქარობდა. ეს შეყოვნება თუ ნელი რიტმი მისი შემოქმედებითი მრწამსის განუყოფელი ნაწილი იყო. ეს აუჩქარებლობა მისი სულის წრთობას ემსახურებოდა და, უკვე ჭარმაგმა პოეტმა როცა გამოსცა ლექსები, აშკარა გახდა, რომ ხანგრძლივი დროის ცვალებადობა, დროის დინება იყო მის ლექსებში და ლექსთა შორის შუალედებში აღბეჭდილი. დრო თითქოს თეატრალურ სცენასავით ტრიალებდა და ავტორის ფიგურას, მის სულიერ სახეს სხვადასხვა რაკურსით წარმოგვიდგენდა. ერთ ლექსში თამაზი ამბობს:  „ყველა ხვაშიადს ნუ გაამხელ, სულო ცოდვილო,/  რაღაცა დარჩეს დავიწყებით უარყოფილი.“  ეს დაახლოებით ისეთი ნათქვამია, როგორიცაა ნიკოლოზ ბარათაშვილის: „მაშა, დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად“. თამაზს თითქოს ბოლომდე არ უთქვამს ყოველივე და ამ უთქმელობამაც თავისებური ქარიზმა შესძინა მის წიგნს, რომელსაც ჰქვია  „თმენის საზღვარი“.

1 2 3