თამაზ ხარაიშვილი. „თმენის საზღვარი“
გამომც. „ინტელექტი“ თბ. 2017

 

 

თამაზ  ხარაიშვილმა თავისი ლექსების  პირველი  წიგნი ახლახან გამოსცა. ეს მისი შემოქმედებითი ცხოვრების შემაჯამებელი კრებულია. მკითხველი შეიძლება ამ სიტყვებს არ ერწმუნოს, ვიდრე ლექსებს არ წაიკითხავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წიგნი არ არის დიდტანიანი. მისი ფიზიკური განზომილება არ ემთხვევა მისსავე შინაგან პერსპექტივას. კრებული საკმაოდ ფართო სივრცეს შემოწერს.  ეს მხოლოდ დროითი ნიშანი,  წლები არ არის, ეს სულიერი პერსპექტივაა. სულიერ პერსპექტივაში მრავალი რამ იგულისხმება. აქ არის ქვეყნის წარსულის შეგრძნებაც, მისი დღევანდელობის წვდომის სიღრმე, მთავარზე და არსებითზე საუბარი, წუთისოფლის წარმავალობა, ამაოება და მისთანანი.


თამაზ ხარაიშვილის სათქმელის გამოხატვის ფორმა სადაა და გამჭვირვალე. მან კლასიკური კონვენციური ლექსი კი არ მოარგო, არამედ ორგანულად, სისხლხორცეულად განუზავა თავის სათქმელს.  თავიდანვე ასე დაიწყო. თამაზ ხარაიშვილი პირველ აკორდებს იღებდა და მან თავისი თავდაპირველი იმპროვიზაციები კლასიკური ლექსის ინტონაციას შეუწყო.  არსებობს ტრადიცია და არსებობს მისი ათვისების ხარისხი, რაგვარობა, მასთან დამოკიდებულების რაკურსი. ამ დამოკიდებულების რაკურსს პიროვნული ორიგინალობა განაპირობებს. თამაზი უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლისას ლექსთმცოდნეობაში მუშაობდა, ალბათ ამანაც შეუწყო ხელი პოეტის ცნობიერ მიმართებას ლექსისადმი.
თამაზ ხარაიშვილის ლექსების ინტონაციური მრავალფეროვნება განწყობათა ცვალებადობით არის ნაკარნახევი. მას აქვს შედარებით მსუბუქი განწყობის ლექსები, რომლებიც ხალასი ფიქრით და გამჭვირვალე ნაღველით აღიბეჭდება მეხსიერებაში,  მაგრამ ამ სიმსუბუქეს ენაცვლება განწყობის სიღრმე და,  მასთან თანხმობაში, ამ სიღრმით გამოწვეული სიმძიმე. ამ განწყობათა მონაცვლეობა ქმნის მისი წიგნის ლირიკულ სისრულეს და სისავსეს.
კრებულის ეს თავისებურება პირველსავე ლექსში გამოსჭვივის. ავტორი ძალდაუტანებლად აძლევს გეზს იმ მელოდიურ დინებას, რომელიც ჟღერადი ლირიზმით იკვალავს გზას სიცარიელეში:

იმ ძველ სახლში ძველებური სიჩუმეა,
იმ ძველ სახლში სურნელია ფიცრის,
ბუხრის პირას მინავლებულ ნაღვერდალთან
სევდიანი მოგონება იცდის.

 

ქალაქიდან დაბრუნებული შეაღებ სოფლის მიტოვებული სახლის კარს და შედიხარ მტვრიან ოთახში, სადაც დიდიხანია ფეხი არავის შეუდგამს. აქ ბავშვობა და სიყმაწვილე გაქვს გატარებული და კარის  შეღებისთანავე გახსენდება, რომ ყოველივე დროის მუხთალმა სრბოლამ წაიღო. ეს წამიერი შეგრძნება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შეიძლება ათასჯერ დაგეუფლოს, მაგრამ ზოგიერთი წამი ისეთ სიმძაფრეს იძენს, ხელშესახებ, გრძნობად რეალობად, ლექსად გადაიქცევა:

მტვერი ადევს შანდალსა და წიგნებს,
მტვერი ადევს აბრეშუმს და ხავერდს,
სიმყუდროვეს  უჩინარი ყბებით
აბეზარი ჭრიჭინები ხრავენ…

იქნებ ვინმემ ისიც იფიქროს, დღევანდელ მშფოთვარე ყოფიერებას ასეთი სიმყუდროვის აღმძვრელი განწყობა ნაკლებად შეშვენისო, მაგრამ არა! აქ სწორედ ის ჟამია მონიშნული, როცა მღელვარე სამყაროს მიღმა გარიყული ოაზისი ყველასგან გადავიწყებულ სამყაროს ინახავს. აქ სწორედ ეს კონტრასტია მნიშვნელოვანი,  კონტრასტი ძველ იდილიასა და თანამედროვე აღვირახსნილ რეალობას შორის. სხვაგვარადაც შეიძლება გამოითქვას ეს სათქმელი: მიტოვებული სახლი თანადროული ურბანიზმის ფონზე! რამდენი ასეთი სახლია ჩვენში! ზოგი ადამიანი მართლაც მივიწყებულ, მყუდრო სახლში ბრუნდება ქალაქიდან სოფლად და ეს დაბრუნება სევდით არის შეფერილი. მაგრამ არსებობს ასევე დღევანდელი დღისთვის ნიშანდობლივი უფრო მტკივნეული და ტრაგიკული დაბრუნებაც. ეს არის სამშობლოს გარეთ გასული უძღები შვილების დაბრუნება მამაპაპეულ კერაზე! დღევანდელი შეშლილი სამყაროს ლაბირინთებში მოხეტიალე კაცის დაბრუნებას არ შეიძლება ჩვეულებრივი დაბრუნება ეწოდოს. ბრუნდება ის, ვინც საკუთარი  თავიც შეიცნო და ცხოვრების არსიც. ბრუნდება არა ხელცარიელი, არამედ გამოცდილების მქონე და ეს გამოცდილება უკვე მთელი მისი ცხოვრების ტოლფასია.

1 2 3