ჟანგიან ურდულს გადავწევ ფრთხილად,
ზღურბლზე ნაბიჯი გამეყინება,
მრავალი წელი ვათრიე მხრებით
შეჩვენებულის წყევლა-გინება.
——————————————————
აჰა, დავბრუნდი, არვინ მელოდა
არვინ მითევდა ღამეს ჭიშკართან,
ჩემი სახება, როგორც მზის სხივი
არვის ხსოვნაში ამოცისკარდა.

ეს არა მარტო ძველ ღირებულებებთან, ძველ სამყაროში დაბრუნება, არამედ ფაქტობრივად, ზნეობრივი თვალსაზრისით ახლადშობა გახლავთ. ვინც თუნდაც სულიერად არ გაივლის ამ გზას, ის ვერ შეძლებს პიროვნულ სახეცვლილებას.
მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსიც ახლადშობილი კაცის დაწერილია. ზნეობრივი გამოცდილება ხედვის ახალ პერსპექტივას ხსნის. ასეთ დროს შეუძლებელია უკვე ხსოვნაში გადასული მამის სახე არ წარმოჩნდეს. ეს ლექსი კარგად გამოხატავს თამაზ ხარაიშვილის არა მარტო მსოფლმხედველობრივ, არამედ ზოგადად, მხატვრულ მრწამსს. წინა პლანზეა წამოწეული პოეტური ფრაზის სიმწყობრე და კეთილხმოვანება, სინათლე და სისადავე, კლასიკური ლექსის ფლობა, მისი ორიგინალური, იმპროვიზაციული გადაწყობა და სათქმელთან მისადაგება:

სამშვიდობოს გაღწეული
ცხადლივ ვხედავ, რასაც ცდილობ,
მე ვერაფრით შემეწევი,
ცოდვილი ვარ და ვცოდვილობ.
ეს ჩვენება არ მცილდება,
სითბოს აფრქვევს, არ ცივდება,
ხელთ გიპყრია მთვარის შუქი,
ვინაც გიყვარს, ყველას ჩუქნი.

ბოლო ორ სტრიქონს მაჟორული ჟღერადობა შემოაქვს. თითქოს ლექსში სხვა სივრცე იხსნება, გამოჩნდება განათებულ ღამეში მდგომი მამა,  გაშვერილ ხელში მთვარის შუქი უპყრია და ირგვლივმყოფებს გულუხვად უნაწილებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთელი ლექსი ბოლო ორი ფრაზისთვის დაიწერა. დაბოლოება კრავს და აგვირგვინებს მთელ პოეტურ ტექსტს.
თამაზ ხარაიშვილს აქვს მიძღვნითი ხასიათის ლექსები, სადაც სიკვდილ-სიცოცხლის დილემა და მძაფრი დრამატიზმი იჩენს თავს. „ხილვა“  –  ასე ჰქვია ერთ თემატურ რკალში ჩაწერილ მედიტაციას. ლირიკული მედიტაცია საერთოდ უცხო არ არის პოეტისთვის, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, თემატურ რელიეფურობას იძენს იქ, სადაც მოულოდნელი სიკვდილის, არყოფნის სურათია აღწერილი. ასეთ დროს თითქოს სახოვანი აზროვნებაც უფრო მძაფრად წარმოჩნდება:

შენი სხეული თუ ფიტული აგდია გარეთ,
ამ წკვარამ ღამით არვინ იცის, ათოვს თუ აწვიმს,
ნუთუ არავის სტკივა ქვეყნად შენი არყოფნა,
ნუთუ არავინ დაისველა ცრემლებით ღაწვი?..

თამაზს იტაცებს საქართველოს ლანდშაფტის ხატვა. მისი პეიზაჟები გრაფიკულზე უფრო ფერწერულ ტილოებს მოგვაგონებს. ეს ტილოები ფერთა სიუხვით არ ნუსხავს თვალს, უფრო ერთი ტონალობით არის შეფერილი. ყოველ სურათს ერთი განწყობილება მსჭვალავს. ასეთი ლექსია  „კიტოხში“.

წვიმდა კიტოხში. ბანზე ვიწექი
და მაჟრჟოლებდა წვიმით გაჟღენთილს,
უსახურავო ბაკში ჭრელ ძროხებს
ერეკებოდნენ სველი ბავშვები…

ქოხში ხრჩოლავდა ტორფის ღუმელი
და მასპინძელი თვლემდა ბებერი,
სივრცეს კაწრავდა მაისის წვიმა
გრილი და ადრე მომდარებელი.

 

1 2 3