არსებობს ისეთი ძნელბედობის პერიოდები, როცა დიდი ნიჭის და ნათელი გონების ადამიანების არსებობაც კი ვერაფერს შველის ტრაგიკულ ეპოქას. ფაშიზმის მძვინვარების ჟამს მოაზროვნე მწერლები შინაგან ემიგრაციაში იყვნენ წასულები და იქ ქმნიდნენ მომავლის დოკუმენტებს. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი ჰერმან ჰესეს და თომას მანის წერილობითი დიალოგია, რომელმაც წლების შემდეგ ფასდაუდებელი მნიშვნელობა შეიძინა.
გამომცემლობა “ინტელექტმა“ გამოსცა საუკუნის ორი დიდი გერმანელი მწერლის – თომას მანის და ჰერმან ჰესეს მიმოწერა, რომელიც გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა. ეს მიმოწერა მრავალი ნიშნით არის საინტერესო; აქ ირეკლება მესამე რაიხის აღზევების, მეორე მსიფლიო ომის პერიპეტიების და საბოლოოდ ნაციზმის განადგურების ეპოქა. თომას მანი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, ჰერმან ჰესე შვეიცარიაშია გამოკეტილი. ასეთია მათი ხვედრი. გერმანიაში ორივე მწერალი აკრძალულია. ამ პერიოდში იქმნება თომას მანის „იოსები და მისი ძმები“ და „ დოქტორ ფაუსტუსი“, იქმნება აგრეთვე ჰესეს „თამაში რიოში მარგალიტებით“.
ამ მიმოწერაში, ჩემი აზრით, საინტერესოა ლიტერატურული კონტექსტი, საუბრები ლიტერატურაზე, თვალშისაცემია შტრიხები, რომლებიც მწერლების პორტრეტებს შემოწერენ. მიმოწერას წინ უძღვის ჰერმან ჰესეს რეცენზია თომას მანის რომანზე „ სამეფო უდიდებულესობა“. ამ რეცენზიაში ჰესე წერს: „ აქ ის ძალა გვაკლია, „ბუდენბროკებში“ რომ გვიტაცებდა, ალბათ ამიტომაც განვსჯით შედარებით მკაცრად, ცივი გონებით; თან გვიკვირს, ესოდენ დიდ შემოქმედს ასეთი ფატალური თვისებები რომ ახასიათებს. მთელი მისი თავდაჯერებულობის მიუხედავად, შეცდომებსაც უშვებს და აშკარა უგემოვნობასაც ავლენს. რა სასაცილოდ ჟღერს, თომას მანი და უგემოვნობა! და მაინც, ეს ასეა“.
უკვე საინტერესოა – ჰესე ლაპარაკობს თომას მანის უგემოვნობაზე. პირად მიმოწერაში მსგავსიც კი არაფერი შეინიშნება. იქ სრული თანხმობაა ორ მწერალს შორის. განვაგრძოთ ჰესეს რეცენზია: „თომას მანი არის მწერალი, მაგრამ ამავდროულად კიდევ უფრო დიდი ინტელექტუალია. ის ნიჭიერია, მაგრამ არ გააჩნია ბალზაკის ან თუნდაც დიკენსის გულუბრყვილობა“.
ჰესესადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში თომას მანი გერმანულ პერიოდიკაში ამოკითხულ ცნობას იხსენებს. იქ საუბარია იმის შესახებ, რაც ერთ-ერთ სხდომაზე თქმულა – ლექსის დაწერა ყველა ნამდვილ მწერალს უნდა შეეძლოსო. ვიღაცას წამოუძახია თომას მანის სახელი, აქაოდა, ისიც ვერ წერსო ლექსებს, სხვას კი უთქვამს, ვერ წერს, რადგან არ არისო ნამდვილი მწერალი. ამას თვითონ თომას მანი ატყობინებს ჰერმან ჰესეს. გაკვირვებას იწვევს ამხელა მწერლების გარემოცვაში ასეთი იაფფასიანი გამკენწლავი ფრაზების არსებობა. ნიშანდობლივია ერთი რამ: ხსენებულ წრეში თომას მანი უფრო ინტელექტუალად არის მიჩნეული, ვიდრე მწერლად. თვითონ ჰესეც კი აცხადებს, მას დიკენსისეული ან ბალზაკისეული ნაივობა აკლიაო, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, ამგვარ შთაბეჭდილებებს არაფერი აკავშირებს ჰესეს პირადი მიმოწერის იმ ფრაგმენტებთან, სადაც თომას მანის ფიგურა მორალურ საყრდენად არის წარმოდგენილი. აი, რას წერს ჰერმან ჰესე თომას მანს: „ შიგადაშიგ, როდესაც სიტუაცია მძიმდება, თავს დეპრესიულად ვგრძნობ, თქვენზე ვიწყებ ფიქრს და ყოველთვის კეთილად გიხსენებთ“.
საყოველთაოდ ცნობილია თომას მანის ემიგრაციაში წარმოთქმული სიტყვები: „სადაც მე ვარ, გერმანული კულტურაც იქ არისო“. ასეც იყო. ამიტომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რას მიაწერდნენ ამ კაცს და რას საუბრობდნენ მის შესახებ. ერთი რამ უეჭველია: ფაშიზმის აღზევების პერიოდში ის უკვე უაღრესად სერიოზულ ფიგურად მიიჩნეოდა, ამიტომაც მუდმივად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა. რაც შეეხება ჰერმან ჰესეს შენიშვნებს, ეს შენიშვნები ლიტერატურულ სფეროს არ გასცილებია, ჰესე გულწრფელი იყო და არავითარ ტენდენციურობას არ ამჟღავნებდა, რასაც ფიქრობდა, იმას ამბობდა. გარდა ამისა, თუ ერთ რეცენზიაში ჰესე გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამდა, სხვაგან, თომას მანის ესეების კრებულის წერილობით შეფასებაში განსხვავებულ შეხედულებებს უზიარებდა მკითხველს. აი, ვთქვათ, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნებული წერილის ფრაგმენტი: „ სიხარულით მივიღე თომას მანის ახალი ესეების კრებულის „ოსტატობის ვნებანი და სიდიდე“ გამოსვლის ამბავი. ყოველი განმეორებითი შეხვედრა ამ ენერგიულ მწერალთან გვაგრძნობინებს, რომ ის მხოლოდ უბრწყინვალესი შემოქმედი და ძალიან ჭკვიანი, გონებამახვილი ადამიანი კი არ არის, არამედ ერთგული, მყარი და გამძლე პიროვნებაა“.
ამის შემდეგ ჰესე საუბრობს მანის ბიურგერობაზე და ამბობს, რომ მანი იყო ბიურგერი ამ სიტყვის საუკეთესო და კეთილშობილური გაგებით, მაგრამ არ იყო მეშჩანი. ახალგაზრდა ენთუზიასტებისთვის ის თურმე ზედმეტად ჭკვიანი, ინტელექტუალური და ირონიული ადამიანი ყოფილა, მაგრამ ეს შეფასება სრულად ვერ გამოხატავს მის შესაძლებლობებს. ის უზომო შესაძლებლობების შემოქმედია. ყოველივე ამას ფიქრობს ჰესე, ამ განაზრების საბაბი კი, როგორც ვთქვით, თომას მანის ესეების კრებულია.
მიმოწერა მძიმე პოლიტიკური მოვლენების ფონზე მიმდინარეობს. ამიტომაც წერილებში – პირდაპირი თუ არაპირდაპირი მნიშვნელობით – ამ მოვლენების ანარეკლი ილანდება, მაგრამ ამ ვითარებაშიც კი შეუძლებელია მწერლებმა ლიტერატურაზე არ ისაუბრონ. ერთგან ჰესე თავისი ლექსების პატარა წიგნზე ესაუბრება თომას მანს და უგზავნის კიდეც ამ კრებულს. ჰესე წერს: „ ამ ფორმით მინდოდა თავიდანვე ჩემი ცნობილი ლექსების კრებულის გამოცემა, მაგრამ გამომცემელი არ დამეთანხმა, ცხვირი აიბზუა…“ საინტერესოა ეს ყოფითი დეტალი. საუკუნის მწერალს, ჰერმან ჰესეს გამომცემლობა უარს ეუბნება ავტორის მიერ შედგენილი რჩეული ლექსების გამოცემაზე. შემდეგ ვითარება იცვლება: „გამომცემლობიდან სულ ახალახალ მოთხოვნებს ვიღებდი, მე კი ისევ ჩემს პირვანდელ აზრზე ვიდექი. როგორც იქნა, ჩემმა მოთმინებამ ნაყოფი გამოიღო და გამომცემლობა დამთანხმდა“. წიგნი გამოიცა და ავტორმა იგი თომას მანს გაუგზავნა. მანი აფასებს პოეტურ კრებულს და წერს: „ ეს მელოდიურობის ნამდვილი საგანძურია! ნამდვილი ხელოვნებაა! მართლაც რომ სალბუნია ტანჯული სულისთვის!“ მშვენიერი შეფასებაა! თანაც ვინ აფასებს? თომას მანი! არადა, რომელიღაც რიგითი გამომცემელი ლექსების წიგნის გამოცემაზე უარს ამბობდა!
ჰერმან ჰესესადმი მიწერილი ერთი წერილი განსაკუთრებით მკაფიოდ ავლენს თომას მანის პიროვნულ იერს, მის მოუსვენარ და მაძიებელ ხასიათს და, თუ გნებავთ, მის სულით გაუტეხლობას. ამ წერილში ლაპარაკია იმაზე, რომ გამოჩნდა ერთი ლიტერატურით დაინტერესებული შეძლებული ქალბატონი, რომელიც გამოყოფს საჭირო თანხას ჟურნალის გამოსაცემად. თომას მანი დიდი ენთუზიაზმით არის შეპყრობილი და ამბობს: „სურვილი, აუცილებლობაც კი ასეთი გერმანული ჟურნალის არსებობისა რაიხის ფარგლებს გარეთ, უდავოა, და ზოგადად, დადებითად მიიღეს“.

 

 

1 2