ამ მცირე მონაკვეთში კარგად ჩანს თომას მანის მიზანსწრაფულობა და ძალთა კონცენტრირების იშვიათი უნარი. საქმე ის არის, რომ მძიმე პოლიტიკური ატმოსფერო და, ზოგადად, ემიგრაციაში ყოფნა ათმაგად ამძიმებდა დევნილი მწერლების შემოქმედებით მუშაობას. თომას მანი კი ცდილობს აქაც მიაგნოს გამოსავალს. რა უნდა ქნას? უპირველეს ყოვლისა, მშვიდი სამუშაო პირობები უნდა შექმნას. ამისთვის კი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემა აუცილებელ პირობად ესახება. გავიხსენოთ ჰესესადმი მიწერილი ადრეული წერილი, სადაც მანი წერს: „გერანული ამბები ისე მოქმედებს ჩემზე, მორალურკრიტიკულ სინდისს იმდენად მიღიზიანებს, რომ, როგორც ჩანს, შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ვახერხებ. ეტყობა, დროა, წერილობით ჩამოვაყალიბო ჩემი უკომპრომისო და დიდი შინაგანი სივრცის მატარებელი პოლიტიკური მრწამსი“. წერილებიდან ჩანს, რომ გერმანელ მწერალს თავისი პოლიტიკური მრწამსი არ ჩამოუყალიბებია, მან სხვა გამოსავალს მიაგნო: ლიტერატურული ჟურნალის გამომცემელი მოიძია და სასურველი ვითარება ამგვარად შექმნა. ამის შემდეგ თომას მანი შეეცადა, ჰერმან ჰესეც მიეზიდა და ჩაერთო ჟურნალის ავტორთა კოჰორტაში. მისი შესაშური ენთუზიაზმი ყოველ ფრაზაში გამოსჭვივის: „ რა კარგი იქნებოდა, თქვენც რომ ჩართულიყავით! არ ვიცი, ამჟამად როგორი დამოკიდებულება გაქვთ გერმანიისადმი, მაგრამ იმის თქმა კი ზედმეტია, რომ თქვენი მონაწილეობა ამ კარგად გაანალიზებულ გეგმებში მეტად სიმბოლური და პრაქტიკული ხასიათის იქნებოდა“.
ჰესეს პასუხი თავშეკავებულია. ის ამბობს, რომ ცოტას წერს და პრინციპულად არ ასრულებს დაკვეთებს, „რაიხის გარეთ“ არსებულ ლიტერატურულ ჟურნალში მწვავე პუბლიკაციები მას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, მისი ორივე და გერმანიაში ცხოვრობს – ესეც გასათვალისწინებელია; ჰესე დასძენს, რომ მისივე მეგობარი ფრანც შალი რამდენიმე კვირაა ვიუცბურგში ციხის იმავე პოლიტიკურ განყოფილებაში ზის, რომელშიც თომას მანის ნაცნობი ფიდლერი იჯდა. ამის შემდეგ კი ჰერმან ჰესე სრულიად გასაოცარ რამეს წერს: „ დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი მიმოწერა, უკვე წლებია, გესტაპოს ხელშია“. ამას, როგორც ჩანს, თომას მანიც ვარაუდობს, მაგრამ მათი მიმოწერა მაინც უაღრესად თავისუფალია, წრფელი და შეუზღუდველი.
და აი, ამ მიმოწერის პერიოდში ჰერმან ჰესე სამოცი წლის შესრულდება. ამ თარიღის გამო იუბილარისადმი გაგზავნილი თომას მანის მისალოცი ბარათი ალბათ ყოველგვარ აღნიშვნას აღემატება. ეს არ არის ჩვეულებრივი ბარათი, ეს არის ჰესეს უნიკალური პიროვნული და შემოქმედებითი პორტრეტის სახელდახელოდ შესრულების ცდა. ამგვარი
იმპროვიზაციული სისხარტე და დინამიურობა სძენს ხიბლს მანის წერილს. აქ იგრძნობა გერმანელი მწერლის ხელწერა – უნიკალური და პარადოქსული ცხოვრებისეული მოვლენების განჭვრეტა, კერძოდ, შემოქმედი ადამიანის პიროვნული წყობის ზუსტი ეპითეტებით დახასიათება. თომას მანი ჰესეზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, გერმანული სამყაროს განუმეორებლობაზე აკეთებს აქცენტს: „არ არსებობს რამე იმაზე მეტად გერმანული, ვიდრე ეს მწერალი და მისი ცხოვრების ნაღვაწია – არაფერია ასეთი გერმანული, ამ სიტყვის ძველი, მხიარული, თავისუფალი და სულიერი გაგებით… მისი წმინდა და გაბედული, ფანტაზიით სავსე და, ამავე დროს, ღრმადინტელექტუალური შემოქმედება სავსეა გადმოცემებით, კავშირებით, მოგონებებით, საიდუმლოებებით და ამასთან, სულაც არ არის ეპიგონური“.
თომას მანი ხაზს უსვამს ჰერმან ჰესეს, შვაბი ლირიკოსის და იდეალისტის კავშირს ვენის ეროტოლოგიური „სიღრმისეული ფსიქოლოგიის“ სფეროსთან. რაც შეეხება „ტრამალის მგელს“, გერმანელი მწერლის აზრით, ის თავისი ექსპერიმენტული სიმამაცით არ ჩამოუვარდება ჯოისის „ულისეს“ და ჟიდის „ყალბი ფულის მჭრელებს“.
ჰესეს შემოქმედება თომას მანისთვის ჩვენი ეპოქის ყველაზე ნათელი და უმაღლესი გონებრივი ნაღვაწია. მანი ამბობს, რომ ჰესე თავიდანვე გამოარჩია და სიმპატიით ადევნებდა თვალს მის ზრდას. ამ სიმპათიას განაპირობებდა ერთი მხრივ, მსგავსება მანისავე სულიერ სამყაროსთან და, მეორე მხრივ, მისი განსხვავება. მსგავსებაზე თომას მანი გაკვირვებული და გაოცებული საუბრობს. მისთვის რომანი „თამაში რიოში მარგალიტებით“ უაღრესად ახლობელია, საკუთარი სამყაროს განუყოფელი ნაწილია. შემოქმედების შეფასებას ჰესეს პიროვნებისეული შტრიხები მოსდევს. აი, რას წერს „ბუდენბროკების“ ავტორი: „მე მიყვარს ის, როგორც კაცი და ადამიანი, მისი მხიარული, აზრით გამსჭვალული, კეთილი და ეშმაკური არსი, ღრმა, ლამაზი ხედვა მისივე, სამწუხაროდ, სნეული თვალებისა, რომელთა სიცისფრე ანათებს მოხუცი შვაბი გლეხის გამხდარ და მკვეთრნაკვთიან სახეს“.
ძალზე შთამბეჭდავი შტრიხებია, როგორც შემოქმედებითი, ისე პიროვნებისეული პორტრეტის შემომწერი და შემავსებელი. თუმც ამით არ მთავრდება ერთი მწერლის მიერ მეორის დახასიათება. აქ ერთი მეტად იშვიათი თვისებაა „ტრამალის მგელის“ ავტორისა შენიშნული – ეს არის თავმდაბლობა, მისი არაამბიციურობა; მანი უსურვებს ჰესეს, რომ მიუხედავად მისი ნაკლები ამბიციურობისა, სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოეხვეჭოს, გაესრულებინოს „თამაში რიოში მარგალიტებით“ და წილად ხვდომოდეს ღირსეული ჯილდო – ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
ჰესე უდიდესი მადლიერების გრძნობით პასუხობს თომას მანს და ამბობს, მეგობრების შეძენა ადვილია, ეს არასდროს გამიჭირდება, თუმცა უღალატო ადამიანების პოვნა ნამდვილად ძნელიაო.
ორი დიდი მწერლის მიმოწერა ადასტურებს, რომ ისინი ერთმანეთის მონათესავე სულები არიან. მათი სასოწარკვეთილი და მაინც იმედიანი ურთიერთგადაძახილი ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნების ცდაა. მხოლოდ დროდადრო მათ მიმოწერაში პესიმიზმი გამოსჭვივის. ერთ წერილში ჰესე ამბობს, რომ მისი მეუღლე განადგურებულია, რადგან მის ოჯახსა და მეგობართა წრეში მრავალი საშინელება მოხდა. ამის შემდეგ მწერალი ნატრობს
თვალები დახუჭოს და გადაგვარებულ სამყაროს ზურგი შეაქციოს. უიმედობას კი მხოლოდ იმიტომ არ ნებდება, რომ სჯერა, წერის გაგრძელებას შეძლებს. მას ხელს უშლის მოძალებული ავადმყოფობა.
თომას მანის და ჰერმან ჰესეს მიმოწერა უმძიმესი საუკუნის უაღრესად დრამატული და ნათელი დოკუმენტია. ფაშიზმის აღზევებით გამოწვეულმა ნიჰილიზმმა, უსასტიკესმა მეორე მსოფლიო ომმა პიროვნების სრულ ნიველირებას შეუწყო ხელი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პიროვნული უნიკალობისა და განუმეორებლობისადმი პატივისცემა დაიკარგა. მასობრივი ფსიქოზის ხანაში ზნეობრივი რელატივიზმი გაბატონდა.
თომას მანმა და ჰერმან ჰესემ კი ამის სპირისპიროდ ადამიანური სახე და ურთიერთპატივისცემა შეინარჩუნეს, ისინი სხვებსაც საამისოდ მოუწოდებდნენ, რასაც თვალნათლივ მოწმობს მათი მიმოწერა.

 

 

 

 

 

 

 

1 2