საოცარი დრამატიზმის და ვიზუალური სიმარტივის სცენაში, გოდარი კინოსეანსზე შეგვიძღვება, სადაც ფილმის მთავარი პერსონაჟი, ნანა, დრეიერის „ჟანა დარკს“ უყურებს. სცენა სარკისებრ ეფექტს იძლევა, რადგან ისევე როგორც ხდება ახალგაზრდა, შეურყვნელი და სამართლიანობისთვის მებრძოლი ქალის მოკვდინება დრეიერთან, ფილმში, რომელიც 16-ე საკუნის ისტორიას ყვება, ანალოგიურად, მეოცე საუკუნის პარიზში, უთანასწორობის და სიღარიბის მძევლობაში მყოფი მთავარი პერსონაჟი გადის მსგავს მორალურ და ფიზიკურ სამსჯავროს. ამიტომაა ჟანა დარკის როლის შემსრულებლის, მარია ალკონეტის, სახე ანა კარინას სახის იდენტური, მიზანსცენა მეორდება, რადგან მეორდება ისტორია, მეორდება უსამართლობა, მეორდება ჩაგვრა.

გოდარი კამერას ისე იყენებს, როგორც მძარცველი რევოლვერს, უხეშად, ეფექტურად და იწვევს მაქსიმალურ ემოციურ ფრუსტრაციას. პირველივე ინტერაქციას რეჟისორი პერსონაჟებს შორის ზურგს უკანა ხედით გვაყურებინებს, არ გვიჩვენებს მოსაუბრე ადამიანების სახეებს, გვაიძულებს ისე მივუდგეთ ფილმს, როგორც რეალურ ცხოვრებას. ოპერატორი რაულ კუტარი მინიმალურად ანათებს სცენებს, ტლანქი მოძრაობებით არხევს კამერას, შიგადაშიგ თვალთახედვის არედან უშვებს პერსონაჟებს და მაყურებელს მარტოს გვტოვებს იმ სივრცეში, რომელშიც ფილმის გმირები იმყოფებოდნენ. მსგავსი ილეთებით გოდარი ცდილობს მაყურეელს გააიგივებინოს თავი იმ სამყაროსთან რომელსაც აღწერს, სიღარიბის, უპერსპექტივობის, მონოტონურობის სამყაროსთან, რომელშიც მისი გმირი, მშრომელთა კლასის წარმომადგენელი ქალი ცხოვრობს.

კომპოზიტორ მიშელ ლეგრანის მუსიკა საოცარი მელანქოლიითა და სევდითაა სავსე, ისევე როგორც მთავარი პერსონაჟი. თუმცა თავად მუსიკაზე მნიშვნელოვანი აქ ისაა თუ როგორ გამოყენებას უძბენის მას რეჟისორი, მომენტებში მოულოდნელად, ერთი შეხედვით უადგილოდ წყვეტს მის ჟღერადობას და გვასმენინებს სიჩუმეს ან ბუნებრივ ხმაურს, რომ ძალიან არ გადავეშვათ ტკბობაში და არ დავკარგოთ კავშირი ეკრანზე აღწერილ რეალობასთან. ანა კარინა ალბათ თავის საუკეთესო როლს ასრულებს, ლაღს, ცოცხალს, ტრაგიკულს, მაქსიმალურად ავთენტურ გმირს ქმნის, რომლის მშვენიერებაც გაჯადოებს და რომლის სოციალური მდგომარეობაც სიბრაზით გავსებს.

ძალიან მინდა ფილმის გენიალურ დასასრულზეც გესაუბროთ, სადაც ვიზუალური თხრობის და მეტაფორული ნიშნების საშუალებით იდეალურად ხდება ქალის მდგომარეობის და ალბათ რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელი ადამიანის მდგომარეობის ილუსტრაცია, თუმცა ვისაც ფილმი არ გინახავთ, ჯობს დამოუკიდებლად ეზიაროთ ამ ეპიზოდს, დატკბეთ მასში არსბეული ირონიითა და მოახდინოთ რეფლექსია მისი ტრაგიკულობის გამომწვევ მიზეზებსა და შინაარსზე.

 

 

1 2 3