საწყის სცენაში კარინა უყურებს კამერას, რომლის მიღმაც დგას გოდარი, მან უნდა მოაწონოს რეჟისორს საკუთარი სამსახიობო უნარებით თავი, მისმა პერსონაჟმა, ნანამ, უნდა მოაწონოს სურათის სხვა პერსონაჟებს თავი, საბოლოოდ კი ფილმმა უნდა მოხიბლოს მაყურებელი. ამიტომ, კარინას სახეზე ტიტრების შემდეგ მონტენის ციტატა გამოჩნდება „გაუზიარე შენი თავი სხვებს, მაგრამ მიუძღვენი ის საკუთარ თავს“. ეს ფრაზა ნაკლებ შეგვიძლია მივიღოთ შეგონებად თუ ისტორიის მორალური ღერძის განმსაზღვრელად, ის უფრო ირონიაა რეჟისორის მხრიდან, რომელიც გვიყვება ისტორიას, სადაც გაზიარების აქტი სამომხმარებლო სერვისად რეგისტრირდება, საკუთარი ღირსების, მიზნების თუ ელემენტარულად, პირველადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კი სივრცე აღარ რჩება ეკონომიკური უთანასწორობის პირობებში.

პროსტიტუციის პოლიტიკა ნაჩვენები მინიმალისტურად და მკვეთრი რეალიზმით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კაპიტალისტურ ანატომიას, ძალადოვრივ ხასიათს, სამომხმარებლო სიმახინჯეებს, ეკონომიკური უთანასწორობისგან ნაწარმოებ გენდერულ უთანასწორობას და ისეთ სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს მხოლოდ მომხმარებელზე, მასზე, ვისაც პროდუქციის შეძენის ფინანსური რესურსი გააჩნია. პროდუქტი, ამ შემთხვევაში ქალის სხეული, მისი მშვენიერება, მხოლოდ სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადის, რომ მომხმარებელისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს მისი გამოყენება.

სურათი თავებადაა დაყოფილი, მისი სრული სათაურიც იუწყება, რომ ესაა 12 ჩანახატი ცხოვრებაზე, ან უფრო, 12 ფერწერული ტილო, სადაც არაფერი მოულოდნელი და ორიგინალური არ ხდება, რადგან გლამურისა და პრესტიჟულობისგან დაცლილ, არაკომფორტულ ყოველდღიურობას აღწერს. ამიტომ ყველა თავის დასაწყისში სათაური გვეუბნება იმას თუ რა მოხდება შემდეგ, გვამზადებს მოახლოებული სცენისთვის და აქ აღიქმება გოდარის ბრწყინვალება ყველაზე მეტად, როდესაც იმ ცოდნის მიუხედავად, რომ ვიცით რაც გველის წინ, რეჟისორი მაინც ახერხებს მაყურებლის ემოციური აპარატის მაქსიმალურად გააქტიურებას.

 

1 2 3