მსოფლიო კინემატოგრაფის ცოცხალი ლეგენდა, ჟან ლუკ გოდარი 3 დეკემბერს 90 წლის გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს მინდა გავიხსენო მისი კარიერის საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ფილმი, სახელწოდებით „იცხოვრე შენი ცხოვრებით“.

ფილმის პირველივე სცენაში, რეჟისორი ისტორიის ცენტრალურ ფიგურას წარმოგვიდგენს ახლო ხედით. ყოველგვარი თეატრალიზებული განათების თუ მომხიბვლელი ანტურაჟის გარეშე, ვუყურებთ მსახიობ ანა კარინას პროფილს, შემდეგ ანფაზს, მეორე პროფილს. გოდარი თითქოს ყურში ჩაგვჩურჩულებს „დააკვირდი, აი, ასე გამოიყურება კაპიტალისტურ სამყაროში ექსპლუატირებული ქალი. მას უწევს იყოს მოდელი, მსახიობი, ვალდებულია განასახიეროს სექსუალურობა, უბიწობა, ვნება, მხიარულება, უდარდელობა, მოერგოს მამაკაცის მზერას და იყოს მისთვის მიმზიდველი.

ის, რომ კარინას პერსონაჟი, ნანა, მსახიობობაზე ოცნებობს, ძალიან სევდიანი ირონიაა, რადგან ის უკვე თავისთავად არის პროფესიონალი მსახიობი, სიღარიბის ტყვეობაში მყოფი ქალი, რომლის ფიზიკური გადარჩენაც იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მომხიბვლელ როლს შეასრულებს მათთვის, ვისაც შეუძლია, რომ მისი ყოფიერების საკუთარი სურვილისამებრ მოხმარებაში ფული გადაიხადოს. პირველივე სცენა, როდესაც კარინას სახეზე ტიტრები იწერება, არის ქალების ისტორიის მოკლე ჩანახატი, ან უფრო სწორი იქნება ვთქვა, ამ სცენაში ხდება ქალის ხატწერა, მისი სამომხმარებლო საგნად იძულებითი გარდაქმნის ილუსტრაცია, პატრიარქალურ სამყაროში მასზე დაკისრებული პერფორმატიული ვალდებულებების წარმოჩენა, სხეულის და გარეგნობის პრივატიზაცია.

 

1 2 3