მგონი ეს უნდა იყოს ჩემი ჰოსტელი, კედელზე გრაფიტებით ვცნობ და ნავიგატორიც მიდასტურებს, რომ დანიშნულების ადგილას ვარ. ეზოში შევდივარ, ტრაფარეტი კიდია წარწერით – „welcome”, ისარი კიბისკენ მიმითითებს, ავდივარ რამდენიმე საფეხურს და კართან ვჩერდები, ველოდები, რომ შემამჩნევენ და კარს გამიღებენ. უშედეგოდ ვიცდი, რაღაც ბუდისტური საკრავების ხმა გამოდის, კარის სახელურს დაბლა ვწევ და იღება, არ ყოფილა ჩაკეტილი. შესვლისთანავე შეშის ღუმელიდან მომავალი სითბო სიტუაციის დადებითად აღქმისკენ განმაწყობს.  ბუდას ფორმაში თვალდახუჭული ზის მამაკაცი უკან შეკრული გრძელი თმით, შესამჩნევი, გამოკვეთილი ნაკვთებით. საოცარი საკრალური სიმშვიდე კი მოდის მისგან. ჩემს მისალმებაზე თვალებს ახელს და ღიმილიანი სახით მიკრავს თავს. ქართველი არ უნდა იყოს. ჰოსტელის თანამშრომელი (ვფიქრობ, ერთადერთი), თავის სახელს მეუბნება და ღუმელთან მდგარი პატარა სკამისკენ მიმითითებს, ჩამოჯექი, გათბი და მერე გაჩვენებ შენს ოთახსო. უსიტყვოდ ვიღებ მის შემოთავაზებას. ოთახის ბოლოში წყვილი სანთლის შუქზე ღვინოს სვამს. ამ სანთლისგან და ღუმელიდან გამომავალი თბილი ნათება სასიამოვნოდ ნაწილდება ოთახში.  წყვილი დგება და კარისკენ მიდის, ერთ-ერთი მათგანი ჩვენკენ ტრიალდება და მოსაწევს გვთავაზობს. უარს ვამბობ, უცხო გარემოში მირჩევნია ფხიზლად მეძინოს, თან ჰოსტელის ბიჭთან ლაპარაკით გავერთე, კაი ტიპი ჩანს. აქაურ ამბებს მიყვება .  ფანჯრიდან მოსაწევის მძაფრი სუნი შემოდის.  ოთახის ერთ კედელზე ვამჩნევ ტურისტების გაკეთებულ წარწერებს. …  ვხედავ ფრაზას  კიმ კი დუკის ერთ-ერთი ფილმიდანაც , რიოს დაწერილი იქნება.  კიბიდან ხმაურიანი ნაბიჯების ხმა მოდის, გვგონია, რომ წყვილი ბრუნდება ოთახში და კარის გაღებას ყურადღებას არ ვაქცევთ. გაღებულ კარში არავინ შემოდის. იქით  ვიხედებით,  შუახნის , ქურქებში გამოწყობილი ორი  ქალი დგას. ხელში  ნიანგის თუ რაღაც ამ უკანასკნელის  მობიძაშვილოს  ტყავით გაწყობილი ჩანთები უჭირავთ.

– დიახ?! – საკმიდან დგება ჰოსტელის თანამშრომელი და სიტუაციაში გასარკვევად კარისკენ მიდის.
– ღამის გათევა გვინდა , თქვენი სასტუმრო მოგვასწავლეს. – თითქმის ერთდროულად ამბობს ორივე ქალი.
– სასტუმრო არა, ჰოსტელია და თან ადგილიც არ მაქვს – პასუხობს თანამშრომელი და სახეზე აწერია, რომ ქალების ტანსაცმელი აშკარა გაუგებრობიდან თავის დაღწევის შესაძლებლობას არ აძლევს.
– შვილო, ხომ იცით,  სასტუმროები გადაჭედილია ინაუგურაციის გამო, ბევრი სტუმარი  დარჩა თქვენს ქალაქში,  ჩვენ მანქანა გაგვიფუჭდა და სასტუმროც არ დაგვიჯავშნია, არ ვაპირებდით დარჩენას.  – ამბობს ერთ-ერთი ქალი.
–  ჰო, გენაცვალე, დარჩენა არ გვიფიქრია და ასეთ დღეში ჩავცვივდით – უდასტურებს მეორე.
–  აგერ, ამ დივანზე დავწვებით ორივე, გეხვეწები არ გვითხრა უარი – აგრძელებს პირველი, თან ოთახის სიღრმისკენ აბიჯებს შემოუპატიჟებლად.
–   აქ ორივე რანაირად მოთავსდებით – ჰოსტელის ბიჭი ისევ ზრდილობიანად ცდილობს ქალების გასტუმრებას.
– უი,  ყავას სვამთ? –  შეკითხვით გადმოდის ერთ-ერთი ჩემთან და ჩემს მუხლებზე ჭიქას ჩასცქერის. –  მკითხაობა ვიცი ისეთიიი, წყალი არაფერს გაუვა ჩემს ნათქვამს- აგრძელებს. ახალი გასართობიც მოვიდაა. – ვფიქრობ და ქალს ღიმილით  ვპასუხობ.  მიდი შენც გაიკეთე ყავა, კარგი ამბები უნდა გითხრა.. – ეუბნება მასპინძელს.  ვაახ, ინაუგურაციაზე მყოფი სტუმრები იაფფასიან ჰოსტელში მოვიდნენ და მზად არიან დივანზე წოლით აიტკიონ ხერხემალი.  რა ქვეყანაში გაგვჩითე, ჩემო პრეზიდენტო?!  ქალები ქურქებს იხდიან და სკამის საზურგეზე უხეიროდ კიდებენ.  ალბათ უამრავი აქვთ და არ უფრთხილდებიან.  ერთ-ერთი მათგანი რაღაც სურნელოვან სანთელს იღებს ჩანთიდან, ჯერ შენით დავიწყებ –  ხელს იშვერს ჩემკენ.  აშკარად შინაურდებიან.  მკითხაობა , სპირიტუალური სეანსი თუ რაც გინდა ერქვას, მაგრად მევასება ასეთი მაგიური რამეები. იქნებ ამ ქალში მისხალი არაფერია მაგიისა, მაგრამ თავს მოვიტყუებ ცხრაგზის, ამ სანთლის სასიამოვნო სუნი და სითბო მადუნებს, სხვა თუ არაფერი, კიდევ როდის მომეცემა შანსი  მკითხაობა იავნანასავით ჩამესმოდეს.
მოდუნდი, ფიქრებისგან სრულად გათავისუფლდი, ეს მე მეხმარება სწორად დავინახო რაც ჭიქაში ხდება- მეუბნება მკაცრი ტონით, დამაჯერებლად რომ გამოუვიდეს.  ჯანდაბა, ჩემი ცხოვრება თუ ჭიქაში ეტევა – ვფიქრობ და  თვალების დამძიმებასაც ვგრძნობ , მაგრად მეძინება.  ოთახის ბოლოში კარი იღება, მეორე გასასვლელიც თუ ჰქონდა ამ ოთახს აქამდე არ შემიმჩნევია. რიო?- იქიდან რიო გამოდის. შენც აქ ხარ ? – ვეკითხები.  რიო, ეს წარწერა შენ გააკეთე ხომ? – ვუთითებ კედლისკენ . გაკვირვებული მიყურებს, მერე იღიმის და მე რიო არ ვარო – მპასუხობს ქართულად . ვეღარაფერს ვეუბნები, ძილის შეგრძნება ისე მამძიმებს , ფიქრებიც ზანტდებიან და  ორი სიტყვის თქმაც მეზარება…

 

 

1 2 3