*********
თვალს ვახელ, ფანჯრიდან შემომავალი შუქით ვხვდები, რომ დილა უნდა იყოს. ნახევარი წუთი უცხო გარემოს აღსაქმელად მჭირდება, ისევ იმ სკამზე რატომ ვზივარ, მთელი ღამე აქ ვიყავი?- კისრის და ბეჭების ტკივილი დადებით პასუხს ცემს ჩემს ფიქრებს. ჩემ პირდაპირ სავარძელში ძინავს ჰოსტელის ბიჭს. მხოლოდ მე და ის ვართ ოთახში. ტელეფონს ვიღებ და შვიდი გამოტოვებული ზარია ჩემი უფროსისგან. რამ გააგიჟა დილიდან, არადა, გავაფრთხილე გუშინ ; ვერ მოვდივარ თბილისში, აქ ვრჩები – მეთქი. ვურეკავ და პირველივე ზარზე მპასუხობს; ყოჩაღ, რისთვის გიშვებ და თურმე რისთვის დადიხარ მანდ! – მეუბნება მკაცრად. წამში უამრავი რამ მომდის თავში, მაგრამ მწყობრ და ლოგიკურ მიზეზს ვერ ვპოულობ ამ საყვედურის, ამიტომ, ვეკითხები- რა მოხდა-მეთქი. შეგიძლია აღარც მოხვიდე სამსახურში საერთოდ, ალბათ არ გიფიქრია თუ კამერა გიღებდა, მაგრამ გნახე აქციაზე ბატონო, პირდაპირში გაჩვენესო. ტელევიზორს მივვარდი, რა ნახა, სად ნახა, რა აქცია.
„დაგიბრუნდათ საინფორმაციო გამოშვება და მოგახსენებთ გუშინ თელავში მომხდარი სკანდალური ამბის შესახებ“ – ლაპარაკობს წამყვანი. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით დამსწრე ორმა პიროვნებამ ცერემონიისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში ინაუგურაციის ჩაშლის მიზნით ჰაერში გაუშვა გაურკვეველი სახის ქიმიური ნივთიერება, რამაც გამოიწვია ადამიანებში ჰალუცინაციები. როგორც ღონისძიებაზე დამსწრე პირები აცხადებენ, მათ დაკარგეს აწმყო დროისა და სივრცის აღქმა , ადამიანებმა ჩაიდინეს ალოგიკური , გაუცნობიერებელი ქმედებები, საყოველთაო შიშმა შეიპყრო ყველა… „
შენ გელაპარაკები! – მესმის ჩემი უფროსის ხმა შორიდან , მობილური ისევ ყურთან მიმაქვს და იშვიათი გამბედაობით ვეუბნები; ისედაც მინდოდა სამსახურიდან წამოსვლა, დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ თქვენს ხმას აღარასდროს გამაგონებთ! ვუთიშავ. საინფორმაციოს ვუბრუნდები, მოკლე დროში მეტისმეტად ბევრ ინფრომაციას ვიღებ ახალგაღვიძებული და ვერ ვაანალიზებ, რა მოხდა. „ცნობილია , რომ მომწამვლელი ნივთიერების დიფუზირება მოახდინა ამ ორმა ქალბატონმა, რომელთაც ეკრანზე ხედავთ.“ – აგრძელებს წამყვანი. – „სავარაუდოდ, აღნიშნულმა პიროვნებებმა ინაუგურაციისთვის განკუთვნილი სივრცე- ბატონის სასახლე დატოვეს ცერემონიის დასრულებამდე, მათ ამ დრომდე ეძებენ.“ -წამყვანის ხმა რამდენიმე სიხშირით დადაბლდა და თითქმის აღარაფერი აღარ მესმის, რადგან მთელი კონცენტრაცია გადამაქვს ეკრანზე ნაჩვენებ ქალებზე, პირველ რიგში რომ მათი ქურქები და რამდენიმე წამის მერე სახეებიც მეცნობა…
ოთახის ფანჯარაში ჩატეული ცის ფრაგმენტი არ მყოფნის იმისთვის , რომ გუშინდელ ღამეს თავი დავაღწიო და გათენებას დავუბრუნდე.
