ძნელია, თქვა, სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, რეალობაა თუ სიზმარი.
                                                                                                           ( კიმ კი დუკი  – „ცარიელი სახლი“ )

იქიდან რომ კილიმანჯაროს თოვლიანი მთა მოჩანს, იმ სახლში რა ხდება, ხო აზრზე არ ვართ და აგერ, ამ სახლიდან რომ დათოვლილი კავკასიონი ჩანს, არც ამ სახლის ამბები ვიცით მაინც და მაინც. – თელავის ავტოსადგურზე თბილისის ავტობუსის მომლოდინე  ვუყურებ ორი კონტინენტის საზიარო მთას.
თელავში ჩამოსვლა ყოველთვის მინდა, თბილისში დაბრუნება – არასდროს.  სამსახურებრივი საქმისთვის ჩამოვდივარ ხოლმე აქ, თუმცა საქმეს რომ მოვრჩები, აი, მაშინ იწყება მთავარი საქმეები ჩემთვის. თელავის მიდამოებში დავხეტიალებ, ვითარცა პილიგრიმი , ამოუხსნელად მიმზიდველია ჩემთვის აქაური გარემო, სამყაროსთან ინტერაქციის პორტალს მიხსნის  და ერთმანეთს მაგიური ბუნებისადმი მიდრეკილებაში ვამხელთ მე და ქვეყნიერება. ნადიკვარზე სკულპტურების წინ მარტოდ დარჩენილს  ისეთი სიმყუდროვე მიგრძვნია, ისე წავპოტინებივარ ადამიანურ კეთილგონიერ საწყისებს, საკრალური განცდა დამუფლებია,  ერთგვარად ლოცვის აღვლენას მიმსგავსებია  ყოველივე.  ამასწინადაც, ფეხით გავისეირნებ – მეთქი, თეთრ მაისურს გავიმწვანებ  მინდორზე წოლით, ცენტრისკენ გავედი,  რაღაც აქციას გადავაწყდი და ხალხის ნაკადში გზა ვეღარ გავაგრძელე, რამდენიმე ტურისტს მოვკარი თვალი; ერთი  კორეელს მივამსგავსე, ერთიც – ჰოლანდილს , შესაძლოა,  გერმანელიც იყო, დანარჩენი ორი – ალბათ ამერიკელი. აქციის მონაწილეებმა  იმათაც მოუჭრეს გზა და ჩემსავით იძულებით იდგნენ იქ.  იქვე, მათ გვერდით,  შენობის კუთხეს მივეყრდენი და  ვეცადე, გარემოზე დაკვირვებით გამერთო თავი.  ერეკლეს სასახლის პირდაპირ თანამედროვე არქიტექტურის შენობაა,  გალავანზე ბევრად მაღალი,  ციხეს კიდევ  ერთ ციხედ უკან  უდგას კავკასიონი. რატომღაც  წარმოვიდგინე იქიდან მომავალი ცხენოსნები, ხმლების  ჩხარუნით გადმოვატარე  რკინაბეტონები, გავაკვირვე ყოველი თანამედროვე შენობის დანახვაზე, შევაყრევინე წარბი, ხმლის შემართვისას დავაკვირდი ყოველი კუნთის მოძრაობას, მოვაახლოვე გალავანს, ფიქრებში ღრმადწასულს უკვე არც თუ ისე ახლოდან ჩამესმოდა აქციის მონაწილეების ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო შეძახილები .  მერე საპირისპირო მხრიდან სპეცრაზმი განვალაგე, სპეცრაზმელს მიზანში ამოვაღებინე  მხედრის თვალი…

“ავტობუსი აღარ იქნება”, – მესმის ხმა ზურგიდან. ვტრიალდები და ნაცნობ მძღოლს ვხედავ. “ერთი ამბები ყოფილა გზებზე,   ვერ წავალთ” – გამოგვიცხადა კაცმა.  მიზეზი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ისედაც ყველა ვხვდებით , რომ ინაუგურაციის ამბავია.  მოპატიჟებული სტუმრები თბილისში ბრუნდებიან და გზა გადაიტვირთა.  ტაქსის ფული არ მაქვს, მითუმეტეს, არც სასტუმროში დასაბრუნებელი. ცენტრისკენ ავალ და მოვიფიქრებ რამეს.  ჰოდა, იმას გიყვებოდით მაშინდელ აქციაზე;  ასე,  ფიქრებით გართული ჩემთვის რომ  ვიდექი აქციელებისგან  დაშორებული  სხეულითა და გონებით, ერთ-ერთმა ემოციურად მოსაუბრემ მოიქნია კოკა-კოლას ბოთლიანი ხელი, კოკა-კოლამ ამდენს ვეღარ გაუძლო, ბოთლიდან ფანტანისებურად ამოასხა  და სისველემ ირეალობისგან დამცალა.  ვერც ბედის გინება მოვასწარი, ვერც ქვითინი ადამიანის მარტოობაზე ამა სოფელში, რომ   ვიღაცამ   ერთჯერადი ხელსახოცი გამომიწოდა, – როგორც აღმოჩნდა,  აზიელს შეუმჩნევია კოკა-კოლას წვეთები ჩემს თმაზე.  კორეელი ტურისტი თელავში აქციაზე  –  აი, მესმის გლობალიზაცია და კიდევ  ათასგვარი ჩემთვის ძალზედ იშვიათად გამოყენებადი გეოპოლიტიკური ტერმინიც.  „მაი ნეიმ იზ რიიო“ – გამეცნო კორეელი.  კახური აქცენტით   შეძახილებს ერწყმოდა კორეული აქცენტით ინგლისური და ჩუმდებოდნენ  და დუმდებოდნენ  გვიანი შემოდგომის ჩიტებიც და ამ ხმატკბილობით უჩვეულოდ მშვიდები ჩანდნენ…

რიო, ჰო, რიო  სადაც ცხოვრობდა, იმ ჰოსტელს ვიპოვი,  „მესენჯერს“  ვხსნი და რიოსთან მიმოწერას ვეძებ,  ჰოსტელის გვერდი გამომიგზავნა ადრე, იქნებ დაგჭირდესო.  ვერ ვპოულობ და ვერც ვიხსენებ როდის  წავშალე მიმოწერა. კიდევ კარგი,  ჰოსტელის სახელი მახსენდება და საძიებოში ვწერ.  შეტყობინებას ვუგზავნი , ვეკითხები – თავისუფალი ადგილი თუ აქვთ, იმედია მალე მიპასუხებენ…

დახმარებისთვის მაშინ ათასი მადლობის გადახდის შემდეგ , რიოს ვკითხე  საიდან იყო. ეჭვი გამიმართლდა- სამხრეთ კორეელი აღმოჩნდა.  ეგრევე კიმ კი დუკი  ვუხსენე,  ვუთხარი, რომ მაგარი რეჟისორი ჰყავთ სამხრეთკორეელებს. რიომ  მობილურში დაიწყო რაღაცის ძებნა , მოიცა, აი, ნახეო და კიმისთან ერთად გადაღებული ფოტო მაჩვენა. რიოს კიმის არც ისე ბევრი ფილმი ჰქონდა ნანახი, მაგრამ სამაგიეროდ, თურმე ბევრჯერ დაულევია რეჟისორის ბარში მასთან ერთად.
ჰოსტელისგან პასუხი მომდის;  შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოხვიდეთო.  ნავიგატორს ვრთავ, ჰოსტელის სახელს ვუთითებ და მივყვები ისრის მიმართულებას.  ჰო, სხვათა შორის  რიომ ამ ამბის მერეც გამომიგზანა კიმ კი დუკისთან ერთად სპეციალურად ჩემთვის გადაღებული  ფოტო- აჰა, შენი საყვარელი რეჟისორიო. იმ დროს კორეა აღარ იყო  ა.გრძედის და ჩ.განედის ამდენ და ამდენ გრადუსზე, ჩემგან შორს მყოფი ქვეყანა, არამედ ცხადად ვიგრძენი ყოველგვარი საზღვრების  ჩამოშლა და ამ ამბის ყოველ გახსენებაზე ენის წვერზე ვგრძნობ უსაზღვრებო სივრცის გემოს.

 

1 2 3