ჩემი სადარდებელი იქით იყოს, უკვე მარიტაც მაგრად დაიზმენდა. ჩვენს მსჯელობას უსმინა, უსმინა და ბოლოს ძალიან სერიოზული სახით გავიდა. ერთი თხუთმეტი წუთი არ გამოჩენილა. უკან ყავით დაბრუნდა. აჰა, ლარო დალიე უნდა გიმკითხავოო! ვახ, კინაღამ ავყირავდი. ხახახა, რა მაგარ გამოსავალს მიაგნო მარიტამ. გულგამწყრალმა გამაგდო. აიჩემა არ შეიძლება უცხო დაგვესწროსო. კარგი რა ,მარო, მე რანაირი უცხო ვარ – მეთქი გავაპროტესტე, მაგრამ ვერას გავხდი.
სანამ მარიტამ და ლარისამ რიტუალი აღასრულეს, გვარიანადაც დაღამდა. მეძინებოდა, მაგრამ ერთი სული მქონდა გამერკვია რა დაინახა ჭიქის ფსკერზე, მარომ.
გზა ჩანდა, ალექს, გრძელი გზაო – ასე შემიჯამეს მონაყოლი.

იმ ღამით ლარისასთან დავრჩი. არაფერი იფიქროთ. უბრალოდ ვსაუბრობდით. ჩვეულზე ხალისიანი, ჩვეულზე სიცოცხლითსავსე იყო. მივედ-მოვედეთ აქეთურსა და იქეთურს.

რამდენჯერმე ვცადე ეს ღამე გონებაში გადამეხვია. ლარისას ყოველი სიტყვა აღმედგინა. ამეწონ-დამეწონა. არანაირი მინიშნება.
ლარისა გაქრა და კვალად მხოლოდ ყელსაბამი დარჩა. თქვენი აზრით, პირველს რას ვიზამდი?
კი, ისევ და ისევ – ერთი, ორი, სამი…

ას ოთხმოცი წარმოვთქვი და იმ წამს ზუსტად ვიცოდი, რომ ლარისა კისერს მოხვეული სიმძიმით აღარ ცხოვრობდა. ისევე, როგორც ივანე, რომელიც არასდროს დაბადებულა და
,როგორც მოხუცი ბებო, რომელსაც არასდროს ეცხოვრა.

 

ლარისამ მხოლოდ სამკაული კი არა, ის სიცარიელეც გადმომაბარა, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა.
რატომ გაუჩინარდა? რატომ არ დაგვემშვიდობა? რატომ დატოვა სამკაული? რატომ; რატომ.
ამ კითხვებს დაუსრულებლად ვიმეორებ. აი, პასუხებს ვერა და ვერ ვპოულობ.

ფუნჯი ავიღე. მეც ჩემებურად ვებრძვი სევდას. ხატვას შევუდექი. ლარისას ზმანება უნდა მომეკლა. ხომ ვთქვი აჩრდილი იყო – მეთქი? მთვარის შუქზე ჩამოწოლილი ჩრდილი. მოდიოდა და მიდიოდა.
ცისფერი მკრთალი თვალები. თითქმის გამჭვირვალე. ყოველი ნაკვთი უშეცდომოდ უნდა გამომესახა. მუქი ქერა თმა. თითქმის ყავისფერი. წითელი ბედნედა. თითქმის შინდისფერი. დაბოლოს, ლარისას გამომეტყველება – თითქმის ბედნიერი.
გრძელი კისერი. გამოკვეთილი ლავიწები. წყეული ყელსაბამი. ყველაფერი გააფუჭა. კისერზე სიმძიმედ ჩამოეკიდა. არია/დარია. ერთი, ორი, სამი. ას ოთხმოცს ვერ დავატევ. შანსი არაა. ყოველ მარგალიტს თავისი დამახასიათებელი აქვს. ღმერთო, შენ მიშველე!

დაბრედილს დამეძინა. ნახატისთვის არც შემიხედავს. რაც გამოვიდა, გამოვიდა. გზად ხელს გავაყოლე. ვიფიქრე მზე დააჭერს გაშრება – მეთქი. რიგი დამიდგა, ბიჭო, ცოცხალი რიგი. ერთმანეთს ახტებოდნენ. ლადოსაც კი შეშურდა. მე ისეთი ფერმიხდილი ვიყავი, ვერც ვიაზრებდი რა ხდებოდა. მართლა ლამაზი გამოსულა. ლარისა ყოფილა ის, რაც ჩემს ნახატებს აკლდათ.
არა, ჩემო კარგებო, ამ ნახატს არ ვყიდი. რამდენი? არა, რამდენიც არ უნდა შემომთავაზოთ. საქმე ფულში არაა. უბრალოდ გასაშრობად გამოვიტანე. სურათებს იღებდნენ. რამდენიმემ ეს თუ არა სხვა მაინც მოგვყიდეო. თქვენ შემოგევლეთ, თქვენ გაიხარეთ.

ერთი გამიბრაზდა – არ ყიდი, არ ყიდი. ის მაინც მითხარი რა ქვიაო? რა ქვია და ას ოთხმოცი მარგალიტი.
აბა, სხვა რა უნდა ერქვას?

გულწრფელად ვიტყვი – სახლში მისულმა წამით კი ვიფიქრე ლარისამ მიგაგდო, შენ რით ვერ შეელიე? გაყიდე რა, ცოტახანს მაინც დაისვენებ – მეთქი.
ალექს, შე დებილო! ეგ რამ გაფიქრებინა. ლარო, ჩემო ლარო, როგორ გაგიმეტო? ვისთან გაგიშვა? ისედაც ვერ დაგიცავი. აქაურობა თავშესაფრად ვერ გიქციე. რაც წახვედი თამარა ტირის. ოღონდ შენ დაბრუნდი; ოღონდ შენ კარგად იყავი. ისევ ვიკრიბებით. შენს ჭიქასაც ყელამდე ვავსებთ. ჯერ კიდევ რამდენი რამე არ მითქვამს. როგორ მინდა გესმოდეს ჩემი.

ეჰ, ბევრმა წყალმა ჩაიარა, და იმაზე ბევრმა სიტყვამ, მაგრამ ჯერ კიდევ მთავარი არ მითქვამს – რას ფიქრობთ, ამ ყველაფრის დაწერა რამ გადამაწყვეტინა?
რამ და ორი დღის წინ ქალმა ჩამიარა. ადგილზე გავქვავდი. ლარისა იყო, მაგრამ თან არ იყო. ნაბიჯი ვერ გადავდგი. ისიც მომაშტერდა. ჩემმა გაკვირვებულმა სიფათმა შეაშინა. წყალი ხომ არ გინდაო. ხმაც მიუგავდა. რა გქვია – მეთქი. ცოცხალი თავით არ მიპასუხა. ხომ არ ავედევნებოდი? ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ძალიან შეწუხდა. ჩემს ძველ ნაცნობს ჰგავხართ – ძლივსგასაგონად ამოვილუღლულე.
ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი.

არავისთვის მომიყოლია. შემეცოდნენ თამარა და მარიტა. ცოტა დაწყნარებულან. თავიდან ვერ ავაფორიაქებდი. მაგათ გარდა, ვინღა მყავს? კი დამაცხრნენ ფერი არ გადევს, კარგად თუ ხარო? სიცხეს გადავაბრალე.

სახლამდე მივლასლასდი და ჩემს დახატულ, ლაროს მივაშტერდი. არც, ის იყო ლარისა. მასტეხინი მოვიმარჯვე. საღებავის აცლა დავიწყე. ასე ფენა-ფენა გავანადგურე ლარო და მივაშტერდი თეთრს. ერთდროულად ყველაზე ცარიელსა და სავსე ფერს.
ჩემს ბინას ერთი უცნაური ჩვევა აქვს. სამზარეულოში მწვანე კედელია. ოდნავ მოიღრუბლება და ისიც ლოკოკინებით ივსება. არ ვერჩი. რატომ ამოვხოცო? დილით მაინც წასულები დამხვდებიან.

შეიძლება ამასაც მე ვიგონებ, როგორც ლარისა გამოვიგონე. ვიცი, თქვენც ვერ გაიგებთ თავსა და ბოლოს.
ხომ გითხარით მწერლად ვერ ვივარგებ- მეთქი. მეც აღარ ვიცი რა ხდება ჩემს თავს.

ერთი ის ვიცი, რომ მთელს ამ ამბავში ყველაზე ნამდვილი ეს სამკაულია; სამკაული ას ოთხმოცი მარგალიტით.

 

 

 

 

 

 

1 2 3