მშობლებს არაფერში სჭირდებაო. მაგრად გამიტყდა. გავებუტესავით. რამდენიმე წუთი ხმას არ ვიღებდი. ლარისას გაეცინა. მაგარი ჭკვიანი კი იყო. სიგარეტს მოუკიდა და მონოლოგს მოჰყვა :
-ალექს, არავის არაფერშიც არ სჭირდება შენი მხატვრობა. შენ გჭირდება. შენი ოცნებაა. იტყვიან არ ვარგაო? მერე რა? შენ ხო მაგისთვის არ ხატავ? ვიცი, რთულია. მართლა მესმის, ნეტავ, შენი თავი დაგანახა, როცა ხატავ. იცი რა კარგი შესახედი ხარ? თვალები გიელავს. ნაპერწკლები გცვივა. ყველა შენი ნახატი შენზე ყვება. ეგრევე მიხვდები. ვა, ეს ალექსასია. ალექსა ჩემი მეგობარია. რა ნიჭიერია. ლადოსაც ჯობიხარ. დედას გეფიცები. კი, შენზე კარგი ფერები აქვს, მაგრამ მკვდარია. შენი ნახატები ცოცხალია. შენსავით, ალექს. ხო იცი როგორ მიყვარხარ, არა? ტყუილს არ გეტყვი.
ასეთი გასაოცარი გოგო იყო ჩვენი ლარისა.

ჩემი უახლოესი მეგობარი. მერე რა რომ არ ვიცოდი, ჩვენი ეზოს გარეთ როგორ ცხოვრობდა? ეგ რანაირი მეგობრობაა? რანაირი და ყველაზე ნამდვილი. ყველაზე ჯიგრული. მთავარია, ლარისას დარდი ვიცოდი. კი მეუბნებოდნენ არაფერში ვარგიხარო, მაგრამ სხვის დარდებს ჩემზე უკეთ არავინ უსმენს. ამასაც ხო ნიჭი უნდა? ჰოდა, მოყვებოდა ლარო, აჰყვებოდა ქვითინით თამარა, გამივსებდა ჭიქას მარიტა და ოთხივე ერთად ავიმყრალებდით პირს.

ხანდახან კაცს ყველაზე მეტად გულის გადაშლა და კარგი მსმენელი სჭირდება. (ამ დროს არც ალკოჰოლია ურიგო)

ბევრი ვიბოდიალე. ძალიან ბევრი. არადა, მოკლედ მინდოდა ლარისაზე დაწერა. ისევ იმ დღეს დავუბრუნდები, ლარისა ბინაში რომ შევიდა და ძალა აღარ ეყო საწოლამდე მიეღწია. იმიტომ, რომ იმ დღეს ამ მარგალიტების ამბავმა უკვე მაგრად შემაშინა.
კარგა გვიანი იყო. მარიტა ხვრინავდა. მე არ მეძინა. რაღაცებს ვჯღაბნიდი. კარის ხმა გავიგე. დავაკაკუნე. არავინ გამაგონა. შევედი და შესავლელში დამხვდა. ძირს ეგდო და ქვითინებდა.
ლარისა, ჩემო კარგო, რა ხდება, რა დაგმართნია-მეთქი? წამოდგომაში მივეხმარე. გარეთ გავიყვანე. რომანტიკოსი არც მე ვარ, მაგრამ იმ დღეს წვიმა ჩვენს განწყობას რომ მოუხდა, ამაზე ორი აზრი არაა.
მომიყვა, მაგრამ რას მომიყვა! აზრზე ძლივს მოვედი. დროში კი აირევით, მაგრამ დროს მნიშნელობა არც აქვს. დაახლოებით რომ აგიხსნათ, სურათი ასეთი იყო : როგორც გითხარით, ლარისა აქ მაშინ მოდიოდა, როდესაც მსმენელი სჭირდებოდა. შეიძლება ყოველდღე მოსულიყო ან წელიწადი არ გამოჩენილიყო.

რაღაცას აჩმახებო, არ გამაგონოთ!

მე თვითონაც მიჭირს ამ ყველაფრის ახსნა/დალაგება. მხატვარი ვარ. მწერალი კი არა!

ამბავი ის იყო, რომ ლარისა ფეხმძიმედ ყოფილა. გაოცება ვერ დავმალე. მარიტამ კი თქვა ერთხელ ლაროს ქმარი ჰყავსო, მაგრამ რაღაცნაირად არ მეჯერა. ისეთი ადამიანი, როგორიც ლარისაა, რთული წარმოსადგენია ცოლად. ოჯახის ქალად. არა, სექსიზმი და რამე არა. უბრალოდ, აჩრდილი იყო ლარისა, აჩრდილი. ( რატომ დასასრულისკენ მოგახსენებთ).
თითებზე გადავთვალე. მუცლიანი ლარისა მე არ მახსოვს. ესე იგი რვა/ცხრა თვე უეჭველად არ მენახა.
მშობიარობა გაურთულდა. ბავშვი ვერ გადაარჩინეს; ტიროდა და ტიროდა.
ელავდა და ელავდა.

თურმე, ბიჭი იყო. ივანეს დარქმევას აპირებდა. ლამაზი სახელი კია. გულში ჩავიხუტე.
საწყალს კიდე ეს უნდოდა?

ჩუმად ვისხედით და წვიმას ვუყურებდით. ლარისამ ყელსაბამი მოიხსნა. დათვალეო გამომიწოდა. მეზარებოდა, მაგრამ რას შევეწინააღდეგებოდი? ერთი, ორი, სამი… ას სამოცდაცხრმეტი. გაკვირვებულს აღმომხდა. ავცახცახდი. თავიდან დავიწყე. ტყუილად წვალობ, ას სამოცდაცხრამეტიაო – გამაწყვეტინა. რაღაც რიგზე ვერ იყო. ან მართლა კოლექტიური ფსიქოზი ავიკიდეთ ან მაგრად მეკაიფებოდა, ლარისა. მართლა წყევლა ხომ არაა? მიდი და დაიჯერე, რომ ყველა, ვინც ლარისასგან მიდის, მარგალიტის სახით ბრუნდება.
რაღა უნდა მეთქვა?

ხუმრობა რომ ხუმრობაა, ეგეც ვერ მოვიფიქრე.

ას სამოცდაცხრამეტი; ას სამოცდახრამეტი – ლოცვასავით ვიმეორებდით. ხან ნელა, ხანაც ჩქარა.
-ას მეოთხმოცე მე ვიქნები, ალექს.

-ძალიან დაღლილი ხარ, ლარისა.

სანამ გავაგრძელებდი, ნაწერი რამდენჯერმე გადავიკითხე. ისეთივე არეულია ჩემი ტექსტი, როგორი არეულიცაა თვითონ ამბავი. დაე, ყველაფერი აირიოს და გადაირიოს! ამაზე ნაკლებს მაინც არ იმსახურებდა, ლარო.
ვფიქრობ როგორ გავაგრძელო და თან მარგალიტებს ვუცქერ. ლარისას ბებომ დაუტოვა. მე ლარისამ. არა, არც თამარა არც მარიტა. მე ამომირჩია. მე უპატრონო.
ალბათ, მიხვდებოდით – ფაქტი, რომ სამკაული მე მაქვს, ლარისასთვის კარგს არ ნიშნავს. ადგა და წავიდა.
აი, ასე – მიწამ ჩაყლაპა.

ცოცხალია/მკვდარია; არაფერი ვიცით.

ერთხელ, გამოგვიცხადა – კისერს მოხვეული სიმძიმით ვცხოვრობ. არ მაძინებენ. მელაპარაკებიანო. მე საპასუხოდ გავეკაიფე : მალე გოლუმი გაიჩითები – მეთქი. ჩემს ხუმრობას შესაფერისი ოვაცია არ მოჰყვა. მარიტა გარტყმაში არ იყო ვინ ან რა იყო გოლუმი. მეც ახსნა დავიწყე : აი, ფილმია, შე გოიმო, „ბეჭდების მბრძანებელი“. იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოლუმი. მახინჯი არსება. საზიზღარი. ბეჭედმა გადარია. ჭკუიდან აჭრა. მოკლედ, გოლუმის რთული ფსიქოპორტრეტი ,ასე თუ ისე, ნათლად აღვწერე. რაღაც საერთო მართლა ჰქონდათ ამ სამკაულსა და იმ ბეჭედს.
სიზმარიცაა და სიზმარიც; აი, ლარისას სიზმრები სჯა-ბაასის საგანი ხდებოდნენ.

ძირითადად გრძელი, ნათელი დერეფნის გამოჩენით იწყებოდნენ. პირველად შეეშინდა. ეგრევე გაეღვიძა. საბანში გაეხვა. შემდეგ შეეჩვია და სინათლეს გაჰყვა. გაშლილ მდელოზე ამოჰყო თავი. რაღაც ციცინათელების მსგავსნი დაფრინავდნენ. მე თუ მკითხავ ეს ციცინათელები კი არა, ფრთებგამობმული მარგალიტები იყვნენ. ჰო, მეც ვეღარ ვარ უკვე საღ ჭკუაზე. აი, წარმომიდგინეთ, როგორც ვზივარ ამხელა მუტრუკი და წერისას ვცდილობ გონებაში მფრინავი მარგალიტების დახატვას და თქვენც დამეთანხმებით. ისე იყო თუ ასე, ლარისას თქმით, სადღაც ძალიან შორს, მდელოზე, თავს მშვიდად გრძნობდა. ერთმანეთში აზელილი ხმები, რომლებიც დღისით მოსვენებას არ აძლევდნენ, წინადადებებად ლაგდებოდნენ. ლარისაც ყურადღებით უსმენდა.
რა თქმა უნდა, მე ამ ყველაფერს ზაფხულის ცხელ ღამეებსა და დაღლილობას მივაწერდი. რა სულელი ვიყავი!
ახლა, როდესაც მეც შემაწუხეს ამ ქაოტურმა ბგერებმა, ძალიან ვნანობ.

მოდი, ცოტას წავიფილოსოფოსებ; უფრო სწორად ლარისას სიტყვებს გავიმეორებ და შეძლებისდაგვარად განვავრცობ. ხომ გითხარით მაგარი ჭკვიანი იყო – მეთქი? ჰოდა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, ამ თავისი სამკაულის საიდუმლოც თავისებურად ახსნა : ლაროს

აზრით, მარგალიტები მფლობელის დარდებით ივსებიან. იმ უთქმელი სიტყვებითა და ფიქრებით, რომლებსაც ღრმად მარხავენ საკუთარ სხეულებში. ასე იკვრება მარგალიტი და ცდილობს ამბავი ვინმესთან მიიტანოს. მოკლედ, რაღაც მოთხრობების კრებულის მსგავსია ეს ყელსაბამი. თითო მარგალიტი, თითო მოთხრობაა. მაშინ საიდან მოდიან ეს ხმები? ახლა გონება დაძაბეთ! ერთხელაც წარმოიდგინეთ ბრბო; ას ოთხმოცი კაცი. ყველა თავისას უბერავს. მეორეს არც ლაპარაკს აცდის და არც უსმენს. აგერ, შენი ქაოტური, ერთმანეთში აზელილი ბგერებიც აიხსნა.
ამ აზრს რომ გავყვეთ, ეს ყელსაბამი წყევლა კი არა რაღაც მხრივ მადლიც გამოდის. (ან შეიძლება ორივე ერთადაც)
ბოლო სიზმარი, რომელიც ლარისამ გვიამბო, განსაკუთრებით საინტერესო იყო: არც დერეფანი, არც სინათლე. მოქმედების ადგილი „კანატკა“.
მეც იქვე კუთხეში ვიჯექი ჩემს კიბეზე ნახატებთან ერთად და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. ლარო გვერდით მყავდა. მართობდა. ამ დროს ვიღაც მოგვიახლოვდა. არა, თქვენც არ მომიკვდეთ, ჩემი ნახატები სულ ცალ ფეხზე ეკიდა. თურმე, ლარისას ყელსაბამი დაუნახავს. ჯერ უთხოვია მომყიდეო. უარის მიღების შემდეგ კი გამოწეულა. გაცოფებულმა დამიფრთხო, ლარო.
იმედია, სიზმარში მაინც ვივაჟკაცე და წამოვხტი. ცემაში ვერ გავხევდი, მაგრამ ერთს მაინც ხომ ვუთავაზებდი? ლარისამ დამცინა – ალექს, შენს ძალაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გეფიცები შემდეგ რა მოხდა არ მახსოვსო.
ლარისამ, რაღაც მაფრთხილებს სამკაული არ მოიშოროო. მე სულ სხვამ ჩამაფიქრდა. წეღან კი ვთქვი, მაგრამ ეგრე მოკლედაც თქმა არ გამოდის. ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ აგიხსნით როგორი გაბოროტებულია ხალხი. სამკაული კი არა შეიძლება ტანსაცმელი შემოგახიონ. ოღონდ რამე გაყიდონ. საქმეების გარჩევა და მუშტი-კრივი; რამდენიც გინდა სულო და გულო. კიდევ კარგი ბევრს ვერაფერს ვყიდი, თორემ უეჭველად მეც მომადგებოდნენ.

 

 

 

1 2 3