ტილების დამხილველნი

 

პატარას შუბლი, დაფარული წითურ ლაქებით,

მინდობილია ბუნდოვანი სიზმრების წყებას.

თხელი თითებით და ვერცხლისფერ ფრჩხილთა კვესებით

ორი ლამაზი და მოდის და საწოლთან დგება.

 

ბავშვს სვამენ ღია ფანჯარასთან. სინათლით სავსე

ლურჯი ჰაერი თეთრ ყვავილებს ელაციცება.

გრილი ცვარ-ნამი ეფინება აჩეჩილ თმაზე –

იქ დაცოცავენ მისი დების ჯადო-თითები.

 

ის უსმენს დების სუნთქვის ხმაში ფრთხილ და ჩუმ ჰანგებს,

რომელთაც ახლავს მინდვრის თაფლის ნაზი სურნელი,

ზოგჯერ რომ წყდება, იმ დროს ნერწყვი ადგება ბაგეს

გემოს შეგრძნების ან უბრალოდ, კოცნის სურვილით.

 

ესმის წამწამთა ფახულის ხმაც ამ სურნელოვან

სიჩუმეში; და გრძნობს ელექტრულ თითებს მცოცავებს.

ატკაცუნებენ ნება-ნება იქ დაუნდობლად

და დედოფალთა ფრჩხილებით მის ტილებს ხოცავენ.

 

ბავშვს მოერია მათრობელა სიზანტის ბანგი,

და ჰარმონიკის ნაზი ოხვრით ბრაზიც განიმქვრა.

დუნე ალერსი და პატარა გრძნობს, უნდა, მაგრამ

იკავებს ტირილს, რომ როგორმე გულში ჩაიკლას.

 

 

ზამთრის ზმანება

 

ზამთარი. წავალთ ვარდისფერი კოხტა ვაგონით,

ლურჯ ბალიშებში ჩავფუმფულდებით.

ვიქნებით მყუდროდ და მრავალი კოცნა-ამბორი

დაიდებს ბინას ფაფუკ ბუდეში.

 

შენ თვალს მილულავ, რომ ლანდები არ დაინახო,

სარკმელის მიღმა თანამდევ ბინდში,

აჩრდილთა როკვა და უგვანი მანჭვა-მიმოხვრა,

შავი მგლების თუ დემონთა ჯიშის.

 

მერე ლოყაზე უეცარი ნაკაწრის გრძნობა –

გაკოცებ უხმოდ, შენ შეკრთები, თითქოს ობობამ

გადაგირბინა უცებ კისერზე.

 

მეტყვი: „ეძებე!..“ და თავს სწრაფად უკან გადასწევ.

ჩვენ ვეძებთ დიდხანს, მან კი სადღაც მაინც გაგვასწრო –

მიცოცავს იქ და ბნელ გზას მისერავს.

 

 

1 2