პირველი საღამო

 

შიშველი იყო თითქმის სრულებით

და მაღალი და ურცხვი ხეები

სარკმელს მაცდურად უფათურებდნენ

თავისი გრძელი ტოტებ-ხელებით.

ის იფარავდა ხელით სიშიშვლე

ს ჩემს მაღალ სკამზე მჯდომარე კოხტად,

იატაკზე კი ტერფი მისივე

ვნებისმომგვრელად ჩანდა და თრთოდა.

 

და ვუცქეროდი სხივებს ცვილისფერს –

ულაციცებდა როგორც არილი

ღიმილში მას და შუქი იგივე

ვარდისფერ მკერდზე აჩნდა ხალივით.

 

 

მე ვუკოცნიდი წვივ-კოჭებს ნაზს და

სიცილ-კისკისი ღიმს მოყოლილი

ისმოდა რაღაც გალობის მსგავსად

და წკრიალებდა თითქოს ბროლივით.

 

მოხდენილი და თეთრი ფეხები

შეფარებული პერანგს ნახევრად;

მწველი სიცილი, ასე აღმგზნები,

მიხმობდა: „მოდი!“ – ძალას მმატებდა.

 

ვკოცნიდი, ის კი თრთოდა საბრალოდ,

ვეწაფებოდი ტკბილ-ბადაგიანს

და თავი უკან რომ გადააგდო,

„ასეო, ასე უფრო კარგია!

 

ო, ერთი წუთით, ჩემო ბატონო…“

ვკოცნიდი მკერდზე უკვე გიჟივით –

ცეცხლს მიკიდებდა, ისე მატკბობდა –

ნაზ ოხვრაში და სიცილ-სიცილში…

 

შიშველი იყო თითქმის სრულებით

და მაღალი და ურცხვი ხეები

სარკმელს მაცდურად უფათურებდნენ

თავისი გრძელი ტოტებ-ხელებით.

 

***

ეს ალმეაა?*.. სილურჯე რომ გადაიშლება,

გაქრება როგორც ყვავილები – ცეცხლ-ალისფერად.

 

ამ მშვენიერ და ამ კაშკაშა სივრცის წინაშე

ვგრძნობთ ვრცლად განფენილ ქალაქისას სუნთქვა-სინათლეს!

 

რა ლამაზია! რა საამო! და რა კარგია

მეთევზე ქალი, კორსერის ხმა, ო, რა ჰანგია!

 

თუმცა მიყუჩდნენ, ეს ნიღბები მაინც სხვა გეშით

ელტვიან ლხენას ზღვის ღამეულ სიხალასეში.

 

—————————————–

*ალმეა – აღმოსავლელი მოცეკვავე ქალი

 

 

 

თარგმნა თემურ ჩხეტიანმა

(პწკარედი ფრანგულიდან ქეთევან კოკოზაშვილისა).

 

 

 

 

 

1 2