სახსოვარი
აქედან ვუმზერ გარდასულებს, ვით ამბრაზურას
და მიჭირს ახლა გავიხსენო რამე გარკვევით,
იყო ცხოვრება სპექტაკლივით და ის დასრულდა,
რადგან ისინი აღარ ჩანან უკვე სარკეში
და არც უსარკოდ. ასეთია ხვედრი წასულთა.
კინოჩვენება იყო თითქოს, ანდა თეატრი;
აბსურდის? მაგრამ დასრულებით მართლა დასრულდა,
დანარჩენი კი მართლა იყო? ან რას შეადრი
მათ ყოფნას? თითქოს აჩრდილები დარჩნენ კედლებზე…
იქნებ ეს იყო თოჯინების უხმო სპექტაკლი?
არავინ უხმობს, არც იხსენებს და არც ედრება,
ყოფიერება მათი უკვე სუფთა დაფაა.
არაფერია არყოფნაზე უფრო სპეტაკი.