***  

ვერ მივატოვებ ჩემს თავს ახლა ვერცერთი წუთით,
რადგან მაკვირვებს არა მარტო მორალური კანონი ჩემში
და ჩემს თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,
არამედ მიკვირს ყველაფერი, მიკვირს ღამის ხვეულები
ჩემს არსებაში, რომელსაც ნელა მივყვები ქვემოთ,
სიღრმისკენ, წარსულისკენ, იმისკენ, რაც უკვე იყო
და ვხედავ ნაცნობ და მომღიმარ ადამიანებს, ჰო, ვხედავ,
ვხედავ ნაცნობ, დაუვიწყარ და დაღვრემილ ადამიანებს,
ვხედავ მათ, ვისაც ვეხებოდი, ვინც მეხებოდა,
ვხედავ მათს ხელებს, მათს სახეებს, მათს გარინდებას,
მათს გაოცებას, მათს გარდამავალ და ჩუმ განსაცდელს,
ვხედავ იმას, რაც დღეს უკვე ჩემზე ვრცელდება,
ვრცელდება ქარი, ქარ- წვიმა და ჯუჯა ხეები,
უფორმო სივრცე, ჰორიზონტი და სხვა ლანდშაფტი,
ვერ მივატოვებ ჩემს თავს ღამით გამოღვიძებულს,
რადგან მიკვირს არა მარტო მორალური კანონი ჩემში
და ცისკიდურზე გარინდებით დამდგარი მთვარე,
არამედ მიკვირს ამორალობაც და არ მინდა დავკარგო
ვნება, რომელიც წარსულს ებღაუჭება და აცოცხლებს
ჩამქრალ სურათებს და აცოცხლებს იმ ადამიანს,
რომელიც სიზმრად მეცხადება, მის სახეზე გარდამავალ
განცდებს აცოცხლებს  და ვგრძნობ, მასაც ჩემსავით
უკვირს ამ შუაღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცა
და მორალური კანონი ჩემში… და უკვირს ჩემი ამორალობაც,
ჩემი ყოფნა და ჩემი ტანჯვაც, ჩემი მუდმივი მარტოობაც…
ის იქ არის, სადაც არც მთვარეა და, სამწუხაროდ, არც ვარსკვლავები…

 

 

1 2 3 4