ძველი სახლი

მე იქ დავბრუნდი, სოლოლაკში, საიდანაც
ჩვენ წამოვედით და შენ კი სად ხარ?
სად არის თვითონ ის ცხოვრება, რომელიც იყო,
ან ის სახლი სადღა არის, თუმც კი იქვე დგას,
მაინც სად არის, სადაც ჩვენ ერთად
თავს ვიყრიდით, სად არის თვითონ სოლოლაკი?
სად არის სკვერი იმ უცნაურ სოლოლაკისა,
ამაღლების ქუჩის ბოლოს ობლად რომ ენთო?
სად წავიდნენ ვრცელი, ხანგრძლივი საღამოები,
რომლებიც ჩვენი ბინის კედლებზე ქსოვდნენ
აჩრდილებს? ჩვენ გავეშურეთ უკვე ყველანი
სხვადასხვა მხარეს, მაგრამ საღამო კვლავინდებურად
ჩამოწვება იქ, სადაც შევხვდით და მეც ეს მინდა,
მე მინდა ჩუმად, უხმაუროდ მივიდე სახლთან,
სადაც ვიცხოვრეთ და დავტოვეთ სივრცე, რომელშიც
მე კვლავ ვმოძრაობ ჩემს ძველ სიზმრებში…
ეს ადგილია, სადაც ჩვენ ერთად შევიყარეთ
თავდაპირველად, სადაც მე თვალი ავახილე,
შევეხე ნივთებს, შევეხე ფანჯრებს, საღამოებს,
ჩემს თავს შევეხე… და ამიტომაც იქ ვბრუნდები,
მაგრამ შენ სად ხარ? ნუთუ მთლიანად ამოხვედი
ამ სივრციდან და გაგვეცალე? წახვედი და თან
კარი დატოვე ოდნავ ღია   ნასაღამოვებს…

სადღა დავბრუნდე, რა აზრი აქვს იქ დაბრუნებას?
იქ ხომ არავინ აღარ არის და შენც წახვედი,
საღამო ადგას იმ სახლსაც და ქუჩის კუთხესაც,
და ეს საღამო არის სწორედ იმის ნიშანი,
რომ იქ ვინც იყო, სათითაოდ წავიდა ყველა.
აზრი არა აქვს დაბრუნებას, ჩვენ იქ ვიყავით,
ჩვენ იქ ვიცხოვრეთ, ამას ერქვა ალბათ ცხოვრება
და ჯერ თანდათან გავიფანტეთ სხვადასხვა მხარეს,
მერე წავედით. ასე ტოვებს მთვარე შენობებს, სახურავებს,
ასე ტოვებენ ფრინველები თავის ბუდეებს,
და ჩვენც ასე ვართ – ერთმანეთს ვტოვებთ,
მაგრამ მე მაინც, მოდი, მივალ იმ შენობასთან,
მე მაინც მივალ იმ ფანჯრებთან და იმ სახლთანაც,
სადაც ვიცხოვრეთ,  და ერთმანეთს უკვე იმდენჯერ
შევეყარეთ და შევესწარით,  შევეზიარეთ,
რომ კვლავ შეხვედრის სურვილს, ვიცი, ვერ გავექცევი.

 

1 2 3 4