ალეკო შუღლაძე ახალი რომანით „გადამალვა“ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ქართულ ლიტერატურას. ზემოთ აღნიშნული ტექსტი  „საბას“ პრემიით დაჯილდოვდა წლის საუკეთესო რომანისთვის.

რომანში, პირველი გვერდებიდანვე, თხრობა საკმაოდ მსუბუქია. დასაწყისში მთხრობელი, რომელიც თავად მწერლის სახელსა და გვარს ატარებს, – ბავშვობას იხსენებს; ძველი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მომხდარი ამბები მკითხველს ართობს, თუმცა ერთგვარ შიშსაც აღუძრავს: ხომ არ გვაქვს საქმე ბოლო პერიოდის ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის  დამახასიათებელ ზერელე დამოკიდებულებასთან,  ზედაპირულ სიმსუბუქესთან? თუმცა, მოულოდნელად, რომანის სიუჟეტი, მალევე საკმაოდ მძიმდება. მთხრობელის დედა, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, ზემოთ ნახსენები ლიფტით ჩაჰყავთ ქვევით, საავადმყოფოში კი მას სასიკვდილო დაავადებას – სიმსივნეს აღმოუჩენენ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა. მთხრობელთან ერთად, სწორედ დედა – ლენა ხუბოვია „გადამალვის“ ცენტრალური ფიგურა.

რომანის ძირითადი ნაწილი სწორედ დედის ნელი კვდომის პროცესზე, მის გაუსაძლის მდგომარეობაზე დაკვირვებაა, რაც ნელ-ნელა თავისთავად გვაგზავნის ეგზისტენციალისტურ ფილოსოფიასა და მწერლობასთან, ალბერ კამიუს ტექსტებთან, ვის პერსონჟებსაც ავტორი პირდაპირაც მოიხსენიებს. ზოგჯერ თითქოს მათთან გარკვეულ პოლემიკაშიც შედის ხოლმე. თუმცა, აქ ნაკლებად იგრძნობა დისტანცია და  „გულგრილობა“ მთავარი გმირის მხრიდან. ის ყველაფერს აკეთებს, რაც მის შესაძლებლობებშია, მთლიანად უთმობს საკუთარ ცხოვრებას გონებრივად დაავადებული დისა და მომაკვდავი დედის მოვლას. კამიუსეული „შავი ჭირის“ პერსონაჟის, ექიმი კოტარის მსგავსად, მანაც იცის,  რომ არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის რაციონალური გზა არ არსებობს. მისი მცდელობა,  საკუთარი პირადი ცხოვრების პატარა ნაწილი როგორღაც უკან დაიბრუნოს –  თავისზე ბევრად ახალგაზრდა ყოფილ მეგობარ გოგონასთან უიღბლო სტუმრობაა. ეს ეპიზოდი სასოწარკვეთილ, უსუსურ გაბრძოლებას უფრო ჰგავს, ვიდრე „შემობრუნების“ რეალური შანსის ძიებას. ამ ყველაფერს თავადაც მშვენივრად აცნობიერებს.

როგორც აღვნიშნეთ, ავტორი ეგზისტენციალურ პრობლემატიკას საკმაოდ თამამად წარმოაჩენს და კარგადაც გვისურათებს იმ  გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანი შეიძლება მოულოდნელად ჩავარდეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც იმავე მიმდინარეობის ავტორებთან გვაგზავნის – ეს სიკვდილისადმი საზოგადოების დამოკიდებულებისთვის თვალის მიდევნებაა. იმაზე დაკვირვება, თუ როგორი მიმართება აქვთ ადამიანებს სასიკვდილოდ გადადებულთან და მის ოჯახთან. თუკი „უცხოს“ მთავარ პერსონაჟს, მარსოს გულგრილობისთვის ასამართლებენ – ელოდებიან დაღვრილ ცრემლს, გლოვასა და ყველაფერ იმას, რაც „აუცილებელია“ ასეთ დროს, „გადამალვის“ შემთხვევაში ასეთ „აუცილებლობად“ ლენა ხუბოვის სიკვდილია მიჩნეული. ადამიანების მოჩვენებითი თუ გულწრფელი თანაგრძნობა ადრე თუ გვიან მოლოდინით იცვლება. ავადმყოფი თითქოს ვალდებულიც კია, გარდაიცვალოს. მთავარი გმირის მიერ დედის გადარჩენის მცდელობა – მისი ინდოეთში „გაპარება“ და იქ „გადამალვა“, გამოძიების საგნად არის ქცეული და ესეც ნიშანდობლივია.  ამ შემთხვევაში, არა გულგრილობისთვის, არამედ პირიქით, რომანის მთავარ პერსონაჟს, ალეკო შუღლაძეს დახმარების მცდელობისთვის სთხოვენ პასუხს.

უნდა ითქვას, რომ  რომანის ბოლო ნაწილი – „ირაციონალურის შემოშვება“ ავტორის მხრიდან არსებული მდგომარეობიდან გაღწევის, უიმედო მდგომარეობის გადალახვისა და სასიცოცხლოდ ახალი სივრცის პოვნის მცდელობაა. დედის სიკვდილის გათამაშება, საინტერესო სვლაა – სიკვდილის მომლოდინე საზოგადოებამ  უნდა მიიღოს ის, რასაც ელოდება. თუმცა მთავარი პერსონაჟის ეს ქმედება ყოველმხრივ „ალყაშემორტყმული“, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის სასოწაკვეთილი, მართლაც ირაციონლური გაბრძოლება არ გახლავთ (რაც ალბათ უფრო მეტ დამაჯერებლობასაც შესძენდა ტექსტს),  დედის ფორმალურმა სიკვდილმა ბიძგი უნდა მისცეს ახალ სივრცეში გაღწევას და ახალი ცხოვრების დაწყებას უკვე რწმენის სამყაროში. ამგვარი სამყაროდ ავტორს ინდოეთი წარმოუდგენია.

ინდოეთში წასვლა, მომაკვდავ დედასთან ერთად, რომელიც მორფინის გარეშე ვეღარ ძლებს – მთასთან მისასვლელად, რომლის დანახვაც მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ; იმის გასაგებად, რომ სიკვდილი არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთის ადამიანს ჰგონია – ოდნავ სწორხაზოვნად გამოიყურება. ეს ყველაფერი უფრო მოდერნისტული ტრადიციის, მოდერნისტი ავტორების აღმოსავლური სამყაროთი და ეზოთერული სიბრძნით გატაცების პოსტმოდერნისტულ იმიტაციას და პაროდირებას წააგავს. არადა, ტექსტში უკურნებელი სენის თემა თავიდანვე მძიმედ შემოდის, მერე და მერე,  დედის ავადმყოფობის თანამდევ ყოველდღიურ რუტინას, რაც მეტად ვეცნობით, მდგომარეობა  კიდევ უფრო მძიმდება – ფინალში სწორედ გაღწევის, ერთგვარი „ხსნის“ პოვნის სურვილი ჩნდება და ზემოთ ნახსენები ირონიისთვის ნაკლებად რჩება ადგილი.

რელიგიურობასთან, მით უფრო ქართველებისთვის ეგზოტიკურ რელიგიასთან მიბრუნება ავტორის გულწრფელ სურვილს ამხელს, ჩანს, მთხრობელი თავიდანვე ამისათვის იყო განწყობილი და მიზანიმართულად მიდიოდა ამ მიმართულებით.  თუმცა, ჩემი აზრით,  რომანის ამგვარი დაბოლოვება, ნაწარმოების თავისებური შინაგანი ლოგიკიდან ოდნავ აცდენილია. ტექსტში წამოჭრილი ეგზისტენციალური პრობლემების ასე მარტივად გადაწყვეტა ვერ გამოიყურება დამაჯერებლად. შესაძლოა, ვთქვათ, რომ თანამედროვე დასავლელი ადამიანისთვის  რელიგიასთან, რწმენასთან დაბრუნება ზოგადად მოკლებლია დამაჯერებლობას, მაგრამ ის  ინდოეთის შორეული სამყაროც საკმაოდ ფერმკრთალად გამოიყურება აღნიშნულ ტექსტში.

სასწაული ადამიანებს მხოლოდ იქ, სადღაც შორს გვეგულება და ამ შემთხვევაში ეს „შორს“ – ინდოეთია, თორემ სხვა არაფერი განსაკუთრებული როლი ამ კულტურას რომანში არ აკისრია, გარდა იმისა, რომ ის უცხოა, ეგზოტიკურია და შორეულია. თითქმის იგივე იქნებოდა, ასეთი „გადამალვა“ სადმე ქრისტიანულ მონასტერში რომ მომხდარიყო, ვთქვათ, რომელიმე „სასწაულთმოქმედ“ ბერთან – რაც ალბათ უფრო აქტუალურადაც აღიქმებოდა დღევანდელ საქართველოში.