ცურავდით დინების საწინააღმდეგო მიმართულებით?

დინებაც არის და დინებაც. მე და ჩემს მეგობარს, ოთარ წერეთელს გვიყვარდა კონსერვატიული  ჯგუფების ეტაპაჟური შოკირება. რატომ – იმიტომ, რომ მე თავისუფლებისკენ მიმიწევს გული, იდეოლოგიით ლიბერალი ვარ, ბუნებრივია. თან მე ლიბერალიზმი თეორიულადაც კარგად ვიცი, ჯონ ლოკიც  მაქვს წაკითხული, მონტესკიეც,ლორდ ექტონიც – ისე კი არ ვიცი, უბრალოდ „თავისუფლება! თავისუფლებას!“ რომ გაჰყვირიან.  მიმაჩნია, რომ ადამიანისთვის თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. რაც უნდა კარგ პირობებში ჩამაყენო, თუ თავისუფალი არ ვარ, ბედნიერი არ შეიძლება, ვიყო. მე! მაგრამ ყველა ერთნაირი არაა. სადღაც მიწერია, რომ ზოგი ამბობს: „თავისუფლება საშიშია, იწვევს დესტაბილიზაციას.“ იცით, რა, ყველაზე ნაკლებად საშიშია, თუ დაგიჭირეს და ციხეში ჩაგსვეს: იქ ბალანდასაც გაჭმევენ სამჯერ დღეში, არაფერი დაგემართება – თუ იქ არ გცემეს, თუ მარტო ზიხარ, ხომ არ გცემენ – მაგრამ გინდა ეს? მე არ მინდა. თქვენ მკითხეთ: თუ მივდიოდი დინების საწინააღმდეგოდ. მე მივდიოდი უშნო კონსერვატიზმის წინააღმდეგ. მე თვითონ ზომიერი ლიბერალი ვარ, საერთოდ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ზომიერება ყველაფერში, ისევე, როგორც ქცევაში. სადღაც მიწერია კიდეც, რომ ზოგჯერ ნამდვილ ლიბერტარიანულ იდეებს ვეწინააღმდეგები კიდეც, მაგალითად, დასჯის საკითხში. ადამიანი, რომელიც აწამებს ვიღაცას, მათ შორის ბავშვს, წამებით მოკლავს და შენ რაღაც ათ წელს მიუსჯი, რომ იჯდეს ციხეში – მე მგონი, საკმარისი არაა. იმას გაცილებით მეტი სასჯელი ეკუთვნის. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ეს სასჯელი, ხომ არ ვიტყვი, რომ ვაწამოთ, არა? მაგრამ ამ შემთხვევაში მე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივ, სტანდარტულ ლიბერალიზმს ვცილდები და მიმაჩნია, რომ ჰო, მას ძალიან სერიოზული სასჯელი ეკუთვნის. ზედმეტად კონსერვატიული ჯგუფები ძალიან ხშირად ამოფარებული არიან რელიგიას. ეკლესიამ, რელიგიამ დიდი როლი ითამაშა ჩვენს იდენტობაში, მაგრამ რელიგიას ამოფარებულები რომ უტევენ თავისუფლებას – ეს ჩემთვის მიუღებელია.

რომ დავახარისხოთ: თქვენი ცხოვრების რომელ პერიოდში გქონდათ თავისუფლების ყველაზე მაღალი ხარისხი და რაში გამოვლინდა ის?

საბჭოთა სინამდვილეში შეიძლება პირადი სულიერი თავისუფლება გქონოდა, მაგრამ, რასაკვირველია, შებოჭილი იყავი. დღესმე თუ მინდა, შემიძლია, დავაარსო გაზეთი, პოლიტიკური პარტია (იმას არ ნიშნავს, რომ ამირჩევენ), ტელევიზია – აგერ, 90 ტელევიზიაა. შემიძლია, გავხსნა მაღაზია. კიდევ რა შემიძლია – მოდით, ეს პანდემია გამოვრიცხოთ, ეს ცალკე თემაა, ძალიან ცუდი და უსიამოვნო: შემიძლია, წავიდე ევროპის ქვეყანაში, მაგალითად, პარიზის ცენტრში, დავჯდე, ყავა დავლიო და წამოვიდე უკან. ეს არაფერი არ შეგვეძლო, პოლიტიკური პარტიის ხსენებაზე წამსვე „ნივიეზდნოი“  გახდებოდი. „ნევიეზდნოი“არ ითარგმნება – არ გვაქვს ეს სიტყვა ქართულში, არც ინგლისურში. ბუნებრივია, სახელმწიფო რელიგიის წინააღმდეგიც იყო და შენ თუ ეკლესიაში დადიოდი, არ ჩაგსვამდნენ, მაგრამ არ დაგაწინაურებდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენი თარჯი იყო, რამდენ რამეში გიშლიდნენ ხელს, თავისუფლების ძალიან მცირე ხარისხი გქონდა. არ ვლაპარაკობ ლიტერატურაზე: პასტერნაკის „დოქტორ ჟივაგო“ და ორუელის „1984“ ორივე ამერიკაში წავიკითხე, ოჯახებში (80-იან წლებში, როცა უკვედაიწყო ცვლილებები საბჭოთა კავშირში, შევძელით, დაგვემეგობრებინა  ატლანტა და თბილისი, მეც ვიყავი ამის ერთი ინიციატორი,ფუძემდებელიც,შეიძლება ითქვას. გაცვლითი პროგრამები იყო – აქედან მიდიოდნენ იქ, იცხოვრებდნენ ოჯახში,მერე ისინი აქეთ – ისევ ოჯახებში).  ჰოდა, ეს წიგნები წავიკითხე იქ, ოჯახში, მთელი ღამე გავათენე.  წაიღეო, მითხრეს. ვერ წავიღებ, არა მარტო წამართმევენ, „ნივიეზდნოი“ გავხდები-მეთქი. ეს ყველაფერი დავიწყებული აქვს დღეს ყველას. რასაკვირველია, ყველაზე მაღალი თავისუფლების ხარისხი მაქვს დღეს.

დაბრუნება რომ შეგეძლოთ 60 წლით უკან, ოღონდ – დღევანდელ პერიოდში. რას შეძლებდით იმ 20 წლის ასაკში და დღევანდელ გარემოში როგორ დაიწყებდით? 

ერთ-ერთ ვარიანტად –  მივანებებდი ყველაფერს თავს (იმ ასაკში – ახლა 82-ისას გამიჭირდება) და კუნძულ ტაიტიზე წავიდოდი, როგორც გოგენი, დავჯდებოდი და იქაურ გოგოებს დავხატავდი. რა, ცუდია? თქვენ მეტყვით:  ყველაფერს, მათ შორის ტაიტიმდე მისვლასაც სჭირდება ფული. მაგრამ ამ ფულს შეაგროვებ როგორმე და იქ რაღაც უნდა იჩალიჩო. რას გავაკეთებდი ყველაზე უფრო, რა  მიმართულებით წავიდოდი, ეს ძნელი სათქმელია, როცა ამდენი არჩევანია. აქვე დავასახელებ, რა არის თავისუფლება – ეს ჩემი დეფინიციაა, საავტორო უფლება მაქვს: თავისუფლება არის  ხელმისაწვდომი  ალტერნატივების სიმრავლე ცხოვრების ყველა ასპექტში. ავიღოთ პოლიტიკა: რამდენი ალტერნატივაც გაქვს, იმდენად თავისუფალი ხარ. რელიგიაშიც იგივე, ეკონომიკაშიც. თუ ფული არ გაქვს, ის ხელმისაწვდომი სიმრავლე არაა. საბჭოთა კავშირში პირიქით იყო: შეიძლება, ფული გქონოდა და ალტერნატივა არა. დღევანდელ პირობებში თავსუფლების ხარისხი არის გაცილებით მაღალი,თუმცა ისევ უნდა ვილაპარაკოთ ხელმისაწვდომობაზე.

სულ მახსენდება, იყო ფილიპინებზე დიქტატორი  მარკოს ფერდინანდ.ჰყავდა მეუღლე იმელდა მარკოსი, რომელიც  თბილისშიც იყო ჩამოსული საბჭოთა დროს. ხომ იცით, პრესას როგორ უყვარს ასეთი ამბები და ერთ-ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა დაწერა, რომ იმელდას ჰქონია 2000 წყვილი ფეხსაცმელი. ეს თავისუფლების დოზა, ხელმისაწვდომობა ფეხსაცმლის აპექტში არის წარმოუდგენელი. თუმცა ასეთ დროს არჩევანის საკითხი ჩნდება, რომელსაც ეძახიან კოგნიტურ დისონანს. როგორ უნდა აირჩიო?  სამ ფეხსაცმელზე მეტი არასოდეს მქონია, ჰა და ჰა – 4 და ამ მხრივ არც არჩევანის პრობლემა მქონია არასოდეს. თავისუფლების ძალიან მაღალი ხარისხი აჩენს კოგნიტურ დისონანსს. ის თავისუფლებაა ყველაზე კარგი, რომელშიც ადამიანს არ უჭირს არჩევანის გაკეთება. კანომდებლობა, საზოგადოება, მისი ნორმები უნდა აწესრიგებდეს ამას. მოკლედ, მე ვერ გიპასუხეთ ზუსტად, რას გავაკეთებდი, რა მიმართულებით წავიდოდი: დიპლომატია, წერა, მუსიკა…. ფაქტია, რომ ვიქნებოდი ძალიან აქტიური და ფაქტია, რომ მერჩივნა, ვყოფილიყავი 20 წლის ლიბერალურ დემოკრატიულ რეჟიმში, რომელშიც ჯერ კიდევ არ ვართ, მაგრამ ვიქნებით.

ეს წიგნიც არ დაიწერებოდა, რომელიც მე ახლა ხელში მჭირავს: „English – როგორ ვსწავლობდი და როგორ ვასწავლიდი“ – უბრალოდ, დღეს არ იქნებოდა ამის საჭიროება- როცა ინგლისურის და ნებისმიერი ენის სწავლა-სწავლება გაცილებით მარტივია.

არათუ ეს, არცერთი ჩემი წიგნი არ დაიწერებოდა. მანდ ხომ ძალიან ზუსტად არის გადმოცემული, რა ძნელი იყო ჩვენი მომღერლებისთვის ამერიკული სიმღერის სიმღერა. მაგნიტოფონიდან ვერავინ ვერ იწერდა ზუსტად – არ იცოდნენ ინგლისური ამდენად, წარმოთქმა არ ესმოდათ.მე შევძელი და მერე ვუწერდი სხვებსაც. ამირან ებრალიძეს, ბუბას. ირმა სოხაძეს მე დავუწერე „მისტერ პაგანინინი“ – ძნელი დასაწერი იყო  – აბსურდისტული, გიჟური ტექსტია, ელა ფიცჯერალდი მღერის ბრწყინვალედ. მუსიკა ალბათ ყველა ვარიანტში მეყვარებდა, რადგან კარგი სმენა მაქვს: რომ დამიკრათ, იქვე დაგიწერთ, არ მჭირდება ფორტეპიანოსთან მისვლა. ერთ დროს, ნანა რომ ვითხოვე ცოლად და ცალკე გადავედით, დავიწყე მუსიკით ფულის კეთება (მამაჩემმა თვეში 80 მანეთი კი დამინიშნა, მაგრამ არ გვყოფნიდა). მაშინ ყველა ქარხანას ჰყავდა თვითმოქმედი კოლექტივი და ხელმძღვანელს ფულს უხდიდნენ. მე მაუდკამვოლის კოლექტივის ხელმძღვანელი ვიყავი. გარდა ამისა, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში ბევრი რუსის ქალი მუშაობდა, რომლებსაც სულ„ტანცუშკები“უნდოდათ და შაბათობით ცეკვები ეწყობოდა. მე, კონტრაბასისტი და მედოლე მივდიოდით და 75 მანეთს გვაძლევდნენ სამ კაცს  –  25 მანეთი რაღაცა იყო. პარტიტურას მაუდკამვოლის ორკესტრისთვის ტრამვაიში ვწერდი – ჩემთვის ეს არაფერი არ იყო. რადგან ეს ნიჭი მქონდა, ალბათ,მუსიკას მაინც მეტნაკლებად გავაკეთებდი. თუ მუსიკას გავაკეთებდი, სიმღერებსაც დავწერდი. ოღონდ არ ვიცი, იმ ტიპის სიმღერები საჭირო იქნებოდა თუ არა, რასაც ჩვენ მაშინ ვმღეროდით. ისეთ სიმღერებს ვმღეროდით, რომ გასალახები ვიყავით. კიდე კაი, არ გავულახივართ. მუსიკა კი ძალიან კარგია, მაგრამ იმ სიტყვებიანად თქვენ ვერ გიმღერებთ, უკვე ვეღარ გიმღერებთ.

ამდენი ინტერესის და პროფესიული საქმიანობის პატრონი: მუსიკა, ენა, წერა, პედაგოგობა,ხატვა,დიპლომატია..

ტელევიზია – 18 წელი მიმყავდა გადაცემა.

დიახ. ტელევიზიაც. რას იტყოდით – ყველაზე მეტად ვინ ხართ თქვენ?

ვერ ვიტყვი. ამაზე მიფიქრია. რა ვიცი, ვინ ვარ. ერთ-ერთ ჩემს წიგნს უკანა მხარეს აწერია: „ისეთივე პოლიჟანრულია ეს წიგნი, როგორც ავტორიო“.  ამ ყველაფერს ერთდროულად ვაკეთებ. უფრო სწორად – ვაკეთებდი. არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ ამ ასაკში უკვე დასუსტებული ვარ, ახლა კი ვლაპარაკობ ენთუზიაზმით, მაგრამ თქვენ რომ წახვალთ, დავწვები და ერთი სამი საათი ვიძინებ. უკვე აღარც ვუკრავ – სურვილების დეფიციტი მაქვს. რაღაც რომ მინდოდეს განსაკუთრებით –  ასეთი აღარ მაქვს. ვფიქრობ, პირადი აპოკალიფსები რომ არა, მაშინაც ასე ვიქნებოდი?  ირაკლი, ნანა… ირაკლის სიკვდილის მომენტი არ მინახავს, მაგრამ იქ ვიყავი. რაც შეეხება ნანას, აგერ, იქ იჯდა და მე გვერდით ვეჯექი… … უცებ გაეყინა თვალები…

ბატონო ბატონო გელა, 19 წლის ასაკი, მაშინაც და ახლაც, ძალიან მცირე ასაკია ოჯახის შესაქმნელად.როგორ გაუმკლავდით, როგორ მოახერხეთ, რომ ბოლომდე შეინარჩუნეთ სიყვარული?

ნამდვილი და ძლიერი სიყვარული ჩნდება სწორედ ამ ასაკში. მე ასე მწამს, რომ მაგალითად, 30 წლის ასაკში ვერავინ შემიყვარდებოდა.კი, როგორ არა, შეიყვარებ, ათასი ვინმე შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ ის, რაც მე მქონდა და ახლაც მაქვს ნანასადმი – არა! მეტყვიან ხოლმე – შენ ხომ გქონდა რაღაც ისტორიები ქალებთან და ა.შ.  ის არაფერი არ იყო! სიყვარული აბსოლუტურად სხვა რამეა და ალბათ, ვერ შევძლებდი, მაშინ რომ არ ჩასახულიყო. სწორედ იმ ასაკში ხდება ნამდვილი ტრანსფორმაცია, სხვა ადამიანად ქცევა.

საიდან იწყება სიბერე, წეღან სურვილების დეფიციტი ახსენეთ. რა არის სიბერის საუკეთესო მარკერი?

მე რომ მკითხოთ, ნამდვილი სიბერე იწყება 80-დან. 80-ის მერე ხარ ბე-ბე-რი! სურვილების გაქრობაა ყველაზე ცუდი. რომ შეგიძლია, დაჯდე და წახვიდე ტაიტიზე თუ შანზელიზეზე (პანდემიას დავივიწყოთ) და არ გინდა! სურვილების გაქრობა ყოფილა ყველაზე მძლავრი ინდიკატორი სიბერის.

პირდაპირ გეტყვით: მე მესმის, რომ მოვიდა დრო და ახლა რაღაცა უნდა მოხდეს. ასეთ რაღაცეებს ვუყურებ ძალიან მარტივად, იმიტომ, რომ სტატისტიკა ვიცი: მთელ მსოფლიოში 80-ს გადაცილებული მამაკაცების რაოდენობა არის მოსახლეობის 0,6 პროცენტი. საქართველოში მამაკაცების სიცოცხლის საშუალო  ხანგრძლივობა არის 72 წელი – ესე იგი, ჩემი ასაკი ნორმაზე მაღალია- ათი წლით მეტი ვარ. შექსპირი მოკვდა, რუსთაველი მოკვდა და მე რატომ არ უნდა მოვკვდე? უბრალოდ უნდა შეხედოამას ამ ასაკში და უნდა ცდილობდე, რომ შენი დასასრული არ იყოს დაკავშირებული მეტისმეტ ტკივილთან, წვალებასთან და ეს მოხდეს ღირსეულად – ეს სიტყვაც შეიძლება,აქ ვიხმაროთ. მე უკვე ყველაფერი ვნახე, როგორ ვიფიქრებდი, ჭირიანობას რომ ვნახავდი და აგერ – ისიც ვნახე.

ბატონო გელა, აქ, ამ სახლში ყველგან ისტორიაა: კედლებზე, თაროებზე, თქვენს წიგნებში, ტექსტებში. დიდი მემკვიდრეობა გადმოგეცათ – ისტორიის სახით. ძნელი არაა ამხელა ისტორიების ტარება, ისტორიაში  ყოფნა?

ალბათ ძნელია, მაგრამ აწი – აღარ. ისტორია ხომ  –  ეს დიდი კონტექსტია, ჩვენ ვცხოვრობთ მცირე კონტექსტში. მეც ვცხოვრობ მცირე კონტექსტში, დღევანდელი დღით.

 

 

1 2 3