ინტერვიუ გელა ჩარკვიანთან

 

დავპირდი, რომ აუცილებლად გავუგზავნიდი ინტერვიუს გამოქვეყნებამდე. „ეს ჩემი ბოლო ინტერვიუა, თქვენს შემდეგ არავინ მიმიღია,“ – მითხრა სატელეფონო საუბარში გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე.

ვერ მოვასწარი. არ ვიჩქარე. უზომოდ ვწუხვარ, რომ მასთან შეუთანხმებლად მიწევს მისი ინტერვიუს გამოქვეყნება.

ბატონო გელა, თქვენ არ გვიტოვებთ არაფერს მოსაძებნს თქვენი ცხოვრებიდან,  საქმიანი ბიოგრაფიიდან: თქვენს წიგნებში ყველა შესაძლო კითხვაზე გაეცით პასუხი, რაც კი შეიძლება, დაესვათ თქვენთვის.

შევეცადე, დამეფიქსირებინა, რასაც შევესწარი ამ ცხოვრებაში – და ეს ცხოვრება საკმაოდ ხანგრძლივია,82-ის ვარ (სხვათა შორის, არ ვარ 82-ის, მაგრამ ასე ვამბობ: ქათინაური რომ მითხრან, –  შენ 82-ისას არ გავხარ, 81-ისას გავხარო). თანაც –  ეს ხომ არ იყო ჩვეულებრივი ცხოვრება; მე დავიბადე ქვეყნის პირველი პირის ოჯახში და ბავშვობა გავატარე ძალიან პრივილეგირებულად. ჩემი სკოლის კლასიც არ იყო ჩვეულებრივი: ჩემი კლასელები იყვნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა… საბჭოთა დროშიც საკმაოდ ბევრი იყო ჩემს ცხოვრებაში საინტერესო და  მერე განსაკუთრებით – დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში. მე ვიყავი მრჩეველი პრეზიდენტ შევარდნაძის  11 წლის მანძილზე, მაშინ, როცა ისახებოდა ქვეყანა. მართალია, იმ დროიდან ხალხს ყველაზე უფრო სიდუხჭირე და უსინათლობა ახსოვს და ასეც იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, მიდიოდა პარალელური პროცესი: საქართველო გახდა გაეროს წევრი – ანუ დამოუკიდებელი სახელწიფო, ევროსაბჭოს წევრი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, მოხდა ქვეყნის აღიარება სხვა ქვეყნების მიერ.  ქვეყნის შიგნით:  ჩაისახა პარლამენტარიზმი, თავისუფალი მედია, 1996 წელს მიიღეს მიწის კანონი – არცერთ სხვა ყოფილ რესპუბლიკას არ ჰქონდა მიწის საკუთრება იმ დროს. უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, რომ ქვეყანას შეეძინა  სატრანზიტო ფუნქცია  – მაშინ დაიგეგმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რასაც საშინლად ებრძოდა რუსეთი.  მე ხომ ყველა დეტალი ვიცი, არა?  მაგრამ მაინც მოახერხეს ალიევმა, შევარდნაძემ და კლინტონმა, რაც ნიშნავდა  საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობას – უმნიშვნელოვანესს ქვეყნისთვის. ისე, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა 90-იანებში. აი, ამ წიგნში, „ნაცნობ ქიმერათა ფერხულში“ უმეტესად  90-იანი წლებია, ფაქტები და ფილოსოფიური ნაწილიც, თუ რა არის ხილული საყარო – ცვალებად ქიმერათა ნაკადი და მეტი არაფერი. ქიმერებია ყველა,  ვისაც ვიცნობ – ჩემი თავიანად.  შეიძლება, არის რაღაც, რაც ამ წიგნებში გამოვტოვე,  ან შეიძლება, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რაც პოლიტიკაში ხდებოდა, არაფერს არ ვმალავ. თუ რაღაც პირადი დავმალე, ალბათ, მეპატიება.

პროფესიით არქიტექტორი,  არქიტექტურას არ გაჰყევით, მაგრამ სამაგიეროდ, მნიშვნელოვან წლებში ქვეყნის არქიტექტონიკაში მიიღეთ მონაწილეობა.

არქიტექტონიკაში – შეიძლება. მამაჩემს უნდოდა, რომ არქიტექტორი ვყოფილიყავი, რადგან თვითონ უნდოდა არქიტექტორობა. ვხატავდი კარგად, მაგრამ მარტო ხატვა არაა ხომ  არქიტექტურა – ლე კორბუზიე და ფრენკ ლოიდ რაიტი ჩემგან არ გამოვიდოდა, ჩემი ჯგუფელი ირაკლი მასხარაშვილიც არ გამოვიდოდი და არც სხვა რომელიმე ჯგუფელი – ისინი უფრო ნიჭიერები იყვნენ.

დედაჩემსუნდოდა, რომ დირიჟორივყოფილიყავი. 2 წლის რომ ვიყავი, დამემართა პოლიომელიტი -მაშინ პოლიოს ვაქცინა არ იყო, რამაც მარცხენა ფეხის კუნთის ატროფია გამოიწვია. არ მიშლიდა მაინცადამაინც ხელს ცხოვრებაში, მაგრამ დედაჩემი ფიქრობდა, რომ დირიჟორად კაი ვიქნებოდი. ამიტომ მუსიკას ვსწავლობდი, მერე უფრო დავიწყე მუსიკოსობა და მეტი თვითონ ვისწავლე. განსაკუთრებით მაშინ, როცა შემიყვარდა ჩემი მომავალი მეუღლე – 1958 წელი იყო, 19-ის ვიყავი, ნანა – რამდენიმე თვით ჩემზე დიდი. მუსიკალურ ტექნიკუმს ამთავრებდა – შევეშვი ყველაფერს, მათ შორის არქიტექტურასაც, გეპეიში აღარ დავდიოდი და ვიჯექი მასთან სახლში. მუსიკის თეორიას მასთან ერთად ვსწავლობდი,  ვეხმარებოდი კიდეც. ფუგა უნდა დაეწერა და კომპოზიტორის ნიჭი არ ჰქონდა – მე დავუწერე ეს ფუგა, რომელიც მერე ჩემს მიუზიკლში „ნარგიზაში“ მაქვს გამოყენებული, როგორც ვოკალური ნომერი.

წიგნში „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ წერთ, რომ შემთხვევითობა ძალიან ბევრს განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებაში, რომ ერთ დღესაც რუსთაველზე ქუჩის  მეორე მხარეს რომ არ გადასულიყავით და ამერიკელ ბერტ ჯონსონს არ შეხვედროდით, თქვენი ცხოვრება ისე არ გაგრძელდებოდა, როგორც გაგრძელდა. შემდგომშიც, შემთხვევითობამ ბევრი რამ განგისაზღვრათ?

ხშირია კამათი: არსებობს თუ არა ბედისწერა, თუ ადამიანი თვითონ განსაზღვრავს თავის ცხოვრებას? ეს კამათი არის აბსოლუტური უაზრობა, იმიტომ, რომ თუ ვინმე მეტყვის, ბედისწერა იყო, შენ და ალიკა ჯაფარიძე რომ რუსთაველზე მეორე მხარეს გადახვედით და ბერტ ჯონსონს შეხვდითო, რით დავუმტკიცო, რომ არ იყო ბედისწერა? ან ის როგორ დავამტკიცო, რომ შემთხვევითობა იყო, რომ გადავედით, ბერტ ჯონსონს შევხვდით, ლიმონათი დავლეთ და ამან გადაწყვიტა მერე ჩემი პროფესიული საკითხები და არა მხოლოდ პროფესიული: სხვანაირად არც პოლიტიკასთან მექნებოდა შეხება, არც ამ წიგნს დავწერდი, არც ბევრი რამ არ მოხდებოდა.ამიტომ დიახ, შემთხვევითობა წყვეტს ძალიან ბევრ რაღაცას და კიდევ – გამოვიყენებდი ასეთ ტერმინს: ალბათობები. არის რაღაც, რასაც ძალიან მაღალი ალბათობა აქვს და აუცილებლად მოხდება. როცა რაღაცას დაბალი ალბათობა აქვს და მაინც ხდება, მაშინ ემსგავსება სასწაულს. მაგრამ ნამდვილი სასწაული მე ცხოვრებაში არ მინახია: ჩვენ ყველა ველოდებით სასწაულს. სასწაული მინდა, რომ მოხდეს, მაგრამ აი, ავიღებ ახლა ამ წიგნს, ავწევ და ხელს რომ გავუშვებ – დავარდება, თუ გინდათ, დაგენაძლავებით. ამ სამყაროს კანონების სისტემაში ასე უნდა ხდებოდეს და არასდროს არ ხდება ისეთი რამ, რაც არღვევს ამ სისტემას (რელიგიას დავანებოთ  თავი).

 

 

 

1 2 3