საღამო მოდის შორი გზიდან

 

საღამო მოდის შორი გზიდან, დათოვლილი  და

ზამთრის დუმილში ჩაძირული ნაძვების გავლით,

მერე შემცივნულ  ლოყას უცნობ ფანჯრებს ადებს და

ცდილობს,  სხვის ყოფას მიადევნოს ყური და თვალი.

დიდი სიჩუმის სუნთქვა ისმის ყველა სახლიდან:

ხანდაზმულები სავარძლებში ჩაფიქრებულან,

დედები ჰგვანან დედოფლებს და მშვიდად მართავენ

ბავშვებს, რომლებიც  არ იწყებენ თამაშს ახლიდან.

მოახლეებიც  ისვენებენ, აღარ ართავენ

არც ჯარას,  და არც სხვა ხელსაქმეს თითს არ ადებენ,

საღამო მშვიდად  აყურადებს სახლში მყოფებს და

სახლში მყოფები კი საღამოს აყურადებენ.

 

 

 

მოგონება ბავშვობიდან

 

სიმდიდრესავით ამშვენებდა სიბნელე ოთახს

სადაც ბიჭუნა თავს ირთობდა მალულ თამაშით,

და როცა დედამ აჩრდილივით ფეხი შემოდგა

ზანზარი იწყო ჭიქამ მდუმარ, ძველ კარადაში.

 

და დედამ იგრძნო, რომ ოთახმა მას უღალატა

_აქა ხარ? ჰკითხა შვილს ხმადაბლა და ეამბორა,

მერე ორთავემ ჩუმი შიშით შეავლო მზერა

ფორტეპიანოს, რომლის სსოვნას ხმებად რჩებოდა,

საღამოობით რომ უკრავდა ქალი სიმღერას,

რომელშიც ბიჭი უცნაურად იხლართებოდა.

 

ბიჭი ძალიან ჩუმად იჯდა.   მისი  წყლიანი

მზერა ბეჭდისგან დამძიმებულ ხელზე ეკიდა,

რომელიც ისე ეხებოდა ფორტეპიანოს

თეთრ კლავიშს , თითქოს დიდ  ქარბუქში გზას მიიკვლევდა.

 

 

 

1 2 3