შენ, ჩემო კარგო მეზობელო ღმერთო

 

შენ, ჩემო კარგო მეზობელო ღმერთო, ხანდახან

გრძელ ღამეში რომ ხმამაღალი  დაკაკუნებით

გაწუხებ ხოლმე,  – ეს მიტომ,  რომ  კარგი  გუნებით

ვუსმენ ჟამი-ჟამ შენს სუნთქვას და ვიცი აქა ხარ.

ვიცი მარტო ხარ შენს დარბაზში და გარეშემო

არავინ არის, შენს თითებს რომ სასმელს აწვდიდეს,

თუმცა მე აქ ვარ, მე სულ გისმენ , მე სულ ვაშენებ

ხიდებს ჩვენს შორის, დამიძახე, როცა დაგჭირდეს!

 

შემთხვევითობის წყალობაა, მხოლოდ  ეს ერთი

თხელი კედელი რომ გვყოფს, თუმცა ჩვენი ნიშანით

და  შეძახილით დასაშვები იქნება, ღმერთო,

ეს კედელი რომ უხმაუროდ ჩამოიშალოს.

აგებულია ეს კედელი ისედაც შენი

სურათებით და შენი  ხატის უცხო ნათებით.

 

სახელებივით დგანან შენს წინ ეს სურათები,

ხოლო მე ჩემში ველოდები შუქის ანთებას,

შენ ჩემი სიღრმე ამ სინათლით უკეთ შეგიცნობს

და ბრწყინვალებად  ჩარჩოებზე გაიფანტება.

 

მოდუნდებიან უშენობით ჩემი გრძნობები

დამირჩებიან უსამშობლოდ და… დავღონდები.

 

 

 

1 2 3