შეეშვი წვიმას

 

შეეშვი წვიმას. სულელია. ათასჯერ მოვა.
მაკოცე. წადი. მიმატოვე. სან-ზონა. ფრესკო.
მე, რა ხანია, გაუთეველ ღამეებს ვგლოვობ.
მე, რა ხანია, ხატვას ვსწავლობ, რომ შენი ფრესკა
ოთახის კედელს მივახატო, სადაც ვიძინებ.
ვსუნთქავ. ვუყურებ ტელევიზორს. ვწერ და მოგელი.
ოთახში, სადაც მსუბუქდება ყოფის სიმძიმე.
ოთახში, სადაც მაგიდაზე მიდევს ო’ჰენრი.
ოთახში, სადაც გეხუტები, სადაც მიგიკრავ
გულზე და წამში გულისცემა ისე მძაფრდება,
რომ ვერ დამალავს ამ ფორიაქს ჩვენი მიმიკა,
რომ ამ წვიმაშიც გადარჩება ჩვენი აფრები.
მახსოვს, გუშინაც ასე წვიმდა, თამაშ-თამაშით,
მზე ალაგ-ალაგ აპარებდა სხივებს-ოქროსფერს.
სრუტეებიც კი გავიხსენეთ: ქერჩი, ლა-მანში,
ბრისტოლი. ბაბ-ელ-მანდები და ბოლოს, ბოსფორი.
მე, რა ხანია, ხატვას ვსწავლობ, რომ შენი ფრესკა
ოთახის კედელს მივახატო, სადაც ვიძინებ.
ოთახში, სადაც მსუბუქდება ყოფის სიმძიმე.
მაკოცე. წადი. მიმატოვე. სან-ზონა. ფრესკო.

 

 

კატონ

 

ძვირფასო კატონ, კართაგენი უნდა დაინგრეს,
პუნიკურ ომებს უსათუოდ მოვუღოთ ბოლო,
გადავწვათ რომი და ნერონი დაწერს კალიგრამს,
რომიც დავლიოთ, ცას ეწიოს ფერფლი და ბოლი.
ძვირფასო კატონ, ყურმოჭრილო მონავ კეისრის,
იქნებ გადახნულ კართაგენში ვთესოთ მარილი?
წავართვათ ფლოტი, სპილოები, ყველა მეისრე,
ბოლოს აფრიკაც გამოვტაცოთ თავხედ ჰანიბალს!
ძვირფასო კატონ, სციპიონი შეხვდეს ზამასთან-
გალებს-უბადრუკთ, მომთაბარე და ველურ კელტებს,
ნუმიდიელთა ფიქრი ნუ გაქვს, გწამდეს ღალატის,
ზურგს შეაქცევენ ბრიყვ ჰანიბალს, მოწმეა ღმერთი!
ძვირფასო კატონ, რაღას უცდი, დროა მოხიკო,
რომის უძლევი იმპერიის ვეება ჯარი
და სიცილია დაიბრუნო, მერე კორსიკაც,
ძვირფასო კატონ, დამიჯერე, ტყუილად ჯავრობ,
ადრე თუ გვიან, კართაგენი უნდა დაინგრეს…

 

 

 

1 2 3 4 5