აგვისტოს წვიმა
ვიცი, არ გძინავს, გეფიქრება ალბათ აგვისტოს
გრილ საღამოზე, თავად გრილზე, ქაფქაფა ლუდზე,
ეს უხეირო სტრიქონებიც რომ გავასხვისო,
განა უკეთესს რას მივიღებ, ვზივარ და ვუმნზერ-
მოპირდაპირე კორპუსიდან მბჟუტავ სინათლეს,
ამ დროს, სოფელში დუმილს არღვევს ჭრიჭინების ხმა…
მე კი, ჯიუტად, უთავბოლო სიზმრებს მივმართავ,
ხშირად გისიზმრებ, რა კარგია, ძილინებისა.
ვიღვიძებ. ვდგები. ვერ გპოულობ. გეძებ. ვიძინებ.
ვიღვიძებ. დილა. სამსახური. ყავა. თამბაქო.
ვეწევი. ვჯდები. ვრეკავ. ვთიშავ. ვრეკავ. ვიცინი.
ვდგები. გავდივარ. გაწვიმდება. ვსუნთქავ. ქალაქიც
თითქოს თავიდან იბადება. მოთქმაა სულის-
მტვრიან ფოთოლზე წვიმის წვეთი-
კოკისპირიდან…
სიყვარულს როგორ უძლებთ?
ტელევიზორთან ვიჯექი, მთელი საღამო წვიმდა,
ლოგინზე იდო პიჯაკი, პერანგი, ქუდი, წინდა,
ხელში მეჭირა გაზეთი, აქეთ და იქით ვფურცლე,
სტატია შემხვდა ასეთი: „სიყვარულს როგორ უძლებთ?!“
განა რა დიდი რამეა, ვთქვი და სიცილი წამსკდა,
ცოცხალი იყოს კამიუ, ამგვარ გაზეთთა დასტას,
წამში მისცემდა ბუხარს, მაშინ არ ვიყო კაცი…
მე კი ვზივარ და ვწუხვარ, სახლებს და ხეებს აწვიმს…
ცხელ ჩაის ვურევ პიტნას, წუხილშიც ვურთავ სიცილს,
სიყვარულს როგორ ვიტან? ვერანაირად, მიმძიმს!
ლოგინზე იდო პიჯაკი, პერანგი, ქუდი, წინდა,
ტელევიზორთან ვიჯექი, მთელი საღამო წვიმდა,
ხელში მეჭირა გაზეთი, აქეთ და იქით ვფურცლე,
სტატია შემხვდა ასეთი:„ სიყვარულს როგორ უძლებთ?!“