ლამანჩა
იქნებ ეს ღამეც მოვითმინო.
უნდა გადავრჩე.
რუხი კატები ჩამომდგარან ნაგვის ბუნკერთან.
არადა, ისე
კარგად მახსოვს მხარე-
ლამანჩის.
სახლი-იუნკერის.
დედა, რომელიც გვიკითხავდა
საღამოს ლორკას,
ნიავს მოჰქონდა აივნიდან-
სახლში ცერეცო
და, როცა ხერესგამოცლილი
ბოკალი ვლოკე,
როცა ხერესით
თრობას მიეცა კასტილიის მწვანე ზეგანი,
როცა მიწყნარდა ბოლო თხაც
და მწყემსის ბოგინიც.
იდგა საღამო,
უსივრცო და უკიდეგანო,
როგორც ლოდინი…
დედაჩემო
როგორ დაბერდი, დედაჩემო, თვალს და ხელს შუა,
უქმროდ და უძმოდ, უმშობლებოდ, როგორ დაბერდი?
სასწაულებს რომ ჩავდიოდე, ვით იეშუა,
საკუთარ თავს ვთხოვ, შენი წლები ისე გაბევრდეს,
როგორც… რა გითხრა, მაფიქრდება არც არაფერი…
„ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა“,
მე ძლიერ ვდარდობ იმ დღეებზე, უკვე გაფრენილ
დღეთა ნუსხაში რომ არიან და სამწუხაროდ,
არ ბრუნდებიან, დედაჩემო, არ ბრუნდებიან-
ისინი ჰგვანან ომში წასულ, უწვერულ ბიჭებს
და მათი სისხლით ამლაშებულ, თავთუხებიან
მინდორში ვდგავარ. ალბომისთვის პეპელას ვიჭერ,
თან მეღიმება, დედაჩემო, „გოგო, დაბერდი“?-
ხანდახან გკითხავ, დედაჩემო, შენც გეღიმება,
როგორ დაბერდი, დედაჩემო, როგორც შატბერდი,
მე ძველებურად ვაგვიანებ და გეძინება-
შვილის ლოდინში, აივანზე, თვალს და ხელს შუა.
გკოცნი. გაღვიძებ. მებუტები. ღმერთო, სადა ხარ?
მაგრამ, რა ვუყოთ, დედაჩემო, მე იეშუა
არა ვარ, შენი გიორგი ვარ, შენი ბალახა!