შემოკლებული ლექსი

 

ჩემი კისერი უცნაურ მოძრაობაში მაშინ

გამოვიჭირე,

როცა მხრებისკენ ჩამოქაჩა თავი.

რა უნდა მეფიქრა გარკვეული უძრაობის შემდეგ,

თუ არა ის რომ

სამყაროს ბრუნვის ალგორითმის ამარა დარჩენილი,

მისი შეფერხების მოლოდინით გაწბილებული,

ისევ გამოვიჩენდი ძალისხმევას

შემემჩნია

– ვინ მომესალმა;

– ვის დავუთმე გზა;

– დახლებზე ფასი როგორ იცვლება;

– რა ნომერია ავტობუსი რომელიც მოვა,

– ბინას რა ფასში აქირავებენ;

– ენტონი ბლინკენს რა სიტყვა აქვს მომზადებული;

– რა ამოძრავებს ქურთებისკენ ნასროლ ქობინებს;

– როგორ მართავენ მასებს შიშებით;

რა გაიძვერა უნდა ვიყო ვფიქრობდე ამდენს

და სიმშვიდისკენ გზამკვლევი მერქვას,

ან არხეინი ცხოვრებისკენ მეჭიროს თვალი.

რამდენად პოლიმერულია ჩემი სიზმარი,

ყელით ვამოწმებ.

მუდამ ამომშრალ კალაპოტში ჩახერგილ მწარე

შეგრძნებას მკერდის სიღრმიდანვე რომ იკვებება

-ვითითოწამებ,

– ვინაწილებ გზადაგზა ისე,

როგორც ფოტო კადრის გადაღების დროს დამუშავებულ ღიმილს.

ჩემი კისერი ამდენი უცხო შესაძლებლობით,

ამდენი შხამის გამტარი და გადამყლაპავი თითქოს იბნევა,

თითქოს ნახევრად წრიულ ბრუნვას უნდა გაექცეს,

რომელმაც ისე გაუცვითა ყველა ხრტილი,

როგორც ჩარხს ღერძი მოუვლელობამ.

ვკითხავდი ვინმეს

– რა აზრი აქვს სად დავარადება

მზესუმზირის ქორფა მარცვალი,

თუ  მიწა აღარ იქნება მიწა,

თუ ჰაერი აღარ იქნება ჰაერი

და ადამიანი – ადამიანი,

რომელმაც უნდა აკნატუნოს მოხალვის შემდეგ ახალი მოსავალი,

აკნატუნოს და ქეფჩო აფურთხოს ხმაურით.

 

 

 

1 2 3