***
ნუ გაჩერდები აგურების დაფშვნილ გორასთან,
დროს კარგავ დგომით.
გადაჩიჩქნე და გადაკრიფე ყველა ნატეხი,
იქნებ ჯერ კიდევ სუნთქავენ დაბლა.
როდის წამოვა ღრუბლებიდან დანაპირები
განგაში გამცნობს.
მოასწრებ ნახო რა უჯდებათ თავისუფლება
ბავშვივით ჯიუტ ადამიანებს.
იმ აგურების ოკრო-ბოკრო ნარჩენებივით
დაფხვნილ მომავალს,
თვალებს უსწორებ
და იქიდან გული ამოგდის,
რომელმაც ასე გიქარბედა,
გიავადმყოფა,
შეგაბრუნა ყველა ნაღმისკენ,
ყველა ნაღმის უკან მდგომისთვის
რომ გაგეწია დახმარება იქ ყოფნით მაგრამ
– ვერ მოასწარი.
სამაგიეროდ დამარხულმა ბავშვებმა შეძლეს
ერთმანეთთან დამეგობრება
და მათ სანაცვლოდ
ჩვენ ვაგრძელებთ უკვე სიცოცხლეს,
რომელიც ჩაქრა.
ტუჩის მოკვნეტა
ცოტა დრო რომ მქონოდა,
იქნებ მეცადა დაფიქრება
უსამართლო არჩევანზე,
ყურის საჩიჩქნად ნეკის წვერზე წამოზრდილი ფრჩხილივით
ბასრი ჩანაფიქრი,
სატყუარად გამომეყენებინა
და გამოვსულიყავი სააშკარაოზე, მთელი ჩემი სიბრიყვით,
მთელი ჩემი უძრაობით,
მთელი ჩემი გაუბედაობით.
ურჩობა
ვისთვისაც იქნებოდა მიუღებელი,
სწორედ მათ წინაში გამემართა საგანგებო როკვა.
რა მეცხოვრება ამ ყველაფრის ფონზე,
ისე უმწეოდ გამოიყურება ადამიანი,
როგორც ბულდოზერის წინაშე უკანონო მშენებლობა.
რაღას ვეყოფი გაწბილებული,
ამის შემდეგ
აუცილებელ წვრილმანებს თუ მოვიმარაგებ
და გავიზიარებ უცხო ქვეყანაში არალეგალად ყოფნის
გამოცდილებას,
რომელსაც უკვე შეიძლება აღარც ვჭირდები.
