***

წელკავი მქონდა ამ დილით,

რამდენჯერ მითქვამს,

არ ვარგა უხეიროდ გადახრა,

სულ ცოცხს ჩემმა მტერმა სტაცა ხელი!

 

შეიგნო ბუნებამაც,

რომ არ იყო ჩემი საქმე მამა აბრამის ბატკნობა,

ისევ იმფერი ცხვარი ვარ, ტელეფიდან მოხეტიალე.

გგონიათ, მატყლის სიმძიმეს ვერ ვუძლებ?!

არადა, რა სჯობს ახლა ჩემს გატყავებას.

 

ქეიფია ,,საყვინტრაოში”,

არ წავედი.

მთელი დღეა,

გახუხულ ლავაშსა და ორ კბილ ნიორზე ვარ.

სადღაა კოცნაობის დრო.

ბოსტანიც მოვპუტე ცოტა,

მაგრამ ახლა, ამ სველ მაისში,

ცხელი ტარო რომ დამატრიალებინა პირში…

მარილი რომ სასას გამოგითუთქავს…

ჩამოუჯდები მერე ჯორკოს ჰაერზე, დაიწყებ ეშვების ჩიჩქნას

ბლის კვირტზე შეყინული მზერით.

 

აგინე ამინდსაც, რამდენიც გინდა.

მაინც რანაირი უშნოა სულ წინდებიანი წვივები…

 

გასულ ხუთშაბათს

პანაშვიდზე შევიარე გაღმა, ნათესავებში.

ცოლმა დაატირა ქმარს:

“ადექი, მევიდნენ, ამეიღე, ბიჭო, ხმაო!”

ავზლუქუნდით თავჩაქინდრული ქალები,

მივატირე გამოსვლისას:

“დამშვიდდი, რასაც იღებდა,

ხო კმაროდა მეთქი!”

 

შებინდებულზე წარსულსაც გავხედე, დავაჯერე საკუთარი თავი,

რომ ბუზიც არ ამფრენია,

არადა, რამდენჯერ ამომიცვამს საცვალი უკუღმა…

ხელები დარდისთვის ამიწევია,

ფეხები კი…

 

ათჯერ ვკითხე, წერის დროს, თავს:

,,ქერო ერთი კაცი იყო,

ვირიძუა რო ჩამოგიტანა რაჭიდან, განგკურნა, თუ რავა ხარ ახლა,

,,კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვალები” – მეთქი?”

– არა!

 

 

 

1 2 3 4