***
მეგონა, ღრმა ძალა ჰქონდა ჩიტებთან, ყვავილებთან და ონკანთან ჩუმ საუბრებს:
,,აბა ჰე, კაი ამბავი, გაზაფხულის ჩიტო!”
,,ჩემო პრანჭია ყვავილო, მიდი,
გამეპრანჭე, გამიხარდი, პატარავ!”
,,წაიღე, ონკანის წყალო, ჩემი ცუდი სიზმარი!”
ბავშვობიდან მწამდა მათთან ფუსფუსის,
მაგრამ ეგეც ქარის მოტანილს დაემსგავსა.
რამდენი ნათრევი ამბავი უნდა მოგროვდეს კანზე,
ხორცმეტივით უვარგისი,
გაყურსულობიდან რომ გამოძვრე,
თან, იცი, ასე, შენსავით თამამად
და შლეგად ვერავინ მოყვება დარდს
და ყველაზე გარყვნილ შიშში
ჩარჩენილს გქვია ქალი.
აბა, გაიხსენეთ,
რამდენჯერ მიბღავლია ლაჩრობისთვის, ტკივილისთვის, დამარცხებისთვის,
ჩემი ქალად გაჩენისთვისაც.
აგე, თითქოს, არხეინად ვზივარ ფეხიფეხგადამხობილი,
ურყევი და მარტო.
ჩემი ცრემლისფერი კედლის ეკრანი ისეთი ძვირფასიანია…
როგორ მოვტყუვდით,
მხოლოდ დაგეგმილ სიკვდილს ვხედავთ ერთმანეთში!
რამ უნდა დამაძალოს ახლა სამარცხვინო ომზე წერა?!
კალამიც ვერ იქნება ამ დროს ყალბი,
იმას დაწერს, რასაც მართალი ამოსძახებს,
რანაირი მოკლე სიტყვაა “ომი”, არა?! ვერგაზრდილი “ჭუჭუსავით”…
თავკომბალობს,
ოღონდ გაგანიერდეს,
არადა, რა შერჩება ნაყოფიერი…
რა ცუდად ამიხდა ის დღე,
ქალები რომ ავყარე,
ყველა ტიტველა.
ზოგს ჭოგრიტი მივეცი,
ემზირა შინ მოსაბრუნებელი ქმარ-შვილისთვის,
ზოგი გუთანში შევაბი, ლობიოს რომ გადაერჩინა.
– ფეხებშუა რომ დენა აგვიტყდება…
ეგეც ომის ნიშანია მეთქი,
არ შეშინდეთ, ქალებო, წავა მეთქი.