დედისათვის შეთხზული

 

                       “ხარ ოდენ ცისა და ოდენ ღვთისა ანაბარა და ანაბარაღა
                                                                                                    ვახტანგ ჯავახაძე

 

უკანასკნელი თოვლი და თოვა
შენ დამიტოვე,
როგორც სალმობა,
და ვიდრე ყოფის უჩინო დღეებს
კინძავს და კინძავს ქარი უმზეო,
შენ გიგალობენ ღრუბელ-ჩიტები
ჩემი სულეთის შორი-ახლოდან,
რომ უშენობის წკვარამს და ბნელეთს
შენდობის სხივით გამოუმზეონ.

და რადგან თოვლი, სუფთა და წმინდა,
ვეღარ სცილდება ამ ხეთა ალაგს,
რადგან ხეები ჩემს საფიქრალზე
აბნევენ ფანტელს –
დარდის და ქენჯნის,
ფერფლად იქცევა უთუოდ თუმცა,
რაც უშენობის “თუ”-ს შემდეგ ჩანდა –
მაინც მიქარგავ სველ ცაზე ცისკარს,
მაინც მაუწყებ
ვარსკვლავებს ზეცის.

 

კვლავშეხსენების ლექსი

შენ დავიწყებული მითოსის ნამსხვრევი ხარ,
დავიწყების ადგილი კი არ არის სიცოცხლეში.
დავიწყება ჩრდილში უდგას ფხიზლად შემჩნევას,
დავიწყება სიკვდილია უგაზაფხულოდ.
თუ თვალის უპეს ცრემლით აივსებ,
გაიხსენე,
ეს არ არის წვეთი წუხილი,
ეს არც ტკივილის ნუგეშია –
ეს არის ზღვების მინიატურა,
ეს მითოსის შეხსენებაა,
სიზმარში გასვლა.
საიდან – ნუღარ იკითხავ,
საითკენ – ნურც დაფიქრდები,
მხოლოდ, მდინარის ყინულოვან სანაპიროზე
ამოიკრიფე თვალით თევზები და დაიჯერე,
მათ შეუძლიათ ცრემლის გაშრობა,
შეუძლიათ, თოვლიც გაალღვონ
და დააპურონ უშენობა შენს არსებაში.

ეს გამოსვლაა სიკვდილიდან,
დავიწყებიდან გამოღწევაა.

 

1 2 3