ქარის სიტყვა
– გაუკაცრიელებული, – აი, რა თქვა ქარმა.
ის შემოვიდა გულში აღმოსავლეთის მხრიდან
და გადავიდა დასავლეთით.
ამ გულგზაგამოვლილმა კი, რაც თქვა,
სულ ეს იყო –
გაუკაცრიელებული.
არცთუ შთამბეჭდავად ჟღერს მისი ეს სიტყვა,
მაგრამ წლობით თუ გადავშლით გულის ჰორიზონტს,
თუ ჩავიხედავთ სულის გრილ ჭაში,
მხილველი უხმოდ დაიხევს უკან
და ქარის სიტყვას დაეთანხმება:
გაუკაცრიელებული.
დიახ, ასეა.
გულის ფერწერა ასეთია –
ფოთოლცვენილ შემოდგომას ჰგავს.
ფოთოლცვენას თან მიჰყვება იმედი,
მსუბუქი თუ გამჭვირვალე ტყუილი,
მოლოდინი…
და გული რჩება ოდენ ქარის სიტყვის ამარა:
გაუკაცრიელებული.
ზღაპარი
ჯერ ისევ აქ ხარ,
მშვიდად იცდი ზღაპრის კიდესთან.
იცი, ეს ზღაპრის პირობაა,
მოსვლის განგება –
რომ ამ ზღურბლს უნდა გადააბიჯო დასაბრუნებლად.
საღამოს ბინდში გუგულის ხმა ისმის მხოლოდღა,
სხვა არაფერი…
და ასე იყო იმ დროიდან,
როცა ღიმილის კონტურები ცრემლში გარიე,
სიცილს ტირილით დაუფიქრდი,
ყოფნას – არყოფნით.
შენც ისევ დგახარ,
სიმშვიდით ცნობ ყველა ჩამომვლელს:
ვინ დანანებით გაიქნევს თავს,
ვინ – გაიღიმებს,
ვიღაცას ცალყბად ჩაეცინება.
რას იზამ ამ დროს?
უთვალავი ცით დანაწვიმი,
ტკივილისორმოამოვლილი მიხვალ ღამესთან,
როგორც იმ ზღურბლის ორეულთან –
გასაღვიძებლად,
რომ ის, რაც სხვისთვის ნათელია,
შენთვის დაბნელდეს,
და რასაც სხვები ვერ ხედავენ,
შენთვის ინათოს.