თევზი
მთელი ცხოვრება ერთი დიდი სადიდებელია –
სიკვდილისადმი მიძღვნილი.
როცა სულისმიერი სიმები წყდება
და ჟამი მწუხრის
მთებს მოჰყვება სოფლის შარამდე,
მოლურჯო შუქად,
ანგელოზები ვარსკვლავებად იფურჩქნებიან
და თანაზიარნი ხდებიან
ჩვენი მოწყენის.
– გალობითა შენითა მკურნალ ექმენ
მოყვასის ტკივილს, –
ამბობს ყოფის იავნანად ქცეული ხმა,
რომელსაც მხოლოდ უსმენლად
თუ შეიმეცნებენ.
იმედგაცრუება კი
დედის საშოდან ჯერუშობელი
ბავშვივითაა,
რომელიც სადაცაა მზის სხივს
იხილავს,
რათა გახდეს თანამგზავრი
ჩვენი არსებობისა.
მოწყალეო მამაო,
სად წავიდნენ ჩვენი მშობლები?
სად ვიგულოთ სასუფეველი მათი?
ჩვენი სიზმრები მდინარეებია,
ხოლო ლოცვები,
პატარა თევზებივით,
მძივებად რომ მოჩანან,
დაცურავენ მათში.
მამაო ჩვენო,
შეისმინე გალობანი ჩუენნი,
რამეთუ სიცოცხლე ერთი
დიდი სადიდებელია,
მიძღვნილი სულთა თანა…
