***

 

თუ ტკივილს საყრდენს გამოაცლი,

სახლიც ხუხულასავით ჩამოგექცევა,

გამოცარიელდები მიტოვებული სუფრასავით,

კანტიკუნტად შემორჩენილი თევზებივით ისხმარტალებ

ბობოქარ ზღვაში,

მიქცევასა და მოქცევასავით გაილევა შენი დღეები,

დამწუხრდებიან ევკალიპტები,

აქლემები ერთბაშად ჩაიზნექენ კუზს

და უდაბნოში მოწვიმს კოკისპირულად.

 

ეს შეიძლება ახალი სიცოცხლის

დასაბამი იყოს.

 

ცივი წყლით სავსე ტაშტიდან

ერთბაშად ამოტყორცნილ  პეშვს

სახეზე მიისხამ

და ვინ იცის, იქნებ გაიფანტოს სიზმარი და

გახელილი თვალები გარემოს დიდხანს აღარ მიაჩერდეს,

როგორც ერთი გარინდება,

მოსმენის მცდელობა,

საკუთარი სხეულის პოვნის მცდელობა.

 

შენ მიპასუხებ, რომ ტკივილს არ აქვს დასაყრდენი,

ის თვითონაა საყრდენი

ამ უკიდეგანო ცხოვრებაში,

სახლის აშენებაც ალბათ

ძალიან ცუდი არჩევანი იყო.

 

ჩემი თითები

ახლად გადაშლილი ყვავილის გვირგვინს ჰგავს,

იქედან იღვრება ხაზებად დაყოფილი ამბავი,

როგორც სურნელი.

ჩემი ამბავი.

ჩემი ხუხულა.

 

 

 

***

 

რეალობას ყუა წავატეხე და მოგაწოდე,

ეს იყო ჩუმი აქტი,

ჩვენ ვისხედით სველი სარეცხის სუნით სავსე ოთახში

ფანჯრებით დასავლეთით,

ჩვენი ზურგები ცივი კედლებივით გვიმაგრებდნენ ცხოვრებას.

 

ჩვენ ვიცოდით,

ამ ზამთარს აუცილებლად გავატანდით

და რასაც ცხოვრებას დავარქმევდით

ის მდინარესავით შეგუბდებოდა ჩვენს ფეხებთან.

 

მაშინ ჩვენ მხოლოდ ერთი პეშვის აღებით

მოვინათლებოდით

ან თვითონ გადმოვიდოდით ნაპირებიდან,

შევასკდებოდით საყვარლის მკლავებს,

წავლეკავდით ტურისტული ქუჩებივით ხმაურიან ოცნებებს,

სადაც ყველასთვისაა ადგილი მხიარულებისთვის,

დასარჩენად კი – არავისთვის.

 

სხვანაირად ვერ გადავრჩებოდით.

 

მე მოგაწოდე ცხელი პურიდან მოგლეჯილი სუნი,

ფქვილით ამოსვრილი მაჯები,

ქაღალდით შუბლიდან ფრთხილად მოწმენდილი ოფლი,

ღამეში ხელის ცეცებით ნაპოვნი საფუარი.

მიირთვი სველი სარეცხიდან ადენილი ოხშივარი,

ჩემი თვალებიდან ამოკითხული გამოსათხოვარი,

სიჩუმეს  მაინც ორივე ერთნაირად ვღეჭავთ,

ჩვენი სისველეც ერთდროულად განილევა,

როგორც ფანჯრიდან შემოსული თოვლის შუქი,

რომელიც ზამთრის გარდაუვალობას ლუკმასავით გვიღეჭავს

და გადაყლაპვას გვიიოლებს.

 

 

 

1 2 3