***

 

ჩემმა კაცმა მიმატოვა,

ისე არა ოღონდ როგორც ხდება ხოლმე,

დაიხურავენ ქუდს და მიდიან,

ამან ქუდი ჯიბეში ჩაიკეცა და წავიდა,

წავიდა და ყველა ნაბიჯი

ღრმა ნაკვალევად დაეტყო ჰაერს,

რომელიც აღარ იყო გაჟღენთილი ფორთოხლის სუნით,

არც აღმოსავლური სანელებლების არომატები ეკიდებოდნენ

ყინულის ლოლოებად,

თავშიშველი ზამთარში გასვლა

ნიშნავს ქუდად გეხუროს მთელი სამყარო

და ქალს კი არა სახლს ტოვებდე,

შეიძლება საკუთარ თავსაც

ან მთლიანად ცხოვრებას

ან იქნებ ყველაზე დიდი შემობრუნებაა

საკუთარი თავისკენ.

გაუშვი ასეთი კაცი,

იმიტომ რომ მოშიშვლებულ თავს

ყველაზე სქელი თმაც ვერ ფარავს.

 

 

 

***

 

ცოტ-ცოტა ყველაფერი განვიცადე,

ასე დამთავრდა დღეც,

რაღაცნაირად კი გაიწელა,

ყველა გასაკეთებელი საქმე გავაკეთე ერთის გარდა,

იმ ერთის უმნიშვნელობაში კი

გავა დრო და თვითონ დარწმუნდებით,

ამჯერად არ ვარ მზად,

შევეხო ჩემი პერფექციონიზმის მსუბუქ ფრთებს

და ვთქვა, რომ

ყველაზე აუცილებელია, გადავრჩე.

 

ამის შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება,

მათ შორის მოგზაურობა წარსულში და

მომავლის გამოკვლევაც,

ყველა იმ ნამცეცს კი,

რაც აწმყოდან შემომრჩა,

მარგალიტს ვუწოდებ.

 

ჩემი სხეული გაიხარებს,

კანი აყვავდება და

ბროწეულებს გამოისხამს,

ეს იქნება ჩემი სავიზიტო ბარათი,

ამით მიცნობენ იქ,

ჩემს ქვეყანაში,

მანამდე კი ჩემი მთავარი დასაყრდენი კალენდარია,

სამუშაო მაგიდასთან გაკრული,

სადაც ძველმოდურად

ყველა ჩავლილ დღეს კალმით ვხაზავ

და ეს კმაყოფილებას მანიჭებს.

 

ისევე როგორც მაშინ,

როდესაც წარჩინებული მოსწავლის ამაყი იერით

ნიშნების დღიურს მივარბენინებდი მასწავლებლისკენ

საუკეთესო ნიშნის მოლოდინით,

მაშინ ზუსტად ვიცოდი,

რომ ფრიადი ჩემი არსებობის გამართლება იყო

და ჩემი ყველა ღიმილი –

გადარჩენილის ღიმილი,

რომელიც ტაშისცემას არ იმსახურებს,

არც საზეიმოდ გამოიწვევს არავის,

არც მისაბაძ ადამიანად გამოაცხადებს ვინმეს,

რადგან გონიერების სახელმწიფოში ვიცით

რომ ყველაფერი ჩვენს თავს უნდა ეკუთვნოდეს

და მხოლოდ ჩვენი თავით უნდა გვიხაროდეს.

ეს ყველაფერი დღეისათვის ჩემთვის ცნობილია,

და მე გაზრდილი და დამშვენებული

ქუჩის კუთხეში დავდგები,

სადაც ყველას მეძავი ვეგონები,

მე კი გინებით მოვიშორებ.

ეს იქნება ჩემი ამბოხი წარსულიდან

და რწმენა იმისა,

რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიმსახურებთ

ზღაპარი წაგვიკითხონ,

თავზე ხელი გადაგვისვან

და თბილი საბნის ქვეშ შეყუჟულებს

მშვიდი სიზმრებისკენ სიმღერით გაგვიძღვნენ.

სანამ გამოვფხიზლდებით,

სანამ ბავშვობის მძიმე მოსასხამიდან

რეალობაში თავს ამოვყოფთ,

უმჯობესია დღე გავიდეს ასე –

ყველა გაწერილი საქმის თითქმის სრულყოფილად შესრულებით,

რათა ყველა გაღებული კარი

არ ნიშნავდეს შესაძლებლობას,

არც გზას,

არც ფართო გასასვლელებს,

არამედ იყოს კარი,

როგორც კარი,

რომლის მთვარი დანიშნულება

ვერ გადავწყვიტე

გაღებაა  თუ გადაკეტვა.

 

1 2 3