***

 

არ მიყვარს ეს კაცი,

რაღაცნაირი კაცია,

უშო,

ღიპიანი,

ძონძებში გამონასკვული,

ქონიანი თმა და

წუხანდელი ლოთობისგან გადმობრუნებული

თვალები აქვს.

 

არ მიყვარს ეს კაცი,

მაგრამ მეშინია,

ერთხელაც არ მითხრან,

რომ ეს კაცი დაიღუპა

და სანამ მე გაოცებული შევიცხადებ,

მომახალონ რომ

გულის შეტევა ჰქონდა,

იქვე სინანული არ მოაყოლონ რომ

მისი ცხოვრება რა ცხოვრება იყო.

მერე საკუთარ თავს ვეტყვი რომ

რა მოხდებოდა,

გყვარებოდა ერთი უშნო კაცი,

და ყოველ მისალმებაზე

გულიანი ღიმილი ამოგეყოლებინა.

რა ცუდი ვარ და

რა რთულია, როცა ცუდი ვარ.

და ჩემი თავის განსჯაში

ისე ჩავიკარგები,

დამავიწყდება,

როგორ მოკვდა

გაქონილი უშნო კაცი,

რომელიც არ მიყვარდა,

გულის შეტევით?

მერე მივხვდები

რომ უსიყვარულობას

მისი სიკვდილიც კი ვერ მოერია
(რადგან არაფერი ალბათ

ვერასოდეს ამარცხებს არაფერს),

ისევ ჩემი თავის

შესწორება – შემოსწორებას ვცდილობ,

მოპირკეთებას,

ამოცვენილი მეტლახის ჩაჭედებას,

რათა შემომსვლელისთვისაც და გამსვლელისთვისაც

გზა სწორი იყოს.

 

არ მიყვარს ის უშნო კაცი,

აივლის და ჩაივლის,

ვეტყვი სალამს და ვიქნები მართალი,

ჩვეულების შესაბამისად გავუღიმებ,

შემეცოდება კიდეც რომ უშნოა და

ალბათ ჩემსავით

რამდენ ვინმეს არ უყვარს.

 

დილით აივლის ხოლმე და

საღამოს უკან ჩამოივლის ხოლმე

ეს კაცი,

საღამოს ნაკლებად ღიპიანი და

ცოტა მეტად გაქონილი,

ნაკლებად რიხიანი სალმით და

რაღაცნაირი მოწყენით,

რადგან მიდის სახლში,

სადაც ალბათ შესაძლებელი იქნებოდა

ჰყვარებოდათ,

ვინმე რომ ცხოვრობდეს.

 

 

 

 

 

 

1 2 3