თოვლი და ფერფლი

 

ამ სამყაროში, სადაც ღმერთმა წარმოთქვა: “იყავნ!“

ვინც ბრიყვი იყო, ის ბოლომდე დარჩება ბრიყვად,

ამ სამყაროში, სადაც სიტყვა მესმოდა: „მცივა“,

სადაც მზე არის და წვიმა ცრის ისე, ვით ცრიდა.

ამ სამყაროში, სადაც არის თოვლი და ფერფლი,

ამ სამყაროში, სადაც არის მკვლელი და მსხვერპლი.

ამ სამყაროში, სადაც ღმერთმა წარმოთქვა: „იყავნ!“

სადაც ვიყავი და მსურს, რომ ვთქვა ეს სიტყვა „ვიყავ“.

ამ სამყაროში, სადაც არის სიტყვები სეფე,

ამ სამყაროში, სადაც არის მონა და მეფე,

ამ სამყაროში ხვლიკისთავა ბელადი სადაც

ღვინოს ისხამდა და ღვინის წილ კაცის სისხლს სვამდა,

ამ სამყაროში, სადაც სიტყვა „დაუბრკოლებლივ“

ისევ არსებობს, რა თქმა უნდა, როგორც კოლიბრი.

ამ სამყაროში, სადაც არის წყევლა და ზიზღი,

ამ სამყაროში, სადაც ნელა იღვრება სისხლი,

ამ სამყაროში, სადაც არის მთვარე და ფესვი,

და იწურება ეს ცხოვრება ისე, ვით მსგეფსი.

ამ სამყაროში, სადაც ღმერთმა წარმოთქვა: „იყავნ!“

მსურდა, რომ მეთქვა და ვამბობდი ამ სიტყვას: „მიყვარს!“

მიყვარდა მთვარე, ვარსკვლავების მთის თხემზე ბჯენა,

უცხო ვიყავი ყველასათვის, თუმცაღა ჩემად

ვაქციე ჩემი უცხოობა და ჩემად ვრაცხე,

ამასობაში შემოადგა მთვარე დიდ ცაცხვებს…

ამ სამყაროში, სადაც არის ღვინო და ხემსი,

სადაც ჯვარს აცვეს ნაძირლებმა კეთილი მწყემსი,

ამ სამყაროში, სადაც არის სალოსიც, მრუდიც

და ბევრზე ბევრი ნაძირალა ბერიას კუდი,

ამ სამყაროში, სადაც არის გველი და ხავსი,

მაინც ვიცხოვრე, რადგან ერთხელ გავტეხე ნავსი,

ვიცხოვრე, რადგან ვიცი, დროშა არ არის ჩვარი

და ყველა ხისგან არ ითლება სამსხვერპლო ჯვარი.

ამ სამყაროში… დავიღალე, სადმე მუხლს ჩავხრი

და ცას შევყმუვლებ ისე, როგორც ბებერი ძაღლი.

 

 

1 2 3 4 5