სიმღერები ცათამბჯენებიდან

 

სიტყვებს დავეძებ, სულ უბრალო სიტყვებს დავეძებ,

რომლებიც სადღაც გამირბიან, იმალებიან,

ან მთვარის შუქზე შუაღამით, ან ალიონზე,

როცა თითქოს ტანჯვით თენდება, ნაწვიმარია.

-„ჩვენ აქა ვართ“, – მხოლოდ ამას გეუბნებიან

ეს ქუჩები, შავად მბზინავი, და გაფხიზლებენ,

მე კი დავეძებ, სულ უბრალო სიტყვებს დავეძებ,

სულ უბრალოს – „პური“, „სიკვდილი“, „მიწა“,

ანდა სიტყვა „სიზმრები“… ისიც იმიტომ, რომ ვთქვა მერე,

ამ სიზმრებიდან ცხადში როგორ გადმოვაბიჯე,

რომ ვთქვა მერე, მკვდრებმა როგორ გამოიღვიძეს,

სულ ერთი წამით აახილეს თვალის ღიობი

და დაინახეს ის, რაც დატოვეს დაძინებამდე –

მაგიდაზე პურის ნაჭერი… და ხე… და მთვარე ფანჯარაში,

საკუთარი წაშლილი სახე და საკუთარი მკვდარი ხელები,

დაინახეს ქუჩის ნაპირი, ვიღაც იდგა, ვიღაც წავიდა,

დაინახეს და გაახსენდათ, რომ სამყაროში

რაღაც მოხდა, რაღაც გაჩერდა და გაიყინა,

შადრევნებიც კი ძველი რომის ყრუ მოედანზე

ატყორცნილები ჰაერშივე გაქვავდნენ თითქოს,

არა ფოტოზე, არამედ ამ გახევებულ სინამდვილეში

გადასხვაფერდნენ და ვეება კადრში მოექცნენ,

კადრში მოექცა ყველა ქალაქის ყველა ქუჩა და მოედანი,

მიტოვებული გზაჯვარედინი შუქ-ნიშნების ქრობა-ნათებით…

სულ უბრალო სიტყვებს დავეძებ – „მთვარე“,

„მანძილი“, „პანდემია“, „განმარტოება“, „პური“,

„სიკვდილი“, „სიგარეტი,“ „სიძვა“, „სანთელი“…

სულ უბრალო სიტყვებს დავეძებ, რომ მოვაგროვო,

მოვუყარო თავი და შევკრა, შევაკოწიწო…

ყველას ხომ უნდა მივუჩინო თავის ადგილი,

და ვთქვა, რაც მოხდა, ან რაც ხდება, ანდა მოხდება,

აი, სიტყვები – „სიცარიელე“, „ტაძარი“, „მთვარე“,

„მლოცველები“ და კვლავაც „მკვდრები“, და ისევ ისე

„მლოცველები“, რომლებიც სადღაც გაუჩინარდნენ…

და დაბნეული რომის პაპი, გაქვავებული რომის პაპი

უკაცრიელ, გარინდებულ პეტრეს ტაძართან,

პაპი ტირის და ლოცულობს, აგროვებს სიტყვებს:

„სინანული“, „სინათლე“, „კვდომა“, „ევთანაზია“,

აგროვებს სიტყვებს ხელგაწვდილი სხვა ქვეყნებისკენ,

მაგრამ სიტყვები ეფანტება უაზრო ქარში,

და ეს სიტყვები იბნევიან სხვაგან, სულ სხვაგან –

სევილიაში, რავენაში, მანჰეტენზე, ლონგ-აილენდზე,

იქ, სადაც იწვა ზღვის ნაპირას უიტმენი და წარმოთქვამდა:

„მე ვხედავ მედინას, მე ვხედავ მემფისს, ვხედავ თეირანს,

მე ვხედავ ხეიბრებს, იდიოტებს და კუზიანებს,

მე ვხედავ შადრევნებს მოედანზე ზეატყორცნილებს“

და ა.შ. და ა.შ.

აქ კი მე ვხედავ ცათამბჯენებში გამოკეტილ ადამიანებს

მათ სურთ გამოთქვან თავის დარდი, უფორმო დარდი

და ეძებენ დაკარგულ სიტყვებს, უბრალო სიტყვებს,

უმოწყალოდ გაფრენილ და გაფანტულ სიტყვებს,

ადამიანებს სურთ ერთმანეთს სამუდამოდ გააგებინონ,

რომ სიკვდილი უბრალოა და უბერებელი, როგორც ჰაერი,

როგორც მიწა და როგორც წყალი, როგორც სინათლე

და მაშინაც, მკვდრებს რომ აწვენენ სტადიონებზე,

მე დავეძებ სიტყვებს, უბრალო, უჩინარ სიტყვებს,

მაგრამ რატომღაც ვერ ვპოულობ, ვერ ვაგნებ ვერსად,

თითქოს სიტყვებით უკვე აღარ გამოითქმება დარდი –

უსახო და უფორმო, უბოლოო და თვალუწვდენი…

თითქოს მართლაც დადგა წუთი, ყველასათვის გასაოცარი,

როცა სიტყვები ამ დიდ წუხილს ვერ გამოთქვამენ,

როცა სიტყვები ეკარგებათ განათებულ ცათამბჯენებში

გამოკეტილ ადამიანებს და ღაღადისი მოისმის მათი

და ყმუილნარევ ხმით მღერიან მაშინ სიკვდილზე,

წვიმაზე ან პურის ნაჭერზე, მღერიან უგრძეს

ან უმოკლეს მწარე სიმღერებს, მღერიან ქარში,

წვიმაში და ის სიმღერა არის უფორმო, უსახო

და უმელოდიო… მაგრამ სადღაც კი აღარ მღერიან,

რადგან სიმღერა სამუდამოდ დამთავრდა უკვე,

რადგან დატოვეს მომვლელებმა ხანდაზმულთა თავშესაფარი

და მკვდრებმა ვეღარ გამოიღვიძეს, ისინი დუმდნენ

მაშინ, როცა სხვები მღეროდნენ მწარე სიმღერებს

იქ, სადაც ერთი ხე და ერთი მთვარე ჩანდა ფანჯრიდან…

და მსურს ვიცოდე, რაც დასცვივდა მათ არსებობას,

ის რაღა იქნა?რა იქნა მათი გრძელი სიმღერა,

ადამიანის ცხოვრება ხომ ეს სიმღერაა?

მათ ურიცხვ და წაშლილ სახეებს ვინ მოიგონებს?

სად არის მათი შვილების ღელვა და მძვინვარება,

სად არის ის, რაც დროს გამოღლიტეს,

სად არის მათი ნასახლარი, ნაცხოვრები,

ნასოფლარი, ნაჯაფარი, ნალოგინევი,

სადაც იწვნენ, სადაც ისხდნენ, სადაც ელოდნენ?

მათმა ჟესტებმა რომელ სივრცეში გადაინაცვლა?

მაინც სად არის ის, რაც ასე უხმოდ დასცვივდა

მათ ბოლო საათს? ვინღა იტყვის, რა დარჩა მათგან?

მკვდრებს სიტყვები აღარ სჭირდებათ,

მე კი ჯერ კიდევ გულმოდგინედ დავეძებ სიტყვებს…

ჯერ ვერმიგნებულ და უბრალო სიტყვებს დავეძებ –

„ხე“, „სარკმელი“, „მთვარის ნარჩენი“, „ევთანაზია“…

 

 

 

1 2 3 4 5