მთვრალი ხომალდი

 

ფრთადაშვებული თვითმფრინავი მთვრალივით მიქრის,

მეტეორივით გადაუფრენს უძრავ ქალაქებს,

ჩამოშვებული ფრთით შენობებს ეხება თითქმის,

ღამის წირვაზე კი მოძღვარი ილაპარაკებს,

რომ ამ ღამეში ჰორიზონტზე აღარ ჩანს ღმერთი,

ღმერთი, რომელიც გავიდა და გაქრა სახლიდან

და სიბნელეში თითქოს ხომალდს მოემსხვრა გვერდი,

მხარი ექცა და ფრთას ცარიელ წყვდიადს ახლიდა.

და კვლავ მიფრინავს ცალუღელა, უმიზნოდ მიდის,

ქვემოთ ცარიელ ქუჩებსა და დაცლილ ქალაქებს

ებრძვის კორონა. პანდემია, ისე ვით ჰიტი,

თავზე ეღვრება ცათამბჯენებს, როგორც ბარაკებს.

მთვრალი ხომალდი მიქანაობს, მიდის და მიდის,

და ამ ღმერთნაკლულ, ამ მღვიძარე, მბრწყინავ ქალაქებს

ლამის დაემხოს ვეებერთელა მძვინვარე ჩიტი

და სანამ ბორგავს სულთმობრძავი, ილაპარაკეთ!

ილაპარაკეთ, რომ სულ ახლოს დავკარგეთ ღმერთი

და გადარჩენას რომ მიველტვით, უბედურების

რომ გვეშინია და ამიტომ საით მივქრივართ,

აღარც კი ვიცით, გახიზნული ქვეყნის მდგმურები…

და უკან როგორ დავბრუნდებით მერე იქიდან,

აღარც ის ვიცით … და შევყურებთ ილუმინატორს,

იქნებ ინათოს და გამოჩნდეს ქვემოთ ქალაქი

და ცარიელი მოედნები, იქნებ ინათოს!..

ილაპარაკეთ, იქნებ სადმე კალოს ლეწავენ,

იქნებ საროს არ გასცვენია ჯერაც ფოთლები,

იქნებ მიწას არ დავენარცხოთ ამ ფრთის მოთრევით

და არ დავემხოთ თავზე ლოთებს ანდა მეძავებს,

ან იქნებ ჯერაც არ გამქრალა რადარებიდან

ღმერთი, რომელიც გავიდა და შინ არ დაბრუნდა

იქნებ ლიანდაგს არ ამცდარა მატარებელი

და არ ქცეულა ყოველივე ჯერაც აბრუნდად…

და ასე ვიფრენთ… და თვითონაც ალბათ ცოდონი

ვართ, რადგან ხვედრი ავირჩიეთ ძირს არდაშვების,

ხოლო ქვემოთ კი გომორია, ანდა სოდომი,

ანდა კორონა და ვეძებოთ უნდა საშველი.

ხოლო ქვემოთ კი, ნახევრადბნელ ღამის ბარებში

ჯერ კიდევ ძველი მელოდია კვლავგადარჩენის

იღვრება მდორედ, დგას მოძღვარი და დუმს გამჩენი

ცარიელ ჭერქვეშ და თვლემას ჰგვრის ყველა გალეშილს.

ილაპარაკეთ, ან იყვირეთ, ილაპარაკეთ

თქვით, რომ ცალი ფრთით ჯერ მიწისპირს არ მოვეთრევით,

ჩამორეკს ზარი სინანულის, ეტყვის ქალაქებს,

რომ ჩვენს ხსოვნაში კვლავ ანთია სიტყვა „ბეთლემი“!

 

 

 

1 2 3 4 5