მივედით, ვნახეთ…..

 

რაც შექმნილა, იმას უკვე არაფერი არ ეშველება,

მხოლოდ წამკითხველს უნდა მიენდოს და მოელოდეს.

და ეს ქვეყანაც ასე არის უკვე შექმნილი, იმას მოელის,

ვინც ჩაიხედავს მის სიღრმეში და გაჩუმდება.

მაგრამ ვინ არის წამკითხველი, არიან კი საერთოდ სადმე? –

აღარ არიან. მხოლოდ ქარი მიაშრიალებს ადამიანებს,

როგორც ხმელ ფოთლებს, გადაყვითლებულს,

ფოთლებს, რომელთაც დასტყობიათ განურჩევლობა

ცხოვრების მიმართ. მათ ხომ იცხოვრეს, რაც შეეძლოთ

და განესწრაფვნენ ნაადრევად აქაურობას…

მათ მსგავსად ქარი აშრიალებს ადამიანებს

მათნაირადვე განურჩევლებს ცხოვრების მიმართ.

მათ ხომ ბედი თუ განგება, უჩინარი და უხილავი,

შიგნიდან კრუნჩხვით ებღაუჭება და ამიტომაც

ეუფლებათ გარინდება და მუდმივი განურჩევლობა,

ქარი კი… ქარი დაუდევრად მიაფრიალებს…

იქნებ ასეა და ყველა მალავს თავის ტანჯვას და უმწეობას.

ისიც მალავდა და როცა უკვე განესწრაფა აქაურობას,

მივედით, ვნახეთ მისი სახლი, მისი სამყოფი –

ადამიანის სახლის კედლები და ვიხილეთ იქ სიდუხჭირე,

ვნახეთ მტვრიანი წიგნები და ძველი ნივთები,

სამაჯურები, ჭიქები და გაბზარული საფერფლეები,

სურათები… ფერგაცრეცილი ფოტოები სიჭაბუკისა,

როცა ჯერ კიდევ ებრძვი ცხოვრებას და ეტოტები,

როცა ჯერ კიდევ იღიმები ირონიულად, ნირსაც არ იხდენ,

როცა ჯერ კიდევ გიდგას თასი, გიზის ძმაკაცი

გვერდით და ქარიც იმ ძველ ფურცლებს მიაფრიალებს,

რომელთაც უკან დაბრუნება არ უწერიათ,

და მიქრის ჟამიც და ეტყობა ფოტოს ლაქებად

იმ ძველი დროის ანაბეჭდები. ჩემს ყოფაშიც უკვე გახუნდა

სურათები და ცხოვრებამაც ძველებური ფერი დაკარგა.

და ფოთლებსაც, გადაყვითლებულს, დაეტყოთ ჩუმი

განურჩევლობა ცხოვრების მიმართ. მათ ხომ იცხოვრეს, რაც შეეძლოთ და მერე უხმოდ

და უსიტყვოდ განესწრაფვნენ აქაურობას…

 

 

 

1 2 3 4 5