სიკვდილისწინა “იავნანა”

 

ხელებში მაკვდება ნოემბერი…
სიკვდილისწინა „იავნანას“ ვღიღინებ
და ტანს ვაყოლებ გამოგონილ ჰანგებს…
ყველა მონაკვეთი ისე შემზარავად ჰგავს ერთმანეთს…
დღეს აღარა აქვს დრო და ვერ ვხედავ განსხვავებას
გათენებასა და დაღამებას შორის.
ხელებში მაკვდება ნოემბერი…
ხეები ჩემს თვალწინ შიშვლდებიან და შემაძრწუნებლად მოჰგვანან
შვილმკვდარ დედებს,
ისე შემაძრწუნებლად, თვალს ვარიდებ,
რომ აღარ დავინახო…
შვილი რომ მყოლოდა, იმ ასაკისა იქნებოდა,
აგრესიას რომ ვერ მალავს და მთელ ჩემს თაობას დედას აგინებს, გაურკვეველი მიზეზების გამო…
მაგრამ შვილი რომ მყოლოდა,
სხვანაირად გავზრდიდი…
და მადლობა ღმერთს, რომ არ მყავს,
გადაუვლიდნენ…
მე კი ღია ჭრილობასავით მუდმივად მტკივა
ჩემი სისხლისფერი სიყვარულის ხანმოკლე თავგადასავალი…
ადამიანის ტრაგედია უღმერთობიდან იწყება…
ხეები ზეზეულად შიშვლდებიან და ტრაგედიები არცკი ანაღვლებთ,
ეს მხოლოდ ჩემთვის ჰგავანან ისინი შვილმკვდარ დედებს და
ეს მსგავსება ისე მძაფრია, რომ თვალს ვარიდებ…
კვდება ნოემბერიც…
სიკვდილისწინა „იავნანას“ ვღიღინებ გამოგონილი ტექსტით
და გამოგონილი ჰანგებით და ტანს ვაყოლებ…
შვილი რომ მყოლოდა,
„იავნანა“ ეგებ მისთვის მემღერა, მაგრამ ახლა,
როცა ხეები მიკვდებიან,
როცა შემოდგომა მიკვდება,
როცა დღე უდროოა და
განსხვავებას ვეღარ ვხედავ გათენებასა და დაღამებას შორის,
სიკვდილისწინა „იავნანას“ ვუმღერი ნოემბერს…
და დეკემბრისთვის ვიმზადებ სხეულს,
რომ აღარ შემეშინდეს…

 

 

არწასვლისა

 

არ წახვიდე მეთქი, სიკვდილის მაღაროში,
არ წახვიდე მეთქი, ხომ გეხვეწე…
რა გინდოდა?
რას აგროვებდი?
თვალებში მეტეოდი და ცულის ტარი ვერ დაგვიტევდა?
ღია ცის ქვეშ დავიძინებდი,
ცხრა ვარსკვლავს გაგიჩენდი –
რას დაეძებდი?
არ წახვიდე მეთქი, სიკვდილის
მაღაროში,
კართან გადაგეღობე…
სად მიდიოდი?
ქვანახშირზე ვარდი არასოდეს ყვავილობს –
არ იცოდი?
მე რა ვქნა ახლა?
ვის მივადგე?
ვინ მისაშველებს?
რა გამართლება მოვუძებნო
თვალებს და ხელებს,
ბაგეებს ჩემსას –
რით გავამართლო ეს სიმარტოვე,
უქმად ყოფნის უხეში სევდა?..
რა პასუხს მაძლევ? ყ
ველას თავისი წილი ჰყავდი,
მხოლოდ მე მყავდი
მთლიანი, დაუნაწევრებელი,
სრული სიმრგვალით…
რა გაგიკვირდა…
რა ხმელი კაცი,
სრული იყავი –
არსით, განა აღნაგობით…
ჰოდა, რომ წადი,
ნახევარიც აღარ დამტოვე…
ვინ იცის ისინი სად არიან?
ჩვენი შვილები –
უდროოდ მომწყდარი ნაყოფები,
მოუმწიფებელი ნაყოფები,
საშოდან მაშებით გამოდევნილი
ნაყოფები…
იმათთან თუ მაინც წადი,
ნეტავ???
არ წახვიდე მეთქი,
სიკვდილის მაღაროში,
არ წახვიდე მეთქი…
არ მისმინე,
არ დაიშალე…
არ მოხვედი…
მოგიყვანეს…
ვზივარ და კუბოს ვუყურებ…
ჩვენ დაუბადებელ შვილებთან
თუ მიხვალ,
ამ წასვლას მხოლოდ მაშინ გაპატიებ…!

 

 

1 2 3