გამოტოვებული სამყაროს შვილები

 

ჩვენ,
ვისაც როგორღაც გაგვიმართლა,
რადგან აქა ვართ;
ჩვენ, ვინც ვერასდროს შევისწავლეთ საკუთარი თავი
და მივატოვეთ ღმერთი;
ჩვენ, ვისთვისაც სიტყვებმა ფასი დაკარგეს
და ცხოვრება დროში გაწერილი მოძრაობებია,
სახლში იძულებით გამოკეტილები დავრჩით და აღმოვაჩინეთ:
რომ ჩვენი დედები და მამები უჩვენოდ დაბერებულან;
რომ ჩვენი შვილები შეყვარებულები არიან;
რომ ჩვენს მეზობელს თურმე მარჯვენა ყურით არ ესმის…
ჩვენ, რომლებსაც გვეგონა, რომ ვერაფერი შეგვაჩერებდა,
გავშეშდით…
და გაგვახსენდა, რომ:
დიდი ხანია არ გვიტირია,
დიდი ხანია არ დაგვისვამს მთავარი კითხვა:
რატომ ვარ? რისთვის?
ჩვენ, ვისაც გვჯეროდა, რომ ყველა შიში დაძლეულია,
დღეს შეგვეშინდა:
უჩვენო ქუჩების,
უჩვენო სახლების,
უჩვენოდ ამოსული მზის…
ახლა ვსხედვართ და ვფიქრობთ, რომ:
თურმე რამდენი რამ გამოგვიტოვებია;
ამ უსასრულო გადარბენებში დაგვვიწყებია,
რომ ადამიანად მოსვლის ერთადერთი გამართლება –
სიყვარულია…
და ახლა,
როცა სამყარო ოთხ კედელში მოექცა მხოლოდ,
მეხსიერების შორეული კუნჭულებიდან ამოტივტივდა ფრაზა,
როგორც იმედის მარადიული შუქი:
“შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით” .

 

 

 

 

1 2 3