,,მკითხველს საშუალება უნდა მივცეთ, რომ თავად გაიკვლიოს გზა რომანში, ლექსსა თუ მოთხრობაში, რომელთა შინაარსიც იმისდა მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, კითხვის რა რუკას აირჩევს იგი.“

მილორად პავიჩი

 

,,…სინამდვილე მხოლოდ აწმყოში არ არის,“ – ამ სიტყვებს ნანა აბულაძის ახალი წიგნის  ბოლოსკენ შეხვდებით. ავტორი დარწმუნებულია, რომ ეს ჭეშმარიტება მკითხველმა  ისედაც იცის. თუმცა, თავად ავტორი მანამდე ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მკითხველი სინამდვილის დრო-სივრცით შემოუსაზღვრელ ბუნებაში დაარწმუნოს და ამისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გზას ირჩევს. ეს გზა ბიბლიური პერსონაჟებისკენ მიგვიძღვება, ცნობილი სახელებისა თუ სახეებისკენ, ოღონდ ახალი რუკით, ახალი აღქმით…

კრებული ,,ახალი აღქმა“ ხუთ მოთხრობას აერთიანებს და ამის მიუხედავად ტერმინი ,,მოთხრობების კრებული“ საგანგებოდ არ გამოვიყენე. საქმე ისაა, რომ აღნიშნული წიგნი ჟანრების მიჯნაზე დაწერილი ნაწარმოები უფროა, ვგულისხმობ იმას, რომ თითოეული მოთხრობა, ცალკე აღებული, დამოუკიდებელი, თვითკმარი ტექსტია და ეს წერილიც თავისუფლად შეიძლებოდა დაწერილიყო თუნდაც რომელიმე ერთზე; მაგრამ, გარდა იმისა, რომ თავად ავტორმა ამ მთლიანობის აღსაქმელად მუსიკა გამოიყენა, ვფიქრობ, რომანული მთლიანობა მუსიკის გარეშეც საგრძნობია და ავხსნი, როგორ:

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ტექსტი 21-ე საუკუნეშია დაწერილი, ეპოქაში, როცა პოსტმოდერნული ,,ქაოსი“ ავტორებს ლინეალური სწორხაზოვნებისგან, აუქტორიალური თხრობისგან, მონოლითური და შეკრული ნარატიული სტრუქტურისგან ათავისუფლებს. ასეთ ფონზეც ,,ახალი აღქმა“ კომპოზიციურად იმაზე მწყობრი ტექსტია, ვიდრე ზოგიერთი  თანამედროვე რომანი. თავიდან ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, თითქოს მოთხრობები ერთ ქრონოტოპულ ხაზს მიჰყვება, მეტიც, ერთგან ნახსენები ამბავი მეორეშიც გახმიანდება, ერთ მოთხობაში (,,მარიამი დავითის ტომიდან“) შედარებით ,,უხმო“ პერსონაჟი შემდეგ მოთხრობაში (,,ანას საიდუმლო“) საკუთარი ხმით მოგვევლინება  და ა.შ.

აქვე ჩნდება რომანული მთლიანობის აღსაქმელი მორიგი ნიშანი, კერძოდ, პოლიპერსპექტიული ნარაცია ანუ ,,ნარატივში აისახება თავად პროტაგონისტთა თვალთახედვიდან აღქმული სინამდვილე, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტორი უკვე თავად პროტაგონისტის თვალით ჭვრეტს საგნებსა და მოვლენებს და არა როგორც დამოუკიდებელი მთხრობელი ინსტანცია“ [ბრეგაძე, ტრადიციული VS არატრადიციული რომანი]. ნანა აბულაძემ ჯერ კიდევ თავის სადებიუტო რომანში ,,აკუმი“ შემოგვთავაზა ცხრა პერსონაჟის პერსპრექტივიდან დანახული ამბავი ისე, რომ თითოეულ პერსონაჟს საკუთარი სიმართლე, საკუთარი ხმა ჰქონოდა და მოულოდნელი არ ყოფილა, რომ ბიბლიურ გმირებთანაც მიღწეულია ეს პოლიფონია. არაერთგზის გვხვდება შინაგანი მონოლოგების, განცდილი მეტყველების, ცნობიერების ნაკადის შემთხვევები. მაგ.: ბეთლემში მიმავალი ორსული მარიამის ფიქრები: ,,მთები. მთები და კლდეები. ვინ ავა მაღალ მთაზე და უმღერს უფალს დიდებას. მთები. სამარია. სამარიელები სძულთ. რატომ სძულთ სამარიელები? რას აშავებენ? ღმერთს იერუსალიმში არ ეთაყვანებიან. ღმერთი მხოლოდ იერუსალიმშია? ღმერთი ჩემს მუცელშია. სადაც მე ვარ, ღმერთიც იქაა…“; სხვადახვა ხმის მიერ მარიამ მაგდალელისადმი წარმოთქმული სიტყვები: ,,შვილად არ ვარგოდი, მშობლად ვერ ივარგე! ქალწულად არ ვარგოდი, ქალად ვერ ივარგე!“; ანას ბავშვობის მოგონებები: ,,ვხედავ ჩემს თავს, გველის ხვრელთან ჩაცუცქულს, ხელსა ვყოფ და იმას ვაზრობ, აბა, რა და რომელი ამოჰყვება. არ ვიცი, რომ იკბინება გველი, არ ვიცი, რომ ქალწული ვარ და ასეთი რამეების ქმნა ჩემთვის არა ხამს…“ და ა.შ.

თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი, რაც ამ მოთხრობებს ამთლიანებს, მარტივად შესამჩნევი კანონზომიერებიდან (ყველა მოთხრობის პროტაგონისტი ქალია) გამომდინარე გაკეთებული დასკვნაა: თანამედროვეობაში გააქტიურებულ და გააქტუალურებულ პრობლემებს იმაზე ღრმა ფესვები აქვთ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და სქესით განსაზღვრული ბედისწერის ტრაგედიაც სწორედ მაშინ იწყება, როცა სამყაროში პირველი ქალი ჩნდება. ავტორი გვიჩვენებს, რომ ბიბლიურ ქალებს თანამედროვე ქალებზე ნაკლებად (მეტად თუ არა) როდი უწევთ გამკლავება თვითდამკვიდრების, სამყაროში საკუთარი ფუნქციის განსაზღვრის (ფუნქციის ქონა ხომ ასეთი აუცილებელია!), რეალური სურვილების სტერეოტიპული სურვილებით ჩანაცვლების სირთულესთან. აღმოჩნდება, რომ მარიამ ღვთისმშობელს ყველა სხვა ქალის მსგავსად ეშინია მოულოდნელი დედობის; ბერენიკესაც ეშინია, ოღონდ მარტოობისა, არავის შვილად, არავის ცოლად ყოფნისა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის, როგორ უნდა იყოს მარტო, როგორ უნდა იყოს არავინ; ანა ყველა სხვა ქალზე ადრე დადგება იმ ფაქტის წინაშე, რომ მის ქმარს სხვა მამაკაცთან აქვს სექსუალური კავშირი და რადგან ანა პირველია, სქესით გავლებული საზღვრების მკვიდრია, სხვა გზა არ დარჩენია, გარდა ფიქრისა: ,,ტყუილია! ტყუილია ეს ყველაფერი! უძინარი ვიყავი, განაწამები, ამიტომაც მეზმანა.“

სინამდვილეში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ტექსტში არაფერია ტყუილი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ნამდვილად მხატვრული გამონაგონია, მაგრამ ეს გამონაგონიც იმდენად დამაჯერებლადაა მოთხრობილი (ისტორიული, გეოგრაფიული, ეკონომიკური დეტალების დაცვითა და გათვალისწინებით), მკითხველს ეჭვი აღარაფერში ეპარება.

,,სულო ჩემო, შენში ვზომავ დროს“ [ნეტარი ავგუსტინე, 1995: 245] -,,ახალი აღქმის“ პერსონაჟებსაც თავიანთი დრო აქვთ, თავიანთი სულის შესაბამისი, თუმცა დროის მოუხელთებელი ბუნების ერთ-ერთი გამოხატულება ისიცაა, რომ რიგი თემები და პრობლემები დროსთან ერთად ათასწლეულებში მონაცვლეობენ, იცვლიან ადრესატებს, თანაგანმცდელებსა თუ განმსჯელებს, მაგრამ რატომღაც ისე გამოდის, რომ დროისგან განსხვავებით არყოფნისკენ არ მიილტვიან (,,დრო მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ არყოფნისკენ მიილტვის“ [ნეტარი ავგუსტინე, 1995: 233]), იქნებ იმიტომ, რომ ადამიანები არ აძლევენ წასვლის უფლებას? ნანა აბულაძის ,,ახალი აღქმა“ ახალი პასუხების შეთავაზებაა მკითხველისთვის, ოღონდ მხოლოდ იმათთვის, ვინც მზადაა სიახლისთვის.

ამ წიგნზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა.  იმედი მაქვს, დასაფიქრებელს და აღმოსაჩენს   თავადაც მრავლად იპოვით ტექსტში. სხვა თუ არაფერი, რუკის არჩევა თქვენზეა.. და უკეთესი თავგადასავალი რომ გამოგივიდეთ, მხოლოდ პატარა მინიშნებით დაგეხმარებით, ცხადია, ისევ ,,ახალი აღქმიდან“: ,,წარმოიდგინეთ, ვითომ ჩიტები ხართ, თავისუფლები. არაფერი გზღუდავთ. წარმოიდგინეთ და გაფრინდით“.

გაფრინდით?..