აღდგომა ალბათ საზოგადოების სეკულარული ნაწილისთვის ყველაზე საყვარელი ქრისტიანული დღესასწაულია, რადგან ოთხდღიანი უქმეები სხვა არცერთ ღირშესანიშნავ თარიღს არ ახლავს ბონუსად. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების კალენდრულ დღეს მოყვება მიცვალებულების მოსახსენებელი ორშაბათი, რომელიც ამავე პათოსით და ონტოლოგიური დატვირთვით უნდა გრძელდებოდეს, თუმცა პირადად მე საბურთალოს სასაფლაოზე მსგავსი ფენომენი არასოდეს შემინიშნავს.

რამდენიმე წლის წინ ბიბისიმ რეპორტაჟი მოგვიძღვნა, სადაც გადაღებული იყო, თუ როგორ გარდაიქმნება სანადიმო ტერიტორიად საფლავი და სიფხიზლესთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ უკვე რეკრეაციულ ზონადაც გადაიქცევა, სადაც გამოძინებაც მოსულა. თუმცა, ეს რადიკალური და ეთიკისგან დისტანცირებული ჩარჩოა, მის მიღმა არის უბრალო ჭიქის წაქცევა, რომლითაც სინანული გამოიხატება მიცვალებულის მიმართ და აქა-იქ დრამატული ეპიზოდებიც ვითარდება, რასაც გლოვა ქვია. ანუ თავდაპირველი ნარატივი,  სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ზეიმი, ვალიდაციას კარგავს.

 

 

მექსიკაში ამ მოცემულობას იდეალურად აღასრულებენ თავიანთ მსგავს დღესასწაულზე, რომელსაც „გარდაცვილილების დღეს“ უწოდებენ. ადგილობრივები სტუმრობენ ახლობლების საფლავებს და ყვავილებით, ტრადიციული საკვებით, სანთლებით თუ სათამაშოებით რიტუალურად მიაგებენ პატივს სიცოცხლეს. მათი ვიზიტი გარდაცვლილებთან დაცლილია სამგლოვიარო სევდისგან, პირიქით, ის წარმოადგენს მხიარულების სარბიელს. სიკვდილთან სიახლოვეს ხუმრობით, ფამილიარულად, უდარდელად გამოხატავენ. ანუ მთავარი იდეა  არა გარდაცვლილის  დატირებაა, არამედ ადამიანის  ცოცხლადყოფნის ბედნიერება.

 

 

ნილ გეიმანი თავის ნოველაში “საფლავის წიგნი”, სასაფლაოზე, მკვდრების მიერ გაზრდილი ბავშვის ისტორიას ყვება და ამ ერთი შეხედვით შემაძრწუნებელ გარემოებას საოცარი მხიარულებით, სიმამაცით და კეთლშობილებით აღგვიწერს. მთავარი პერსონაჟი, ბოდი, იზრდება გარემოში, სადაც სიკვდილს ყოველდღე სახეში შესცქერის, ყოველდღიურობა მის არსებობას არ ავიწყებს. სწორედ ამის გამო, ის ყველაზე ჰეროიკულ და სანიმუშო პერსონაჟად ყალიბდება, რადგან სიცოცხლის მშვენიერების აღქმა და დაფასება იმათზე უკეთ შეუძლია, ვინც სიკვდილის მიმართ მხოლოდ შიშითაა აღვსილი და მაქსიმალურად ცდილობს დისტანცირებას, მასზე ფიქრიც კი არ უნდა.

 

1 2