არადა, რამდენად პარადოქსულია ქრისტიანობისთვის სიკვდილის მიმართ ტრაგიკული განწყობები მაშინ, როდესაც რელიგია გვარწმუნებს, რომ სიკვდილი დასასრული არ არის. ზემოთთქმული პარადიგმა საუკეთესოდ აქვს ილუსტრირებული მარტინ სკორსეზეს ფილმში „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“, რომელიც ალბათ საუკეთესო ნამუშევარია, რაც ქრისტიანული ვნებების შესახებ შექმნილა. ფილმში მესიას ჯვარზე გაკვრას პატარა გოგონად გარდასახული ეშმაკი გადააფიქრებინებს. ქრისტე ადამიანურ ცხოვრებას იწყებს, მარიამ მაგდალინელს მოიყვანს ცოლად, ოჯახს შექმნის, შემდეგ სტანდარტულ ადამიანურ ცოდვებსაც სჩადის, მაგალითად, ცოლს ღალატობს. მოგვიანებით მაგდალინელი კვდება, ქრისტე ხელახლა ქორწინდება, ამასობაში მოწაფეები მიატოვებენ და საბოლოოდ მოხუცებული, საწოლში სიკვდილის პირას მყოფი, იუდას დახმარებით გაიაზრებს, თუ რატომ არის აუცილებელი მისი ჯვარცმა. და ესაა ერთადერთი შემთხვევა კინოს ისტორიაში, როდესაც ქრისტეს სიკვდილი, არა როგორც ტრაგიკული მოვლენა, არამედ როგორც ტრიუმფი, ისეა ნაჩვენები.  ფილმში სიკვდილზე სიცოცხლით გამარჯვება  მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომით კი არ ხდება – სიცოცხლით სიკვდილზე გამარჯვების აქტი იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტე საკუთარ ხორციელ ვნებებს სხვებზე ზრუნვის მოტივით უკუაგდებს. მოწამეობრივ ხვედრს იტვირთავს არა იმიტომ, რომ ესაა მისი დანიშნულება, არამედ იმიტომ, რომ ირწმუნებს ამის საჭიროებას და გააზრებულად შეეგებება სიკვდილს.

 

 

რასაკვირველია, ძალიან რთულია სიკვდილი დავცალოთ ტრაგიკული შეგრძნებებისგან, სინანულისაგან, ტკივილებისაგან, რასაც ახლობელ ადამიანებთან სამუდამო განშორება იწვევს. მაგრამ შეგვიძლია, მისი კონცეპტი გარდავქმნათ და გამოვიყენოთ პრემიუმ ხარისხის საწვავად, რომელიც ცხოვრებაში მანევრირების მეტ ენერგიას და მისწრაფებებს შეგვძენს. საფლავზე მისულებმა, უმჯობესია, სიკვდილზე ვიფიქროთ, როგორც  სიცოცხლის უკეთესად წარმართვისათვის საჭირო ენერგიაზე, ვიდრე იმის წინაპირობაზე, რომ ფიზიკურ გარდაცვალებამდე ყოფიერება უფუნქციო გავხადოთ.

 

 

1 2