ევროპის პირმშო

ჩვენი ფილტვები ხარბად იწოვს დღის სიცხოველეს,
ხოლო თვალები ვარდობისთვის სიმწვანით ღვივის,
ჩვენ უკეთესნი ვართ იმათზე, ვინც დაიღუპა.

ისინი ვართ, ვინც აგემოვნებს აღმოსავლურ სამზარეულოს,
ვინც ალერსის ხელშეუხებ ნიუანსებს იჭერს,
ჩვენ იმათზე უკეთესნი ვართ, ვინც საფლავში წევს.

ცეცხლოვანი მღვიმეების და მჩხვლეტავი მავთულხლართების
მიღმა ტყვიები წუიან მუდმივ შემოდგომისა,
ჩვენ ეშმაკობამ გვიშველა და ცხოვრების ცოდნამ.

სხვებს შეხვდათ არე ნატყვიარი და ნაცეცხლარი,
და ჩვენი სიტყვა, რომ მტკაველიც კი არ დაეთმოთ,
ჩვენ კი გვერგუნა აზრი მუდმივ განწირულების.

არჩევანი გვქონდა ასეთი: სიკვდილი ჩვენი ან მეგობრისა,
ამ ორთაგან უკანასკნელს ვარჩევდით ხოლმე.

ჩვენ ვრაზავდით გაზის კამერას, პურს ვიპარავდით,
რადგან ვიცოდით, ხვალინდელი დღე დღევანდელზე უარესია.

ვით განუწესდათ ადამიანებს, ჩვენც განვკარგეთ ავი და კარგი,
ჩვენი ბრძნული უნამუსობა უმსგავსოა და უმაგალითო.

ჩვენ იმათზე უკეთესნი ვართ, ვინც იყო სუსტი და უზაკველი,
ვინც იყო წრფელი და გულუბრყვილო და არ იცოდა ცხოვრების ყადრი.

 

გამოთხოვება

დუმილის ჟამი მიიწურა და ახლა ვამბობ:
არ არსებობს-მეთქი ვერონა,
ხელისგულზე აგურის მტვერი ჩამოვიფერთხე –
აი, რა დამრჩა ამ ქალაქების სიყვარულიდან.

ბაღიდან აღწევს შენი სიცილი,
გაზაფხულის სუნი იფრქვევა დამათრობელი.
ბევრს არ სჯეროდა გადარჩენის
და იმათი ლანდიც კი გაქრა.

უნდა იცოდე, ეს უფრო ღამით თუ მოხდება,
ნაშუაღამევს გაღვიძებული იკითხავს ხოლმე,
გაუმაძღარო გულო, მეტი რაღა გინდაო,
გაზაფხულია, ბულბულების სტვენა მოისმის.
ბაღში იფრქვევა ბავშვის სიცილი.
პირველი და უსუფთავესი ვარსკვლავები
გაბრდღვიალდნენ ჯერარგახსნილ სიშორეებში.
და ჩემს ბაგეებს დაუბრუნდა ძველი მოტივი,
კვლავ ჭაბუკი ვარ, ვარ ვერონაში.

ვეღარაფერს ვერ დავიბრუნებ,
რომეოს და ჯულიეტას ვერ გამოვაღვიძებ,
მათი ხელები ერთმანეთში გადახლართული
ფერფლად იქცა და აღარ აღდგება.
ცარიელი ტაძრები სდუმან
და მათ შორის უპატრონო, ზორბა კატები
ხეტიალობენ მოციმციმე სინათლის შუქზე,
ჩანგრეულ თაღზე ბუკიოტი ბუდეს გამართავს.

დე, ცხელ შუადღეს უხსენებელმა
გაისრიალოს ზანტად ბალახში.
ო, ღმერთო ჩემო, რაღა დამრჩება,
სიჭაბუკეს და გაზაფხულებს თუ დავეხსენი,
მარწყვის მდელოებს თუ გავექეცი,
სიმღერებს თუ ვაქციე ზურგი
და ღვინოების ნელსურნელება თუ მოვიძულე,
თოლიების შეყივლებას და მათდა კვალად
შავი მზეების ნათებას თუ ვაქციე ზურგი.

ო, შვილო ჩემო, დამიჯერე,
არაფერი აღარ დამრჩება,
მხოლოდ ჯაფა,
მხოლოდ გარჯა მამაკაცური.

 

ბედი

აბა, მითხარი, რკო და მუხა განა ერთია?
ასევე გვიმრა სულ სხვა არის, სხვაა ნახშირი,
სხვა არის წვეთი და ზვირთები, ზღვას რომ ერთვიან,
მეტალს და ბეჭედს უმნიშვნელო თუ აქვთ კავშირი.

ძველი ბწკარების აღარ მიღირს დღეს გახსენება,
არც ძველი გრძნობის გაღვივებით მსურს ფუჭად დავშვრე,
ძველი ლექსები ბედს მივანდე, როგორც მენება,
და ის ქალებიც სხვებს უჩენენ დღეს უკვე ბავშვებს.

მე კი შემომრჩა, რაკი ტვირთის ვიყავ მზიდველი –
ნახშირი, მუხა, ბეჭედი და სწრაფი ზვირთები.

 

თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ

1 2 3