აზრი

როცა მოვკვდები, მე ვიხილავ ნაცნობ საგანთა
უკანა მხარეს. ჩვეულებრივ არ ჩანს საგნების
უკუფენილი და ნამდვილი აზრი, რადგანაც
ის საჩხრეკია, მისაწვდომი და მისაგნები
და, რადგან არ ჩანს ზედაპირზე და არც ადვილი
არის განჭვრეტა ამ საგანთა ფარულ არსების –
ეს მთა იქნება თუ ფრინველი, მათი ნამდვილი
აზრი უეცრად გაცხადდება მერე სავსებით.

მაგრამ იქნებდა, ის უკანა მხარე საგნების
არცკი არსებობს და აქვეა თავიც და ბოლოც,
მაშ, რაღა არის დასანახი და მისაგნები?
იქნებ ეს შაშვი, ტოტზე მჯდარი, შაშვია მხოლოდ
და ამის გარდა სხვა არაფრის არის ნიშანი,
დილას არ ახლავს რამე აზრი და არც დღის ბოლოს
ჩამომდგარ ღამეს, რომ აბნელებს ცარგვალს სიშავით?
და მიწა არის მხოლოდ მიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ,
წყალნი წყალნია და ქვიშანიც არის ქვიშანი?
ასეა განა? და თუ მართლა ასეა, მჯერა,
სიტყვაღა რჩება, მაინც სიტყვა, მომწყდარი ბაგეს,
ის შველას ითხოვს მყვირალი და ისწრაფვის ჯერაც,
და სივრცეებში გასასვლელად ყველა ბჭეს ანგრევს.

 

სიმღერა ქვეყნის აღსასრულისა

ქვეყნიერების უკანასკნელ დღეს
ფუტკრები ხარბად შესევიან ყვითელ ყვავილებს,
მებადურები თავგანწირვით ქსოვენ ბადეებს,
ბეღურები წყალსადენთან დასდევენ შხეფებს,
ხოლო ანკარა დასრიალებს კოინდარში ოქროცურვილი.

ქვეყნიერების უკანასკნელ დღეს
ჭრელქოლგიანი ქალიშვილები მინდორს სერავენ,
გაზონზე გდია მემთვრალე და ხმადაბლა ფშვინავს,
მემწვანილე დიასახლისებს მჭახე ხმით უხმობს
და მიცურავს კუნძულისკენ ნავი ყვითელიალქნიანი
და, რომ არ ელი, ჟღერს ვიოლინო,
ვიოლინო ფანტავს ბგერებს გაგიჟებული,
და ღამეც, ღამეც აბნევს ვარსკვლავებს,
ხოლო ის, ვინც მეხთატეხის ზარს ელოდება,
ვინც იგუმანა საყვირების ხმა გამყივანი
და ანგელოსთა გამოჩენა მოისაკლისა,
უმძრახად დგას და ვერ იჯერებს ქვეყნის აღსასრულს,
რადგან ჯერ კიდევ მზეც ბრდღვიალებს, მთვარეც ივსება,
რადგან ჯერ კიდევ დაჰბზუიან ვარდებს ბზიკები,
რადგან აკვნიდან ვარდისფერი ჩვილი იღიმის,
არა, არ სჯერა, ჯერ არავის არ სჯერა, არა,
რომ არსასრული ქვეყნის დამდგარა!

მხოლოდ ის კაცი, რომელიც ჰგავს წინასწარმეტყველს,
ბერიკაცი, ბოსტანში რომ უვლის ჩითილებს,
სხვა საქმით არის გართული და მხოლოდ ამიტომ
ვერ მოუცლია მას წინასწარმეტყველებისთვის.
ის დინჯად დადის კვლებს შორის და ხმამაღლა ამბობს,
რომ სხვანაირი აღსასრულის დღე არ დადგება,
მხოლოდ ასეთი თუ იქნება ქვეყნის ბოლო დღე,
და რომ სხვანაირ აღსასრულს ნურც მოველოდებით.

1 2 3