შეხვედრა

გზად გამოვედით თოვლჭყაპიან მინდორში სისხამს,
ბნელოდა და დღე შუქს იკრებდა სულ მისხალ-მისხალ.
ჩვენ წინ კურდღელმა გაირბინა, თითქოსდა შეკრთა
და მახსოვს, ხელი გაიშვირა ჩვენთაგან ერთმა.
ეს ადრე იყო, კვალიც გაქრა, გაქრა კურდღელიც,
აღარც ის არის, ვისიც იყო ჟესტი უთქმელი.
სად ხარ, ძვირფასო, რად არ დარჩა ერთი მისხალიც
იმ უთქმელ ჟესტის, თოვლჭყაპის და დილა სისხამის.

 

როგორ გასრულდა

ხანმოკლე მქონდა ღამეები
და დღეები მსწრაფლწარმავალი.
და სანთელივით მიინავლა წელი მრავალი.
ჩემი სათქმელი სულ ეს არის,
ჩემს ხელთ რაც არის,
რა ვქნა, მეტის თქმა ვერ მოვასწარი.

მას აქეთ, რაც კი მომიხელთა თეთრმა ვეშაპმა,
სხვაგვარი ყოფა და ცხოვრება გადამეშალა.
მე უკაცრიელ კუნძულებზე ვიწექ სილაში
და სივრცე ჩანდა, როგორც მირაჟი.

ახლა ვერ ვიტყვი,
თუ რა იყო, ანდა რა მსურდა, როგორ გავიდა ეს დრო,
ანდა როგორ გასრულდა.

 

რატომ შექმენი

არა, ღმერთმანი, ვერ გამიგია,
რატომ შექმენი შენ ეს სამყარო
კაცთათვის უცხო და ულმობელი,
რატომ შეძერწე შენ ეს სამყარო,
სადაც მონსტრები მძვინვარებენ
და დრო – ჯიუტი ზედამხედველი დუმს გამუდმებით.

არა, ღმერთმანი, მე არა მჯერა,
რომ შენ ამგვარი ქვეყანა გსურდა,
ეს ალბათ უფრო კოსმიური კატასტროფაა
ან ინერციის ძალმოსილება,
შენს ნებას რომ არაფრით არ ემორჩილება.

ო, მომანიჭე, ღმერთო, ძალა, მუდმივად მლოცველს,
ხომ იყო რაბი, ვინც ჩვენს მამად გიხსენიებდა,
და ის იყო დაუცველი ამქვეყნიურ კანონთ წინაშე,
დათრგუნული და თავლაფდასხმული.

1 2 3